ქართლში გადანახული მოსავლის მოყინვის საფრთხეა

ქართლში გადანახული მოსავლის მოყინვის საფრთხეა

შიდა ქართლში განსაკუთრებულმა ყინვებმა დამატებითი პრობლემა შექმნა. გლეხები პროდუქციის რეალიზაციას რის ვაივაგლახით ახერხებდნენ, ახლა გზა-კვალიც გაუარესდა და გადანახული ჭირნახულის მოყინვის საფრთხე გაჩნდა.

ადგილობრივ ფერმერებს ვაშლის მოსავალი სარდაფებში აქვთ შენახული, ძლიერი ყინვის გამო კი მათ ყუთების შეფუთვა დაიწყეს. ხილის მოყინვის შემთხვევაში მოწეული მოსავალი გადასაყრელი გახდება. შემოდგომიდან მოყოლებული დიდი პრობლემა იყო ის, რომ ვაშლის დიდი მოსავლი რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა, ახლა კი საერთოდაც ახალი საზრუნავი გაუჩნდათ.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვაშლი ისედაც ფუჭდება, გლეხები კი ვერც ადგილობრივ და ვერც რუსეთის ბაზარზე ხილის რეალიზაციას ვერ ახდენენ. რუსეთის ბაზარზე ქართული ვაშლის გატანას მხოლოდ მსხვილი ფერმერები ახერხებენ, მცირე მეწარმეები კი შიდა ბაზარზე ფასის მატებას ელოდებიან. ადგილობრივი ფერმერი დავით კიტრიაშვილი ამბობს, რომ ხილის გადამამუშავებელ ქარხნებს უხარისხო ხილის დიდი ნაწილი მიზერულ ფასად მიაქვთ, მაგრამ ეს გლეხებისთვის მაინც ერთგვარი შეღავათია.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ოქტომბრიდან, ხილის ექსპორტისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა შიდა ქართლელებს არაფერი დატყობიათ. სადაცაა გაზაფხული მოვა და ხილის გაყიდვა დღესაც მხოლოდ შიდა ბაზარზე ხდება და ისიც დაბალი ფასით.

შარშან მთელი წლის განმავლობაში რუსეთში სულ 49 ტონა ვაშლი გაიგზავნა. ეს სულ 3 სატვირთო მანქანაა. გორელები ვითარების გამოსწორებას წინასაახლწლო დღეებში ელოდნენ, მაგრამ არც მაშინ და არც ნაახალწლევს ვითარება არ შეცვლილა. ამჟამად 1 ყუთი (20-22 კილოგარმი) მაღალი ხარისხის ვაშლის ღირებულება 7-10 ლარია. უფრო ხშირად კი 5-6 ლარად იყიდება. გორის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ვაშლის რეალიზაცია გააქტიურდა, დისტრიბუტორებს იგი აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში გააქვთ, მაგრამ გლეხებამდე ამ დისტრიბუტორებმა ჯერ ვერ მიაღწიეს.

მცირე ფერმერები ახლა ადგილზე გადამყიდველების ჩასვლას ელოდებიან. 2008 წლის აგვისტოს ომამდე გორის რაიონის სოფლებში გადამყიდველები ცხინვალიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ჩადიოდნენ და ქართული ვაშლი რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდათ. რუსეთის ბაზარი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ გახსნილია, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, ადგილობრივ გლეხს კი დიდი ხარჯის გამო თვითონ არ უღირს, რომ ვაშლი რუსეთში წაიღოს. ფერმერები რთული ვითარებიდან გამოსავლად სახელმწიფოს მხრიდან ვაშლის მოყვანის სუბსიდირებას ასახელებენ. ქართლელ გლეხებს ხშირად გული იმაზეც მოსდით, რომ კახეთში ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს, ვაშლს კი უყურადღებოდ ტოვებს. სხვათა შორის, შარშან, ყურძენთან ერთად, ციტრუსის სუბსიდირებაც მოხდა, ვაშლი კი ისევ გვერდზე დარჩა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ხუროშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ფერმერებმა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად უნდა იმოქმედონ და პირველ რიგში, ხილის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზაცია სულ უფრო გაჭირდება. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ვაშლი, ყურძენთან შედარებით, სტრატეგიული კულტურა არ არის და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სუბსიდიის გამოყოფა არ ხდება.

აგრარული კომისიის ინფორმაციით, წელს გორში 70 ათასი ტონა ვაშლის მოსავალი მიიღეს. დაახლოებით ნახევრის რეალიზაცია როგორც იქნა მოხერხდა, ნახევარი ისევ მყიდველს ელის. ამასობაში კი დრო იწურება და სეზონიც მთავრდება. სპეციალისტების აზრით, თუ ვაშლის რეალიზაცია ერთ თვეში არ მოხდა, ის გაფუჭდება. ბოლოს და ბოლოს გაზაფხული კარზეა მომდგარი და ვაშლისადმი ინტერესი თანდათან იკლებს.