შიდა გაურკვევლობა და 130 შენიშვნა ხუდონჰესთან დაკავშირებით

შიდა გაურკვევლობა და 130 შენიშვნა ხუდონჰესთან დაკავშირებით

ხუდონჰესმა სამთავრობო უწყებებიც კი ერთმანეთთან დააპირისპირა. გარემოს დაცვის სამინისტროს შემდეგ, კალაძის უკმაყოფილება უკვე სახალხო დამცველის აპარატის პოზიციამ გამოიწვია.

გიგანტური ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხათუნა გოგალაძის უწყებამ ენერგეტიკის სამინისტროს 130-მდე შენიშვნა გადაუგზავნა. გარემოს დაცვის მინისტრმა ენერგეტიკის სამინისტროს ურჩია, რომ მშენებლობამდე აღნიშნული შენიშვნები გაითვალისწინოს.

„ჩვენთან დოკუმენტი შემოსული იყო წინასწარი განხილვის ეტაპზე და წარვუდგინეთ ასზე მეტი შენიშვნა. შენიშვნების დიდი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმას, რომ ესა თუ ის კვლევა არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, სანამ ეს კვლევები არ იქნება წარმოდგენილი, რთულია საუბარი ზუსტად რა გარემოს დაცვითი საფრთხეები შეიძლება იყოს. ეს არის კვლევასთან დაკავშირებული საკითხები, გეოლოგია, სეისმოლოგია, მოსალოდნელი რისკების შეფასება და მათი თავიდან აცილება, ეს ყველა ისეთი შენიშვნაა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა გოგალაძემ.

მოკლედ, გიგანტური ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა სამთავრობო უწყებებშიც საკმაოდაა. გოგალაძისა და კალაძის უწყებათა „ჰარმონიული“ დამოკიდებულების ამბავი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამას ენერგეტიკის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის დაპირისპირებაც დაემატა.

ენერგეტიკის სამინისტრომ გაკვირვებულია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მითითებულია, რომ სამინისტრომ სახალხო დამცველთან და სვანეთის მოსახლეობასთან ხუდონჰესის პროექტით შესახებ შეხვედრაზე უარი განაცხადა. ომბუდსმენის აპარატმა იგივე ინფორმაცია გაავრცელა ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიაზე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიციალური მიმართვა სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სახალხო დამცველის აპრატიდან არ ყოფილა.

„გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ სახალხო დამცველის მკვეთრად გამოხატული პირადი პოზიცია სოციალურ ქსელებში ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან მას სამწუხაროდ, წინ არ უძღვის სახალხო დამცველისა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის კონსულტაციები, რისი მზადყოფნსაც, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ყოველთვის გაგვაჩნია. ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს და მის მიერ გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების თაობაზე, როგორიც არის ხუდონჰესი, მხოლოდ სათანადო კვლევების, შესწავლის, ანალიზის და კომპეტენტურ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად მიიღება.

გვსურს შევახსენოთ სახალხო დამცველს, როგორც საჯარო პირს, დაუშვებელია მოუმზადებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების გაკეთება ისეთი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია.

ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოთქვამს ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ აწარმოოს და გამართოს ობიექტური, სამართლიანი და კონსტრუქციული დისკუსია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძემ კი უჩა ნანუაშვილის განცხადებას სრული სიცრუე უწოდა.

„მინდა გამოვეხმაურე განცხადებას, რომელიც სახალხო დამცველმა ხუდონის თემასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი ხუდონჰესის თემაზე პროცესის კონსტრუქციული მოგვარებისა და დიალოგის დაწყების მომხრეა. სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, თითქოს, ენერგეტიკის სამინისტრომ და ინვესტორმა ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და არც ინვესტორს მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პირიქით, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და მე დავინიშნე ამ დარგის მინისტრად, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო და გვინდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფი. ჩემი მოადგილეც ჩასული იყო ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და მათ შევთავაზეთ ასეთი რამ: შევქმნათ გარკვეული ჯგუფი იმ პიროვნებებისგან, ვისაც ისინი ენდობიან და მომხდარიყო მინისტრთან შეხვედრა. მაშინაც ვაცხადებდი და ახლაც ვამბობ, ჩვენი სამინისტროს კარი მაქსიმალურად ყველასთვის ღიაა“, - ამბობს კალაძე.

ინვესტორი კომპანიის „ტრანს ელექტრიკას“ ოფისშიც აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ. ინვესტორი კომპანია ერთი თვის წინ საკუთარი ინიციატივით შეხვდა სახალხო დამცველს და მისი ოფისის წარმომადგენლებს ხუდონჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ვრცელი მასალა გადასცა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს არ ჰქონდა წაკითხული განცხადება, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა ხუდონჰესთან დაკავშირებით გაავრცელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა.

„კახა კალაძემ სახალხო დამცველის განცხადებას უწოდა სრული სიცრუე. მინდა, ვთხოვო კახა კალაძეს, მომავალში, როდესაც მსგავს გადაუმოწმებელ განცხადებას გაავრცელებს, პირველ რიგში, კონტაქტი დაიჭიროს საკუთარ პრესსამსახურთან, რადგანაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია და არ ჰქონდა წაკითხული განცხადება, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ომბუდსმენის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ორი დღის წინ, ხაიშის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობის თხოვნა ინვესტორ კომპანიას და ენერგეტიკის სამინისტროს გადასცეს.

„მოსახლეობის თხოვნა იყო, დიალოგი შემდგარიყო, გამართულიყო შეხვედრა სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიასთან და ასევე, მეორე თხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ უფრო მეტი დრო ყოფილიყო გამოყოფილი ე.წ. ყრილობის ორგანიზებისთვის, რომელიც დაანონსებული იყო რამდენიმე დღის შემდეგ.

შესაბამისად, განცხადება, რომლითაც ჩვენ ორივე მხარეს მივმართეთ, მდგომარეობდა იმაში, რომ დაწყებულიყო დიალოგი. სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტროსგან და ინვესტორი კომპანიისგან, ჩვენ უარი მივიღეთ“, - განაცხადა ნანუაშვილმა.