დამეწყრილ სოფელში დახმარების გარეშე!

დამეწყრილ სოფელში დახმარების გარეშე!

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, დაახლოებით 240 მილიონი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური ზარალი კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. საქართველომ კი მარტო მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად 1995 წლიდან მოყოლებული 2 მილიარდზე მეტი იზარალა, დაიღუპა 100-მდე ადამიანი.

ქვეყანაში 11 ათასი ეკომიგრანტია. ოდესღაც დასახლებული ტერიტორიები კი ნასოფლარებად არის ქცეული. ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ ადამიანები იქ ისევ ცხოვრობენ, რადგან არსად წასასვლელი არ აქვთ. ისინი მეწყერთან და სტიქიასთან პირისპირ არიან დარჩენილები.

ერთ-ერთი ასეთია სოფელი შარახევში, სადაც 20 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 6 ოჯახს მძიმე სოციალური პირობების გარდა, მეწყერის ჩამოწოლის შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. სოფელში არ არის სკოლა, მაღაზია, საბავშო ბაღი, აფთიაქი და ამბოლატორიული კაბინეტი. წლების განმავლობაში სოფელს არ ჰქონდა სამანქანე გზა, რის გამოც შარახეველების მძიმე პირობებს ესეც ემატებოდა.

სოფელი შარახევი დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია. იგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეკუთვნის. მეწყერი შარახევში 2010 წელს წარმოიქმნა და იმავე წელს სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა. მთიდან გამოსულმა წყალმა სოფელზე ერთი თვის განმავლობაში იდინა.

მანანა წიკლაური თიანეთის მუნიციპლიტეტის სოფელ შარახევში წლებია ცხოვრობს, ებრძვის მეწყერს და უმკლავდება მეწყერის მიერ დანგრეულ სახლს მარტო, ხელისუფლების დახმარების გარეშე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარახეველებმა არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით თიანეთის მუნიციპალიტეტს, დღემდე საშველი არსაიდან ჩანს.

„მეწყრმა მთლიანად გადაუარა ჩემს სახლს. საცხოვრებლად უვარგისი გახდა, წლებია სხვის ტერიტორიაზე ვარ შესახლებული და იქაც ცუდ პირობებში მიწევს ცხოვრება. ჩვენთვის არანაირი დახმარება არავის გაუწევია, ვითხოვდით და ვითხოვთ დღემდე დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. გვინდა, რომ მოგვაქციონ ყურადღება, შესაძლოა, მეწყერი კიდევ განმეორდეს. ერთ დღესაც დიდი უბედურება დატრიალდება და წაგვიღებს მეწყერი“, - ამბობს მანანა წიკლაური კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (СENN) წარმომდგენელთან საუბრისას.

მანანა წიკლაურის საცხოვრებელი სახლის გარდა, მეწყერმა შეიწირა სოფლის მიწის ნაკვეთებიც. მოსახლეობა ღვთის ანაბარა დარჩა. დაგილობრივი ლელა ლიქოკელი ამბობს, რომ ყველაზე მტკივნეული ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გულგრილი დამოკიდებულებაა.

„წლების წინ ჩვენს სოფელს საშინელი მეწყერი დაატყდა თავს. მთიდან გამოვარდნილმა წყალმა თითქმის ერთი თვე იდინა სოფელზე, გაგვინადგურდა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, რომელიც ერთადერთი საარსებო წყარო იყო ჩვენთვის, გვიჭირს უკიდურესად, თითქმის მოწყვეტილები ვართ გარესამყაროს. იმედიც აღარ გვაქვს, რომ ვინმე დაგვეხმარება“, - განმარტავს ლელა ლიქოკელი СENN-თან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად უამრავი თხოვნისა არასდროს, არანაირი დახმარება მუნიციპალიტეტებისაგან დაზარალებულ მოსახლეობას არ მიუღია.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ დავითაშვილი ამბობს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია თანხა, რომლითაც შარახევის მოსახლეობას გაუწევს შესაბამის დახმარებას.

„2014 წლისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლითაც მოხდება ამ მოსახლეობის დახმარება. სამინისტრომ მოგვთხოვა შარახევის მოსახლეობის აღწერა და ამასთანავე შესაბამისი ფოტო მასალის მომზადება. თიანეთის მუნიციპალიტეტს უკვე გადაგზავნილი გვაქვს ყველა შესაბამისი მასალა და ჩვენც ველოდებით რეგიონალური განვითარების სამინისტროსაგან სიახლეებს“, - განუცხადა СENN-ს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

მალხაზ დავითაშილი ვარაუდობს, რომ 2014 წლისთვის ლტოლვილთადა განსახლების სამინისტროს დაგეგმილი აქვს ახალი პროგრამის განხორციელება, რომელშიც შეყვანილი იქნება შარახევის მოსახლეობის დახმარება.

შარახევის მდგომარეობა თანდათან ემსგავსება ვეძათხევში არსებულ ვითარებას, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობდნენ და დღესაც აგრძელებენ ცხოვრებას. თუმცა, ვეძათხეველების ყოფა, შესაძლოა, წელს რადიკალურად შეიცვალოს, რადგან მათი გასახლება და ალტერნატიული ტერტორიების შეთავაზება 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შარახეველების ჯერი კი, როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა.