კობა კობალაძეს „რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. საქმე ეხება გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ე.წ. მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორად კობა კობალაძე დასახელდა. გენერალი კობალაძე მოითხოვს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნული ფაქტები იყოს უარყოფილი, რადგან აცხადებს, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კობალაძის დაცვის მხარე ასევე მოითხოვს ფინანსურ ანაზღაურებას. როგორც ადვოკატი განმარტავს ეს იქნება ზუსტად იმდენივე, რა შემოსავალიც აქვს ტელეკომპანიას.
როგორც კობალაძის ადვოკატი აცხადებს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კობალაძის ოჯახის წევრებს.
„ამ სიუჟეტის ნახვის მერე კობას მამა გახდა შეუძლოდ, მას ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. ასევე ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს ბავშვებმა. შაბათს „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი, სადაც გადმოცემული იყო ინფორმაცია, თითქოს, კობალაძე იყო ე.წ. მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორი. ეს არის სიცრუე, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აბრალებდნენ დანაშაულს, რომელშიც ის გამართლდა. ორშაბათს მივმართავთ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და მოვითხოვთ აღნიშნული ინფორმაციის სრულად უარყოფას“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.
როგორც ადვოკატი აცხადებს „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემული სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და „მოდერილებული ქრონიკის“ ანალოგია, რომელიც გენერალ კობა კობალაძის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
„სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თითქოს კობა კობალძე ამბოხის ერთ-ერთი მეთაურია, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა 4 წელი და შემდგომ, ახალი ხელისუფლების პირობებში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. სიუჟეტში გამოყენებულია ერთი კადრი, როდესაც ღვალაძე ჩვენებას იძლევა სამხედრო ფორმით, ეს კადრები არ იყო გამოყენებული სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება.
იგივე კადრები 4 წლის წინ სატელევიზიო ეთერითაც კი არ ყოფილა გაშვებული. საინტერესოა, საიდან გაჩნდა აღნიშნული კადრები „რუსთავი 2-ის“ არქივში? სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული, რომელიც მიმართულია კობა კობალაძის წინააღმდეგ. ნათქვამი იყო, რომ კობალაძე, ოთანაძე და ა.შ. რამდენჯერმე იყვნენ სოციალური ამბოხის ორგანიზებაში. სიუჟეტი ისეა აგებული, რომ მხარეებისთვის არ მიუმართავთ და მთლიანად ძველი კადრებითაა გაკეთებული“, - განაცხადა ემზარ პაქსაძემ.
ამასთან, კობალაძე და მისი ადვოკატი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართავენ, რადგან ჟურნალისტის ქცევა გადამოწმდეს.
„ასევე, ვაპირებთ, მივმართოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომ ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის წესები. მომავალში ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ მიზანმიმართულად არ გაუშვან ცილისმწამებლური სიუჟეტი. გამოხატვის თავისუფლებით ყველა ვსარგებლობთ, მაგრამ იქ მთავრდება გამოხატვის თავისუფლება, სადაც სხვა პიროვნების პიროვნული თავისუფლება იწყება.
სიუჟეტში იყო გამოყენებული კადრი, რომელიც წესით არ უნდა ჰქონოდა ჟურნალისტს, რადგან ის თავის დროზეც არ გავრცელებულა. ფაქტობრივად, კობალაძე სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, როდესაც პირი სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული ამ ნაწილში.
ამ სიუჟეტის მომზადების დროს ტელეკომპანიამ გამოიყენა ღვალაძის ისეთი ჩვენება, რომელიც სასამართლოს მიერაც უარყოფილი იყო. ღვალაძემ სასამართლო პროცესზე მომცა ნაწერი, სადაც ეწერა - არ ვიცი მომეცემა თუ არა კიდევ საშუალება, მაგრამ ახლა ვაცხადებ, რომ კობა კობალაძეზე ძალით მათქმევინესო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ემზარ პაქსაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, თუმცა მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.