ლარმა გამყარება დიდი სისწრაფით დაიწყო

ლარმა გამყარება დიდი სისწრაფით დაიწყო

2 დღეა ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით მყარდება. ტემპი იმაზე მაღალია, ვიდრე საპირიპირო პროცესის დროს იყო. კონკრეტული მიზეზები, თუ რამ გამოიწვია ლარის მკვეთრი დაცემა და ახლა მისი სწრაფი გამყარება, არ არსებობს. ოფიციალური პირების განცხადებები მოსახლეობისა და სპეციალისტებისთვის დამაჯერებელი არ არის. მით უფრო, რომ ეს განცხადებები ზოგადი ხასიათისაა.

ბოლო ორი დღის განმავალობაში ლარი ერთბაშად 157 პუნქტით გამყარდა და ახლა დოლართან 1.7653-ის ნიშნულზეა. ასევე გამყარდა ლარი ერთიანი ევროპული ვალუტის მიმართ. 7 თებერვალს ლარის ოფიციალური კურსი ევროსთან მიმართებაში 2.3877 იქნება, რაც წინა მაჩვენებელზე 0.0038-ით გამყარებული მონაცემია.

სავარაუდოდ, ლარი გამყარებას გააგრძელებს და საგაზაფხულოდ იმ ნიშნულს მიუახლოვდება, რომელი პარამეტრებითაც ბიუჯეტი არის დაგეგმილი. 2014 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,7 პუნქტით არის განსაზღვრული

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის შეჩერებულია.

„ასევე ამოწურულია საგარეო ფაქტორები - ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისგან მომავალი მაკროეკონომიკური გავლენები. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფასებს და ინფლაციას, ჩვენ 12 თებერვალს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც საპროცენტო განაკვეთებზე ვიმსჯელებთ.

ახლა ვართ ყველა მონაცემის გაანალიზების ფაზაში. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური პროგნოზი გადააჭარბებს ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებელს, დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას და ინფლაცია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განცხადებები ლარის კურსის მერყეობის პროცესის ხელოვნურობასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია.

აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს სებ-ში კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე იმსჯელებნ. თუკი ბოლო პერიოდში „შერბილებული“ განაკვეთის „გამკაცრება“ მოხდა, ლარი კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს.

სხვათა შორის, პოზიციების დაბრუნება რეგიონში მხოლოდ ლარს არ დაუწყია. ხანგრძლივი და დიდი დაცემის შემდეგ, ცოტათი მოფერიანდა თურქული ლირა. მაგალითად, 28 იანვარს თურქული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,3142 ლირა შეადგინა, ახლა კი გამყარების გზას ადგას.

ვალუტის შემდგომი დევალვაცია თავიდან რომ აეცილებინა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ერთდროულად სამი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, რეპოზე - 4,5%-დან 10%-მდე, კრედიტებზე - 7,75%-დან 12%-მდე, ხოლო დეპოზიტებზე - 3,5%-დან 8%-მდე.

უფრო ადრე კი ქვეყნის მთავარმა ბანკმა ორი მილიარდი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა სტაბილური კურსის შენარჩუნების ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა ალი ბაბაჯანმა აღნიშნა, ამერიკული ვალუტის გაძვირება დროებითი მოვლენაა და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, რუსეთსა და ლათინურ ამერიკაშიც, ფიქსირდება.

რაც შეეხება ლირას ლართან მიმართებას, პირველი იანვრიდან დღემდე მისი ღირებულება 81 თეთრიდან 79 თეთრამდე შემცირდა. თურქეთი საქართველოს სიდიდით პირველი სავაჭრო პარტნიორია. მასზე საქართველოს იმპორტის 17% მოდის (1 მილიარდ 346 მილიონი დოლარი).