საერთაშორისო ტერორისტული საქმიანობა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გადაბირება და ტერორისტული საქმიანობის ხელის შეშლისთვის ზომების მიუღებლობა დასჯად ქმედებად ცხადდება.
ტერორისტული დანაშაულის დეტალური გაწერა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხდება, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ძალოვანი უწყების მიერ მომზადებული პროექტით, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმანობაში მონაწილეობა დანაშაულად ცხადდება და ტერორისტული მიზნით, უცხო სახელმწიფოსთვის, ჯგუფისთვის, ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე ვადით ისჯება.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედების განმეორება მოხდება, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს უცხო სახელმწიფოს, ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას გამოიწვევს ან სხვა მძიმე შედეგს, ამ ქმედებისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე გაიზრდება, ან უვადო პატიმრობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის, სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა გულისხმობს - შესაბამისი პერსონალის შერჩევას, წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის შეძენას, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ლოჯისტიკური, სადაზვერვო ან ფუნქციონალური დახმარების გაწევას, ტერორისტის პირადი დაცვით უზრუნველყოფას ან სხვა სამხედრო ხასიათის მომსახურების გაწევას.
პროექტით, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ან მისი ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 15-დან 20 წლამდე, მისი წევრობა ათიდან თორმეტ წლამდე, ხოლო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, პირის გადაბირებისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე განისაზღვრება. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან ჯარიმით.
პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა სასჯელს ტერორიზმის საქვეყნოდ მოწოდებისთვისაც ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ მოწოდების მიზნით, ინფორმაციის საქვეყნოდ გავრცელება, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას და წარმოშობს ასეთი საქმიანობის საფრთხეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შს სამინისტროს განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ერთის მხრივ, იმგვარი წვრთნების კრიმინალიზაციას, რომელიც არ აღწევს სამხედრო ტიპის წვრთნის დონეს, მაგრამ დაკავშირებულია ტერორისტულ საქმიანობასთან, ხოლო მეორე მხრივ, მათი შეფასებით, კანონმდებლობაში შემოდის დამოუკიდებელი დანაშაული, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სამხედრი ტიპის წვრთნას ეხება.
კერძოდ, კანონპროექტით, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით, ინტსრუქტაჟის გაწევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე, თუ მოხდება ინტსრუქტაჟი ასაფეთქებელი, ცეცხლასროლი ან სხვა სახის იარაღის გამოყენება ან დამზადება. ასევე თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე იზრდება სასჯელი, თუ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სამხედრო ხასიათის წვრთნა განხორციელდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერორიზმის დაფინანსების შესახებ მუხლის დისპოზიციის გაფართოებას. კერძოდ, ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, როგორიცააა - სამალავი და თავშესაფრის მიცემა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
ამასთანავე, პროექტის ერთ ნოვაციას წარმოადგენს ის, რომ ტერორისტული საქმიანობის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობის გამო, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კერძოდ, პროექტით, წინასწარი შეცნობით, გონივრულობის ფარგლებში, ზომების მიუღებლობა იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს ტერორისტული აქტის განხორციელება, დასრულება ან მასთან დაკავშირებული შედეგების დადგომა, თუ აღნიშნული საფრთხეს არ უქმნის პირის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას, ასეთ შემთხვევაში, პირი ისჯება თავისუფლების აღვეთით ვადით ხუთ წლამდე.
პარლამენტში აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა არ დაწყებულა. პროექტის ინიცირება კი, გუშინ მოხდა.