„ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება თქვენზე – ჟურნალისტებზე იქნება მიმართული“

„ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება თქვენზე – ჟურნალისტებზე იქნება მიმართული“

„ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება თქვენზე – ჟურნალისტებზე იქნება მიმართული“, - ბიძინა ივანიშვილის ამ ნათქვამმა მედიაწარმომადგენლების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დამაფიქრებელია ისიც, თუ რა იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „მოქალაქის“ ფარგლებში ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა, ამავდროულად, კონტროლსაც გაუწევს.

ნაციონალების დროს ჟურნალისტებისადმი „დიდი ყურადღება“ ამ უკანასკნელებისთვის ყველაზე საზარელი სცენარით მთავრდებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ 1-ელ ოქტომბერს მოტანილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ამ საზარელი სცენარისგან დაისვენეს როგორც ჟურნალისტებმა, ისე საზოგადოებამ და ქუჩაში ადამიანების დევნა-ხოცვა აღარ მიმდინარეობს. არც ისაა ულოგიკო, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, „ზოგჯერ ყველაზე კარგი და პროფესიონალი ჟურნალისტიც ყველაზე ურცხვად ტყუის“. თუმცა რთულია იმის გარკვევა, ამ ეტაპზე რას ნიშნავს, პერმანენტული კვლევები მედიის ობიექტურობის, ხარისხის დასაბუთებაში და ხომ არ გადაიზრდება ეს კვლევები ტენდენციურობაში იმის გათვალისწინებით, თუ ვინ მიაწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ ჟურნალისტის შესახებ ყოფილ პრემიერს?!

აქამდე შეჩვეულნი ვიყავით, რომ უცხოეთიდან შემოსული გრანტები ძირითადად ნაციონალების ფავორიტ მედიაზე ნაწილდებოდა, სადაც ჭეშმარიტად თავისუფალი მედიის ადგილი ნაკლებად იყო. ამჯერად საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული დაფინანსება რომელ ორგანიზაციებზე გადანაწილდება და ვინ გადაწყვეტს ამ ორგანიზაციების ბედს? ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მის წევრთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ პერმანენტული კვლევები დაეკვეთებათ საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს. ასევე, საზღვარგარეთიდან მოწვეულ ცნობილ და ავტორიტეტულ სპეციალისტებს.

„მოქალაქის“ ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს დაქირავნობის უნარ–ჩვევების გაზრდაში, განვითარებასა და დაჩქარებაში და, რა თქმა უნდა, თქვენი როლი უდიდესია ამ პროცესში. მხედველობაში მყავს მედია. ლომის წილი სწორედ მედიაზე მოდის. ამით ისევ მედიის ხარისხის ამაღლებას შევუწყობ ხელს. არსებული მედია და ჟურნალისტები რომ იგრძნობენ, რომ ობიექტივის ქვეშ არიან, რომ ობიექტურობა მოწმდება, თვითონ გამოიწვევს პასუხისმგებლობის გაზრდას და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან პროფესიას... ობიექტური და დროული, ხარისხიანად მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებას დაუჩქარებს ამ თვისების სწრაფად შეძენას, რასაც ჰქვია დაქირავნების თვისება, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომლისთვისაც თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი ტვირთიცაა.

ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მოლოდინის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს ამ ეტაპზე მთავრობასთან შენიშვნები არ აქვს, ხოლო მისი თვალსაწიერი ძირითადად ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების აღზრდისკენ არის მიმართული?!

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ მედიასა და ანალიტიკოსებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იყო. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ პრემიერობის დროს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შეხვედრები როგორც ექსპერტებთან, ისე ჟურნალისტებთან და გამოიკვეთა მისი პოზიცია, რომ ის უკმაყოფილო იყო ორივე მათგანის საქმიანობით. ამიტომ მოითხოვდა მათი მოსაზრებების დასაბუთებულ არგუმენტებს. ექსპერტის თქმით, მედიასაშუალებები რომ პოლარიზებულია, ამაზე საუბარი არც არის. უკეთესი მედია ყველას უნდა, მაგრამ, როცა ფინანსური რესურსი გაგაჩნია, ჟურნალისტების „აღზრდაზე“ უკეთესი არის, თავად შექმნა ის სანიმუშო მედიასაშუალება (ელექტრონული, ბეჭდვითი თუ ტელევიზია), რომელიც არ იქნება ყვითელი, არამედ იქნება ეტალონი.

„ასეთი მიდგომა გაცილებით უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ის, რომ მოახდინო ჟურნალისტების „აღზრდა“. ამიტომ რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი. რას ნიშნავს ტრენინგების ჩატარება, მაინცდამაინც არც ეს მესმის. დღესდღეობით ქვეყანაში ინტერესები ერთმანეთზე გადახლართულია, ასე რომ, ტრენინგებით რაღაც შეცვალო მედიასივრცეში, მთლად სწორი არ არის. ამას სჭირდება არა ჟურნალისტების გადამზადება, არამედ მთელი პოლიტიკური გარემოს შეცვლა. ასე არ არის, საზოგადოების რომელიმე ნაწილი ამოიღო, ამ საზოგადოებას მოწყვიტო, შეალამაზო, გააკეთილშობილო და მერე უკან ჩააბრუნო. ეს რთული საკითხია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ანალიტიკოსებშიც. მან არ იცის, სად და როგორ უნდა მოიძებნონ ახალი ანალიტიკოსები.

ისე კი, ექსპერტის აზრით, ანალიტიკოსთა აღზრდაც საუნივერსიტეტო სწავლებით ხდება. ასე რომ, შეუძლია, ამაში ჩადოს ივანიშვილმა ფული და ახალი ექსპერტები იქ აღზარდოს. ამდენად, ექსპერტს არც ანალიტიკოსების აღზრდა ესახება მიმზიდველად, არც - მედიის.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, ანალიტიკა ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკულ შეფასებებს ნიშნავს, სხვანაირად, ანალიტიკა ვერ კეთდება.

„ვერ ვიტყვით, რომ ექსპერტთა ნაწილი, რომელსაც ივანიშვილი შეხვდა, დესტრუქციულად იყო განწყობილი ახალი ხელისუფლებისადმი. ამიტომ საკმაოდ რთული პრობლების წინაშე აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ კბილაშვილის მსგავსი „ენჯეოები“ უნდა შეიქმნას, ღიად ვთქვათ, კბილაშვილს ჯერ იმის დამტკიცება მოუწევს სამოქალაქო სექტორში, რომ ის დამოუკიდებელია ივანიშვილისგან. თუ ამას მიაღწევს, შემდეგ უკვე დაიწყება მისი ნამოქმედარის შეფასება“, - ასეთია ვახტანგ ძაბირაძის პოზიცია.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით ევროპისთვის საკვირველ დემოკრატიას ვქმნით. ამ თვალსაზრისით, „მოქალაქის“ ჩამოყალიბება საყურადღებოა. მილიარდერი, რომელიც თავისი წარმატებითა და ბიზნესმენობის მასშტაბურობით აღემატება ყველა სხვა დანარჩენს, ქმნის არა ფონდს და მისი მეშვეობით კი არ ახორციელებს გარკვეულ მიზნებს, როგორც ჯორჯ სოროსი, არამედ ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი მეშვეობით სურს საზოგადოებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ამ თვალსაზრისით, ქართული დემოკრატია განსხვავებულია.

თუმცა ვაჟა ბერიძის აზრით, უკვე მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იმთავითვე არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან, ფაქტობრივად, „მოქალაქეს“ აქვს განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობა და სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსი მოიზიდოს. ხოლო სხვა ორგანიზაციები დამოკიდებულნი არიან ფონდების მხარდაჭერაზე.

„სხვა თავისუფალი კაპიტალი და ქართული ფონდები, რომლებიც არასამთავრობოებს აფინანსებენ, საქართველოში არ არსებობს. თუმცა ჩემთვის ბუნდოვანია, რას ნიშნავს მედიის განვითარებისთვის ზრუნვა და ანალიტიკოსთა ახალი პლეადის მომზადება, როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის სუბიექტური თვალთახედვით შერჩეული ცალკეული ჟურნალისტები ან მედიაგამოცემები, არასამთავრობოები თუ ანალიტიკოსები დაფინანსდებიან. სათანადო განათლება ამ ადამიანებს უნდა მიეღოთ უმაღლეს სასწავლებლებში და ამის შემდეგ წასულიყვნენ ანალიტიკურ სფეროში და იქ გამოეჩინათ თავი. ვერ გეტყვით, ეს რა პროცესია, რატომ არ შეიძლებოდა ამავეს გაკეთება „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ მეშვეობით, რომელსაც სოსო ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს? შესაძლოა, ბატონ ბიძინას არ მოსწონდეს სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ხათუნა ლაგაზიძე, რამაზ საყვარელიძე, მერაბ კაკულია, ეს გამოჩენილი ინტელექტუალები, რომლებმაც მძიმე ჭაპანი ზიდეს სააკაშვილის პერიოდში. მით უმეტეს, ამავე კლუბიდან ათზე მეტი ექსპერტი თვითონ ივანიშვილმა შეარჩია სხვადასხვა თანამდებობებზე. გარკვეული ვაკუუმი არსებობს და კარგი იქნება, თუკი კვალიფიციური ადამიანები შეემატებიან ანალიტიკოსთა ფენას. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს მათთვის სარბიელის მიცემით კარგად დაფინანსებულ ანალიტიკურ ცენტრებში“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებისა და ექსპერტების ნაწილის მოთვინიერებას გეგმავდეს, რომლებიც იმ იდეების პროპაგანდას გასწევენ, რაც მას ხელს აძლევს. თუმცა არც იმას მიიჩნევს გამართლებულად, ამ გზით ხელოვნურად შეიძლებოდეს ისეთი ფენის ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების გამოყვანა, რომლებიც მოსაწონნი იქნებიან თავად ივანიშვილისთვის. ამიტომ, ეს არ უნდა მოხდეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით ფონდ „ქართუს“ მიერ.

„რას ნიშნავს ახალი ფორმაციის ჟურნალისტები და ანალიტიკოსები?!“ - აინტერესებს ექსპერტს.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი იხსენებს, რომ ჟურნალისტების გადამზადება და ტრენინგები საქართველოში მუდამ მიმდინარეობდა, ამას აკეთებდნენ სხვადასხვა არასამთავრობოები და პირადად მასაც ბევრი ტრენინგი გაუვლია. რაც შეეხება საკუთარი ჟურნალისტების, საკუთარი ექსპერტების გამოზრდისა და კონტროლის მცდელობას, ლელა კურდღელაშვილი ეჭვობს, ასე მოხდეს.

„მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მოხდეს მედიის კონტროლი. ისე, კონტროლი არ უკვირთ მათ, ვისაც თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმუშავია. უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონი გადასახედია. ივანიშვილმაც აღნიშნა, რაღაცას იტყვიან და შემდეგ სიმართლე უნდა ამტკიცოო. ეს კანონი იძლევა საშუალებას, ითქვას ყველაფერი და შემდეგ, თუ მე დამაბრალებენ, რომ ვარ ჟირაფი, უნდა ვამტკიცო, რომ ასე არ არის. სიტყვის თავისუფლების უპასუხისმგებლობამდე დაშვებამ მიგვიყვანა, რომ ყველაფრის თქმა მოსულა. მე არ ვიცი, რომელიღაც არასამთავრობო როგორ გამაკონტროლებს, ვერანაირად ვერ გამაკონტროლებს, თუკი არ ექნება შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტები. ამიტომ უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა. თუ მეცოდინება, რომ მე, როგორც ჟურნალისტი, პასუხს ვაგებ ჩემს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე, სულ სხვანაირად დავიწყებ მუშაობას. მე მგონია, მედიის კონტროლის ერთადერთი მექანიზმი არსებობს, რომ მედიას დაუწესო გარკვეული პასუხისმგებლობა და არა ისეთი, რომ ხმა ვერ ამოვიღოთ“, - გვითხრა ლელა კურდღელაშვილმა.

ამასთან განმარტა, რომ არ იცის, თუ ვის დააფინანსებს ეს ფონდი, თუმცა სამართლიანი იქნება, თუკი საქართველოში მცხოვრებ ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. ისე კი, ვინ უნდა დააფინანსოს ივანიშვილმა, ეს მისი გადასაწყვეტია.

„ის, რომ მთავრობის მიმართ პრეტენზიები არ აქვს, ეს გასაგებია. ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაკომპლექტებული ეს მთავრობა და შესაძლებელია, მას არ ჰქონდეს შენიშვნები, თუმცა შენიშვნები შეიძლება არსებობდეს, განსაკუთრებით, ძალოვანებთან მიმართებით. არავინ ვართ კმაყოფილნი პროკურატურის მუშაობით და არ ვიცი, რატომ არ აქვს შენიშვნები, ეს მისი გადასაწყვეტია. მე კი შენიშვნები პარლამენტთან მიმართებითაც მაქვს და შემდეგ, მთავრობასთან მიმართებით. წესით, მთავრობის მიმართ შენიშვნები, პირველ რიგში, პარლამენტს უნდა ჰქონდეს“.