„არსებობს ჭერი, რომლის იქითაც კომპანია ანაზღაურებას ვერ გაზრდის“

„არსებობს ჭერი, რომლის იქითაც კომპანია ანაზღაურებას ვერ გაზრდის“

ქვეყანაში ხელფასების ზრდა ვეღარ ხერხდება. კომპანიების რესურსი შეზღუდულია. დასაქმების მსურველების მოთხოვნა კი უფრო მეტია, ვიდრე კერძო ბიზნესის შეთავაზება. რადგანაც შუალედის გამოძებნა რთულდება, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნიდან კადრების გადინება ხდება.

პროფკავშირსოლიდარობის ქსელისგამგეობის წევრი რევაზ კარანაძე აღნიშნავს, რომ მუშახელის დეფიციტის პარალელურად, კადრების უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამის მიზეზი ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია.

ქვეყანა არის გადაქცეული იაფ მუშახელად, რომელიც ვერ ვითარდება. ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ არ მოხდება მუშახელის და დასაქმებულების განვითარება და სხვა ტიპის ეკონომიკაზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება ეკონომიკურად კმაყოფილი, ხოლო მასა წავა ქვეყნიდან. მშრომელი კადრების გადინება რომ მოხდება, მოგვიწევს უცხოელებით ჩანაცვლება - ეს იქნებიან აღმოსავლეთიდან, აზიიდან წამოსული ემიგრანტები, როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რევაზ კარანაძემ.

კერძო სექტორში დაუფარავად აცხადებენ, რომ ანაზღაურების დამატებით ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ცვლილება არ იგეგმება.

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი ნინო ფეტელავა კადრების გადინების პრობლემაზე საუბრობს. სასტუმროებისა და რესტორნებში მომუშავე კვალიფიციურ მუშახელს შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს, რაც კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ერთი შეხედვით, ჰორეკა სექტორი მაღალშემოსავლიანად მიიჩნევა და ეს ასეცაა, მაგრამ დიდია ასევე ხარჯიც. იმის გამო, რომ საჭირო პროდუქციის უმეტესი ნაწილი იმპორტული და ძვირია, მომსახურებაც გვიძვირდება. ხარჯი მატულობს, ხოლო ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება. აქტიური სეზონის გარდა, დასაქმებულების შრომის ანაზღაურება თითქმის ყველგან პრობლემაა.

ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო ტენდენცია და ახლაც კვალიფიციური კადრი საზღვარგარეთ გაედინება. ამიტომაა, რომ მუდმივადაა დეფიციტი, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება“, - განაცხადა ფეტელავამ.

კომპანიები კონკურენტებს აკვირდებიან და სახელფასო განაკვეთს ამის მიხედვით განსაზღვრავენ, თუმცა დამსაქმებლები, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის მაძიებლების მოთხოვნას ვერ პასუხობენ.

ეიჩარ ჰაბ-ის დამფუძნებლის ანა ნავდარაშვილის თქმით, კომპანიები უმეტესწილად განცხადებაში სახელფასო განაკვეთს არ წერენ და უთითებენ, რომ ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად განისაზღვრება, რაც სამსახურის მაძიებლებში უკმაყოფილებას იწვევს. გასაუბრებაზე მისულებს კი კომპანიები მათ სასურველზე დაბალ ანაზღაურებას სთავაზობენ.

რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება გამოქვეყნებული ვაკანსიის აღწერაში, მით უფრო კარგია კანდიდატისთვის, რომ წინასწარ გაეცნოს ორგანიზაციების მოთხოვნებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარის პოზიციაც. სახელფასო შეთავაზებები არის კონკურენტული. პერიოდულად ტარდება კვლევები და ეს კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს ჭერი, რომლის იქითაც კომპანია ანაზღაურებას ვერ გაზრდის. მთავარი მიზეზი, რატომაც ვაკანსიებში ანაზღაურებას არ უთითებენ, არის ის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი, - განაცხადა კომერსანტთან ანა ნავდარაშვილმა.