ქვეყნის ტერიტორიაზე ამ საშიში ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი მისი ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.
თავის დროზე საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტის აკრძალვის ინიციატივით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი სურვილი იყო, ჩვენს ქვეყანაში შემოღებული ყოფილიყო გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება.
ამჯერად კი ამ ყველაფერს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქცია. ამ უკანასკნელის აკრძალვას არავინ აპირებს საქართველოში. უბრალოდ, საქართველო გამოცხადდება დახურულ ზონად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით შექნილი თესლებისთვის და გენმოდიფიცირებული სათესლე ნედლეული საქართველოში აღარ შემოვა.
„სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა, სასარგებლოა, თუ უსარგებლოა ის და შეუძლია თუ არა ავნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენ არ გვინდა, რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი და განმარტავს, რომ ჩვენი სამარკო ნიშანია სუფთა თაფლი, სუფთა ბაღჩეული, ბოსტნეული და ხილი.
მისი თქმით, მართალია, ჩვენ არ გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობები, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე ფაქტიურად არის უკანასკნელი კუნძული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის. ამიტომ შეიძლება უამრავი მაღალხარისხანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. სწორედ ამით უნდა შევიდეთ ევროპის სასურსათო ბაზარზე.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოში გამოვლენილია მხოლოდ ორი კომპანია, რომლებსაც ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმები შემოაქვთ. ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა ამიერიდან ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანიც იქნება.
როგორც წესი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არის ცოცხალი არსებები და მათ შეუძლიათ გავრცელება და გამრავლება. ასევე, მათ შეუძლიათ თავიანთი გენების გადაცემა ველური სახეობებისათვის. ბუნებაში გაშვების შემდეგ კი უკვე შეუძლებელია მათი უკან გამოხმობა. მათი მეშვეობით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება გამოიხატოს შემდეგში: გენმოდიფიცირებული ცხოველები უფრო სწრაფად და დიდები იზრდებიან და უფრო გამძლენი არიან დაავადებებისადმი. ბუნებაში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი დაჩაგრავენ ან სრული განადგურების საფრთხეს შეუქმნიან მათ გარეულ წინაპრებს; გენმოდიფიცირებული მცენარეების მტვერი შეიძლება გადაეცეს გარეულ სახეობებს; გენმოდიფიცირებულმა მცენარეებმა შეიძლება დააზიანონ ნიადაგის მიკროფლორა და სხვა.
საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა იყო 1996 წელს კომპანია „მონსანტოს“ ტრანსგენური კარტოფილის იმპორტი და კულტივაცია. ეს სწორედ ის ამერიკული კორპორაციაა, რომლის წინააღმდეგაც საპროტესტო აქციები უამრავ ქვეყანაში იმართება და, რომელსაც ადანაშაულებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებაში. იმ პერიოდში აიდაჰოდან (80%) და კანადიდან (20%) საქართველოში შემოიტანეს გენეტიკური ინჟინერიით მიღებული კარტოფილის სამი ჯიში: ატლანტიკი, სუპერიორი და რასეტ ბერბანკი - საერთო რაოდენობით 133-148 ტონა.
სათესლე კარტოფილის სიმცირის გამო 1995 წლის დასაწყისში უცხოთიდან შემოტანილი იყო სხვადასხვა ჯიშის კარტოფილის სათესლე მასალა, მათ შორის, „მონსანტოს“ გენმოდიფიცირებული კარტოფილი, რომელიც შვიდმა ადგილობრივმა ფერმერმა დათესა წალკის, ასპინძისა და თეთრიწყაროს რაიონებში. თუმცა მოსავლიანობა ძალზე დაბალი იყო. 18-22 ტონის ნაცვლად, ჰექტარზე მხოლოდ რვა ტონა მოიწიეს.
ზოგადად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაციონალების დროს აშშ-დან საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა იმპორტირებული ხორბალი, ქერი, სიმინდი. სავარაუდოდ, ეს სათესლე მასალაც დაბინძურებული იქნებოდა განეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბრისას მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ზონად ცხადდება. მისი თქმით, თუკი ცოცხალი ორგანიზმების შემოტანის ნება დავრთეთ ცალკეულ კორპორაციას, ეს ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის არცერთი ჯიში აღარ გვექნება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ არ ვართ უხვი სასოფლო-სამეურნეო მიწების თვალსაზრისით. ამიტომ ეს უნდა იყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცული ტერიტორია.
„მე არ ვიცი, ყოფილი ხელისუფლებიდან ამას ვინ ბლოკავდა, მაგრამ ვიცი, რომ დიდი მულტინაციონალური კორპორაციიდან შემოდიოდა ჩვენთან ეს თესლები. მაგალითად, 2012 წელს გავრცელებულმა სიმინდმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო გენმოდიფიცირებული, არამედ იყო ჰიბრიდული, არ მოგვცა მოსავალი. კონკრეტულ ქვეყანას ვერ დავასახელებ, მაგრამ მსხვილი მულტინაციონალური კორპორაციიდან, ასევე, შემოტანილი იყო კარტოფილის თესლი და, აგრეთვე, არ მოგვცა მოსავალი. ჩვენდა საბედნიეროდ, არ ხარობს ეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ჩვენთან და არ გვაძლევს მოსავალს. კარტახენის ანუ ბიოუსაფრთხოების ოქმი რატიფიცირებულია საქართველოს მიერ და მოითხოვს, რომ არა მარტო ცოცხალთან მიმართებით ჰქონდეს ქვეყანას თავისი პოლიტიკა გააზრებული, არამედ იმ პროდუქტებთან მიმართებითაც, რომლებიც გენმოდიფიცირებული პროდუქტიდან მზადდება“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ამისთვის არსებობდეს შესაბამისი ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია სინჯების აღება და ანალიზის გაკეთება.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ და მისი დაცვა აუცილებელია.
„გენმოდიფიცირებული პროდუქციით საქართველოს ბაზრის გაჯერებაზე საუბარი რთულია, რადგან ჩვენთან ანალიზები არ კეთდებოდა და შეიძლება ითქვას, შემოტანილი სოიოს ზეთები და ბევრი პროდუქცია (უცხოური სიმინდიდან მიღებული პროდუქცია, კარტოფილის ჩიფსები), სავარაუდოდ, გაჯერებული იყო გენმოდიფიცირებით მიღებული პროდუქტებით. თუმცა პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ ეტიკეტირება არ კეთდებოდა. ამ პროდუქციის შემოტანა კი არ იკრძალებოდა, რადგან ამით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებულნი. როცა ჩვენ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა, გვქონდა გამზადებული კანონპროექტი, იყო კანონის შემუშავებაზეც ლაპარაკი, თუმცა წინა ხელისუფლებას პირდაპირ ჰქონდა მიმართულება აღებული, რომ ე.წ. კარტახენის ოქმის რატიფიცირება არ მომხდარიყო“, - აღნიშნა რუსუდან სიდამონიძემ.
რაც შეეხება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან მიღებულ პროდუქტებს, საქართველოს ბაზრებზე დღეისათვის არსებული საკვები პროდუქტები (როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების) შეიცავს გარკვეულ გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს:
კარტოფილის ჩიფსები;
სიმინდის ჩიფსები და კრეკერები;
სიმინდის ბურღულლეული;
სიმინდის ბურბუშელა;
სიმინდის კონსერვები;
გაყინული სიმინდის მარცვალი;
სოიას ფარშები;
სოიას კონსერვები;
კეტჩუპები და ტომატ-პასტები (პომიდორი, სახამებელი);
ნამცხვრები (სიმინდი, სოიო, ასპარტამი);
შოკოლადები, კანფეტები (ლეციტინი, სოია);
საღეჭი რეზინები (ლეციტინი, ასპარტამი);
წვენები და სასმელები (ასპარტამი);
ხორცის კონსერვები და პაშტეტები (ლეციტინი, სოიო);
სუფები (კარტოფილი, სახამებელი, ლეციტინი);
რძის პროდუქტები (მოწიფული და მდნარი ყველი შეიცავს ლეციტინს);
სამარხო მარგარინი (მცენარეული ცხიმი, ლეციტინი);
ძეხვეული (ლეტიცინი, სოიოს წარმოებულები);
ბურღულეული (სიმინდი, სოიო, კარტოფილი, მათი წარმოებულებები, ასპარტამი).