კუს ტბის ყოფილმა მფლობელებმა, ილია კაკაბაძემ და რამაზ გიორგობიანმა სპეციალური პრეს–კონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ კუს ტბის მმართველი მათი კუთვნილი კომპანია ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ უკანონოდ მიისაკუთრეს.
ილია კაკაბაძემ და რამაზ გიორგობიანმა კუს ტბის ისტორია დეტალურად გაიხსენეს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ნამდვილი სახე. დღეს ის გამოდის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და ისე მოაქვს თავი, თითქოს ცამდე მართალი იყოს. ხარძიანი ამბობს, რომ ციხეში კუს ტბის გამო იჯდა, და რომ ეს ყველაფერი ნაციონალი გია უდესიანის ინტერესების გამო მოხდა. მაგრამ ავიწყდება, რომ ამ ქვეყნად ვარსებობთ ჩვენ, ხალხი, რომლებიც ხარძიანმა, ბუბა კიკაბიძის დახმარებით, მოტყუებით და თაღლითობით კუს ტბის მმართველობიდან გაგვიყვანა და „გადაგვაგდო“. ხარძიანი ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ძალით მიაღებინეს და როგორც მომხმარებელი, ამის შემდეგ დააკავეს. ჩვენთვის, კი, ვინც ვიცნობთ ამ პიროვნებას, უკვე ესეც ძნელად სარწმუნოა, რამდენადაც ძალიან ხშირად შეგვინიშნავს იგი არაფხიზელ და არაადეკვატურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ილია კაკაბაძემ.
მისივე თქმით, შპს „კუს ტბა“ 1995 წელს ჩამოაყალიბა და კუს ტბის ტერიტორიას იჯარის უფლებით მართავდა. „ჩვენ კუს ტბის განვითარება გვინდოდა და ინვესტორს ვეძებდით. გამოჩნდა ბუბა კიკაბიძე, რომელმაც თავზე აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, მაგრამ ვერაფერი გააკეთა და შემდეგ მის ნაცვლად გამოჩნდა ეს ხარძიანი. იყო დაპირებები და შეთანხმებები, რომ მათი ინვესტიციების შესაბამისად ისინი გახდებოდნენ მეწილეები. ინვესტიცია არ ჩანდა, მეწილეები კი გახდნენ, ოღონდაც - ოქმების გაყალბების და მიტაცების გზით. არავის გვეგონა, რომ ეს ხალხი ასე უნამუსოდ და უპიროდ ითავხედებდა. მათ იმდენი მოახერხეს, რომ მაშინ, როცა გასაჩივრების ყველა კანონიერი ვადა გასული იყო, სასამართლოს გაყალბებული ოქმების საფუძველზე მიაღებინეს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ახლა ვასაჩივრებთ ამ ყველაფერს და ნამდვილად არ მშურს იმ მოსამართლეს ვინც მაშინ ეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“, – ამბობს „კუს ტბის“ ყოფილი მფლობელი.
„კუს ტბის“ ყოფილი მფლობელები ხარძიანს და კიკაბიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხარძიანს ჰქონდა ბუბა კიკაბიძის მინდობილობა. რამდენიმე წლის შემდგომ კი კიკაბიძემ განაცხადა, რომ არ იყო საქმის კურსშიო და ამიტომ გაუფასურდა იმ შპს-ს ქონება, რომელშიც კაკაბაძე და გიორგობიანი იყვნენ თავიანთ სხვა პარტნიორებთან ერთად.
„ახლა, თურმე, ხარძიანი იმასაც ამბობს, თითქოს ჩვენ უდესიანის ინტერესებს წარმოვადგენთ. მას რომ ნამუსი არ აქვს, ეს უკვე ვიცით, მაგრამ ამას როგორ ამბობს?! – უდესიანი მან მოიყვანა, ისიც მას შემდეგ, რაც ჩვენ გადაგვაგდო. ხარძიანი უდესიანზე უარესი ტიპაჟია. გააკოტრა კომპანია, რომ შემდეგ მხოლოდ თავად დარჩენილიყო თავისი კომპანიით და სახელმწიფოსაც ატყუებდა. მაშინ, როცა რეალური შემოსავლები არსებობდა, ეს კაცი წლის ბოლოს ნულოვან ბალანსს აჩვენებდა.
ამ საქმეს გადაყვა ჩვენი ერთი პარტნიორი ალექსანდრე კვასხაძე. მისი გარდაცვალება ამ საქმეზე მის ნერვიულობას უკავშირდება. იგი 2007 წელს გარდაიცვალა, ექვსი თვის შემდეგ მის მეუღლეს მისცეს სამემკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც მას უნდოდა 6%–იანი წილის გადაფორმება საკუთარ სახელზე. რეესტრში პარტნიორთა კრების ოქმის ამონაწერი მომთხოვეს. დაიწერა ეს განცხადება პარტნიორთა კრების ჩატარების მოთხოვნით, რომ მერე წესისამებრ შესაძლებელი ყოფილიყო გარდაცვლილი ადამიანის წილის მის მეუღლეზე გადაფორმება. ხარძიანის სახელზე სამი დაზღვეული განცხადება გაიგზავნა. ქალბატონს პასუხი არ მისვლია. პასუხი ის იყო, რომ როცა ისევ მივიდა სამეწარმეო რეესტრში, აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლის 6 პროცენტი ჩამოუყვანიათ 0.17 პროცენტზე. მერე კი საერთოდაც უთხრეს, რომ მის მეუღლეზე არაფერიც აღარ ირიცხება. ე.ი. გამოვიდა, რომ მიცვალებული გაძარცვეს. ყველა მოისყიდეს და გაყალბებული საბუთებით მკვდარი გაძარცვეს“ – აცხადებენ „კუს ტბის“ ყოფილი მფლობელები.
მათი თქმით, ისინი, როგორც დაზარალებულები, აპირებენ პროკურატურისთვის საჩივრით მიმართვას, როგორც ხარძიანისა და კიკაბიძის, ისე მოსამართლე კალანდაძის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის დროზე, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო.