„ოქროს“ პროტესტი: მოვახდენთ კომბინატის პარალიზებას!

„ოქროს“ პროტესტი: მოვახდენთ კომბინატის პარალიზებას!

სააქციო საზოგადოება „მადნეულის“, კერძოდ კი, შპს RMG GOLD-ის 200-მდე სამსახურიდან გათავისუფლებულმა მუშამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში საპროტესტო აქცია გამართა. ბოლო ორ კვირაში ეს უკვე მესამე აქციაა, რომელსაც, პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვება.

მუშები კომპანია RMG GOLD-ის ხელმძღვანელობას არაადამიანურ სამუშაო პირობების შექმნაში, პირად შეურაცხყოფასა და უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილე და „მადნეულის“ უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზად კომპანიამ შრომის კოდექსის 37-ე მუხლი მოიყვანა და კომპანიის რეორგანიზაცია დაასახელა. ნამდვილი მიზეზი კი ისაა, რომ მათ უარი თქვეს კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნაზე: მიიეღოთ მონაწილეობა ე.წ. „საყდრისის“ ტერიტორიაზე სამუშაოების აღდგენის ლიცენზიის მოსაპოვებელ აქციებში. აღნიშნული კი მუშების კომპანიის მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობდა, რაც საბოლოოდ მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა.

„ჩვენი წინაპრების კვალი წაგვაშლევინეს საყდრისზე, ჩემი ხელით გადამაყრევინეს სამარხებში აღმოჩენილი თავის ქალები. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ საყდრისის გახსნის წინააღმდეგები. მოვითხოვთ, ყველა გათავისუფლებული მუშა დაუბრუნდეს სამსახურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე შევქმენით საგაფიცვო კომიტეტი, ჩამოვაყალიბეთ 7-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელსაც წარვუდგენთ RMG GOLD-ს და იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ მოვახდენთ კომბინატის პარალიზებას“, - განუცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის წარმომადგენელს (CENN) აქციის მონაწილემ და „მადნეულის“ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ ბერიძემ.

აქციის მონაწილეებთან დღესვე მივიდნენ და საკითხის გარკვევასა და მოგვარებაში დახმარება შესთავაზეს უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია GREEN FIST-ის მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა და ირაკლი წერეთელმა.

„აქცია იმართება და გაიმართება მანამ, სანამ არ იქნება ადგილობრივი მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ჩვენ და არც ის სამსახურიდან გათავისუფლებული მუშები არ შეწყვეტენ აქციებს და მოხდება კომბინატის პარალიზება“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა CENN-თან საუბრისას.

RMG GOLD-ის წინააღმდეგ აქციები ბოლო პერიოდში პერმანენტულად იმართება. კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინაც გამოვიდნენ. მაშინ ხელმძღვანელობას საგაფიცვო კომიტეტმა 7-პუნქტიანი მოთხოვნის დოკუმენტის გასაცნობად და გადაწყვეტილების მისაღებად დრო 14 თებერვლამდე მისცა. ეს დროს ჯერ არ ამოწურულა, მაგრამ გათავისუფლებული მუშები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციას უკვე 9 თებერვალს გეგმავენ.

2013 წლის ნოემბრის შემდეგ კომპანია RMG GOLD-მა 350-მდე ადგილობრივი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.

მუშათა ჯგუფი RMG-ს გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს ჯერ კიდევ 24 იანვარს შეხვდა, მაგრამ აქედან არა გამოვიდა რა. ეგანოვმა უარი თქვა ხელფასების დაპირებულ ზრდაზე იმ მიზეზით, რომ კომპანია „კრიზისს განიცდის“.

კომპანიის თანამშრომლების თქმით, პროფკავშირების სახელით მათ უკვე შეიტანეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. წერილში უთითებენ, რომ შპს RMG-ის 21-დღიან ვადას აძლევენ, 21 დღის შემდეგ კი საწარმოში ყველანაირი სამუშაოები შეჩერდება.

„ჩვენ კანონის ყველა წესის დაცვით ვმოქმედებთ და ვითხოვთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. საწარმოს ჰქონდა 2 თვე იმისათვის, რომ მუშების ხელფასები 50%-ით გაეზარდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 24 იანვარს აღნიშნული ვადა ამოიწურა და იწურება ჩვენი მოთმინებაც.

მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომ მომავალში რამე არ დაგვაბრალონ. 14 თებერვალს კი საწარმოს მუშები გავიფიცებით, ამჯერად ჩვენი მოთხოვნების შესრულებამდე. მანამდე კი საწარმოს სამ კვირაზე ნაკლები დარჩა. ყველაფერი მათ ხელშია“, - აცხადებს გიორგი აზარაშვილი.

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი კომპანიების RMG GOLD-ის და RMG COPPER-ის ასეულობით თანამშრომელი 2013 წლის ნოემბერშიც გაიფიცა. მაშინაც მუშები არაჯანსაღ სამუშაო გარემოსა და არასაკმარის ანაზღაურებას აპროტესტებდნენ, შესაბამისად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ.