აფხაზეთში რელიგიური სკანდალი მწიფდება

აფხაზეთში რელიგიური სკანდალი მწიფდება

20-წლიანი დუმილის შემდეგ ადგილობრივი ისტორიკოსები რუს სამღვდელოებას ილორისა და დრანდის ტაძრებში ჩატარებული რესტავრაციის გამო ღიად უპირისპირდებიან.

საქმე ისაა, რომ ე.წ. რესტავრაციის გამო, ქართულმა ძეგლებმა პირვანდელი იერსახე მთლიანად დაკარგეს და რუსულ საბორებად გადაიქცნენ. მართალია, აფხაზები დღემდე ცდილობენ, უძველესი ქართული ძეგლები ბიზანტიურად წარმოაჩინონ, მაგრამ რუს სამღვდელოებასთან მათი კრიტიკული დამოკიდებულება უკვე აშკარაა, რადგან უშუალოდ რუსეთიდან ჩასულ სასულიერო პირთა მეშვეობით განხორციელდა დრანდა-ილორის დანაშაულებრივი რესტავრაცია.

დეფაქტო აფხაზეთის მეცნიერები შეიკრიბნენ და კონკრეტული ფაქტებიც გაახმაურეს. კერძოდ, აფხაზეთის დეფაქტო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი გარი სანგულია აცხადებს: „მე მესმის, რომ აფხაზეთის მთავრობამ 2010 წელს რუს სასულიერო პირებს ეკლესიები უვადო განკარგვით გადასცა, მაგრამ მათ განკარგვა მფლობელობად აღიქვეს. როგორ შეიძლება, მათ ეკუთვნოდეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდგარი ძეგლები და ისე იქცეოდნენ, როგორც მოესურვებათ?! თუ ეს შეთანხმება ჩვენს კულტურას საფრთხეს უქმნის, მაშინ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს“.

გარი სანგულიას თქმით, დრანდაში უძველეს სანათლავს რუსმა სასულიერო პირებმა რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დაადგეს, ამის აღსაკვეთად მან მაშინვე მისწერა აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას, მაგრამ რუსებმა არ შეაჩერეს მუშაობა და კონსტრუქცია გარედანაც მოაპირკეთეს.

აფხაზი ისტორიკოსი ქალბატონი კი აცხადებს, რომ მან პირადად არაერთგზის გააფრთხილა მამა ანდრეი სტრუცკინი, ამ ეკლესიებში სამუშაოები შეეჩერებინა და სპეციალისტებთან შეეთანახმებინა ყველაფერი, თუმცა მან არც კი მოუსმინა და რა შედეგიც დადგა, ყველამ იცის.

გამორიცხული არ არის, მალე ის შეთანხმებაც გადაიხედოს, რომლის საფუძველზეც აფხაზებმა რუს მღვდელმთავრებს ილორისა და დრანდის განკარგვის უფლება გადასცეს. ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, მეცნიერებმა არაღიარებულ რეჟიმს უკვე მიმართეს.

თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმელ მეცნიერთა პოზიცია დაგვიანებულია.

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ბეჟან ხორავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ქართულ ძეგლებს უკვე დაკარგული აქვთ ავთენტურობა და რუსულ სამრევლო ეკლესიებს დაამსგავსეს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, აფხაზი მეცნიერებიც შეწუხებულნი არიან რუსი სამღვდელოების მბრძანებლობით აფხაზეთში და ამიტომაც დაისვა ეს საკითხი.

ქართველი მეცნიერი აცხადებს, რომ ილორის ეკლესიაში ქართული წარწერები გადაღებეს (ილორში სამივე სახეობის ქართული ანბანია დაფიქსირებული - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული), შეათეთრეს ფრესკები, შეცვალეს ინტერიერი, ექსტერიერი. გარდა ამისა, ილორის ეკლესიას გაუკეთეს წითელი ზოლები და რუსულ სამრევლო ეკლესიას დაამსგავსეს. გაუკეთეს გუმბათი, რაც მე-11 საუკუნის დარბაზული, ქართული ეკლესიისთვის სრულიად უცხოა. ასევე, შეცვლილია დრანდის ეკლესიაც.

„არა მგონია, აფხაზი ისტორიკოსების დაგვიანებულმა რეაქციამ რადიკალურად რაიმე შეცვალოს. უბრალოდ, შეიძლება რუსმა სამღვდელოებამ ცოტათი თავი შეიკავოს. ბუნებრივია, რუსებს სურთ, ქართულმა ძეგლებმა პირვანდელი იერსახე დაკარგონ. თუ რატომ გამოდიან ახლა აფხაზი მეცნიერები რუსი სამღვდელოების წინააღმდეგ, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ადრე ისინი მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთზე და ახლა ცდილობენ მათგან დისტანცირებას, თითქოს, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო და თითქოს, დამოუკიდებელ საეკლესიო და რელიგიურ პოლიტიკას აწარმოებენ. ჩვენმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იუნესკოს უნდა მიმართოს და მათ უნდა დაიცვან ეს ძეგლები ჩარევისგან, რადგან ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება ამ ძეგლებზე. სხვათა შორის, ბედიასთან დაკავშირებითაც მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს იუნესკოს და ჩასულებიც იყვნენ იქ, მაგრამ იუნესკოს წარმომადგენლები ისე კარგად არ იცნობენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, არ იციან მათი თავდაპირველი იერსახე და შემდგომი ცვლილებები. თანაც, მათ მეგზურობას უწევდნენ აფხაზი მეცნიერები“, - განმარტავს ბეჟან ხორავა.

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. რესტავრაცია პირველად ილორში განხორციელდა და ამ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შესრულებული ხუთი-ექვსი ასომთავრული ქართული წარწერა დღეს უკვე აღარ ჩანს. მხოლოდ ერთი მხედრული წარწერა ჩანს, თუმცა ისიც ძლიერ დაზიანებულია. გარშემო კი მთლიანად შეათეთრეს ტაძარი და ზემოდან დაადგეს რუსული ხახვისთავიანი გუმბათი. სავარაუდოდ, ეს 2011 წელს მოხდა.

რაც შეეხება დრანდას, ხელოვნებათმცოდნის თქმით, მიწის დონეზე შემორჩენილი იყო ძველი სანათლავი, რომელზედაც ზემოდან რკინა-ბეტონით დააშენეს ახალი სანათლავი და მოაპირკეთეს ქვის ფილებით. შედეგად, ადრეული შუასაუკუნეების სიძველე გააჩანაგეს. ამავე დროს, ეკლესია მთლიანად შეათეთრეს გარედან, რითაც დაამსგავსეს რუსულ ეკლესიას.

„კავკასიაში, საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთში, ეკლესიის ფასადების შეთეთრება ტრადიციულად არ ხდებოდა, რუსებისთვის კი ეს მიღებულია. დრანდაში არქეოლოგის დაუსწრებლად მიწის სამუშაოები ჩატარდა, მოიხსნა მიწა დრანდის გარშემო და დაზიანდა არქეოლოგიური ფენები. ეს ძეგლები საშიშროების ქვეშა. გამოსავლის ძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით, რასაკვირველია, ქართველებთან ერთად. ეს ძეგლები თავდაპირველ მდგომარეობაში უნდა აღდგეს. დანგრეულსა და მონგრეულს ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ გარეთა შესახედაობას მაინც შევუნარჩუნებთ. ბედიაში ჩამოანგრიეს ბაგრატ მესამის ფრესკა და დადიანების ოთხსტრიქონიანი, ასომთავრული წარწერა. ამას რაღას ვუშველით, მაგრამ ამ ორ ტაძარზე უნდა მოიხსნას ახლად გაკეთებული ემბაზი, შეთეთრება ჩამოიხსნას, ყალბი გუმბათი მოშორდეს ილორს და დაემსგავსოს ქართულ ტაძარს, როგორც ადრე იყო“, - აცხადებს გიორგი გაგოშიძე.

ამასთან, დადებითად აფასებს იმ ფაქტს, თუკი აფხაზები გადახედავენ რუსებთან დადებულ ხელშეკრულებას. მისი თქმით, ეტყობა, აფხაზებიც მიხვდნენ, რომ საშიშრობა ელით, რადგან რუსებმა გადაუთეთრეს და დაუმახინჯეს ძეგლები. თუმცა იგი ეჭვობს, აფხაზებმა რამეს მიაღწიონ, რადგან ძალზე დამოკიდებულნი არიან ოკუპანტ ქვეყანაზე.