სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გაფლანგვას გულისხმობს, ბრალი მოუხსნა. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, პროკურატურამ განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო განხილვა დასრულებულია და საქმე მხარეების მოლაპარაკებებით შეწყდება. ბრალი არცერთ ბრალდებულს არ უღიარებია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაქვემდებარებული უწყებების მეშვეობით საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად ტრაქტორების შეძენა გადაწყვიტა. ამისთვის ორი კომისია შეიქმნა, ერთი მეცნიერებისა და სპეციალისტების შემადგენლობით, რომელმაც შესასყიდი ტრაქტორების სპეციფიკაციები დაადგინა და, მეორე, რომელმაც ტექნიკის შესაძენად მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართა. ციხეში სწორედ სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრები აღმოჩნდნენ.
მათ ბრალად სხვადასხვა დანაშაული, ძირითადად კი ფულის გაფლანგვა დაედოთ. ამ საქმეს პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა, გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე. თუმცა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქმის დასრულების შემდეგ შესაძლებელია კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნდესო. რა გადაწყვეტილებას მიიღეს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი უცნობია. საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს დავით კირვალიძე.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ სპეციფიკაციების დამდგენი ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, თითქოს, ნიუ ჰოლანდის 110 ცხენისძალიანი ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად საკმარისი იყო. თავის მხრივ არ არსებობდა არგუმენტები, რომლებიც პროკურატურის ამ დაშვებას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობაში არაფერი იყო ნათქვამი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ფულის გაფლანგვის მოტივი.
ბრალდების იმ ნაწილში, რომელშიც გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც, ვინმე ვლადისლავს ქაიხოსროშვილმა და ნახუცრიშვილმა საიტზე მონაცემები შეასწორებინეს, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რომ გულუბრყვილოდ გამოიყურებოდა, ვინაიდან ერთია რა წერია საიტზე, და მეორეა ჩამოყვანილი ტრაქტორი, რომლის სიმძლავრის შემოწმება რთული არ არის.
დაკავებულები ღიად საუბრობდნენ პროკურატურისა და გამომძიებლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დაკითხვა იწყებოდა საღამოობით და ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. პატიმრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა.
დაკავებულებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შოთა რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მაშინ პროკურატურა დავით კირვალიძის წინააღმდეგ ითხოვდა დაკავებულებისგან ჩვენების მიღებას. საქმეში გაჩნდა მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის სახელიც. სწორედ, ნაცვლიშვილმა დამალა ამ საქმეზე თომას ჰამერბერგის სკანდალური წერილი, რომელიც ამ საქმის პოლიტიკურ მხარეზე მიუთითებდა და საუბრობდა პროკურატურის მაღალჩინოსნების დაინტერესებაზე.
შპს „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე, რომელიც 2013 წლის 1 მაისს „ტრაქტორების საქმეზე“ დააკავეს, 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აცხადებდა, რომ გათავისუფლების მიზეზი პროკურატურისათვის მიცემული საჭირო ჩვენება გახდა, რომელიც მას ზეწოლის შედეგად დააწერინეს. ივანიაძე ამბობდა, რომ 23- გვერდიანი ჩვენება პროკურორის - გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. სწორედ მისი იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს.
„მემუქრებოდნენ, რომ ციხეში ამომალპობდნენ. რამდენჯერმე იარაღიც დამადეს. მიხსენებდნენ ოჯახის წევრებს. დაკავებისთანავე პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად. კონკრეტულად რა თემაზე უნდა მიმეცა ჩვენება კირვალიძის წინააღმდეგ, გამომძიებლებს არ დაუკონკრეტებიათ“, - აცხადებდა მამუკა ივანიაძე.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ა-ო „მოქალაქე“-ს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის მიერ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სასამართლოდან სარჩელის გატანას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს თემა იყო კარგი მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ნებისმიერ დარღვევაზე, როდესაც მინისტრზეა ეჭვი.
„კირვალიძე მოიქცა ძალიან კულტურულად მაშინ. მე ძალიან ბევრი ვინერვიულე, მათ რიცხვში კირვალიძემაც და თუ ეს ასე დასრულდა, ჩემთვის ეს მისასალმებელია და საუკეთესო შედეგი ჩემთვის ასეთი შედეგი იქნებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის სასურველი იყო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამომდგარიყო მართალი. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერი იყო, მაშინვე გამოიკვეთა, რომ იმ საქმეში კორუფცია არ მტკიცდებოდა, მაგრამ შეცდომები იყო.
„ეს თვითონ კირვალიძემ აღიარა ჩემთან, როდესაც აღარ იყო მინისტრი. რეაქცია კი მაშინ იყო ძალიან ჯანსაღი. ეს არის, ეს გვინდა ჩვენ და ამ მაგალითს მე მუდამ ვიყენებდი ევროპელებთან. ყველაზე ფავორიტი მინისტრი იყო ჩემთვის კირვალიძე, მაგრამ არავინ არ დავინდეთ. ხვედელიძე ლამის შტაბის უფროსი იყო და ნახეთ რაც მოხდა. არ უნდა იყოს საზოგადოებაში განცდა და ეჭვი, რომ შეიძლება მინისტრმა ხელი მოითბოს საერთო ქონებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ საქმე გაითხოვა და ამ საქმეზე ბარლდებულებს, ბრალი არ დაუდასტურდა, ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ეს საქმე შეკერა. პროკურატურას არ დაუსვამს კითხვა, რატომ დამალა ლაშა ნაცვლიშვილმა ჰამერბერგის წერილი და რა ინტერესი ჰქონდა მას საქმესთან. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ როგორც მთვარობის, ასევე უმრავლესობის წევრები.
იურისტი ლია მუხაშავრია ყველა იმ პირთა სამართლებრივ დასჯას ითხოვს ვინც ე.წ. „ტრაქტორების საქმე“ შეკერა.
„მაშინ ერთ მხარეს დავდექით მთელი უფლებადამცველები და მიუკერძოებელი საზოგადოების წარმომადგენლები, მეორე მხარეს მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დადგა, რომელსაც უთხრეს, რომ ეს კონკრეტული უფლებადამცველები ამტკიცებენ და ადასტურებენ, რომ ე.წ. „ტრაქტორების საქმე“ არის შეთითხნილი. მაშინ ის ძალიან მკაცრად იცავდა პროკურატურის პოზიციას. დღეს როცა უთხრეს, რომ პროკურატურამ თურმე უკან გაიტანა ბრალი, მიხვდნენ, რომ დანაშაული არავის არ ჩაუდენია, მან თქვა, რომ კირვალიძემ აღიარა, რომ შეცდომები იყო დაშვებულიო.
სამართლებლივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა შეცდომასა და დანაშაულს შორის. თუ შეცდომის გამო ეს საპატივცემულო ადამიანები, ჩვენი მეცნიერები, ამ საქმეს ერთადერთი სპეციალისტები თვეობით ისხდნენ ციხეში, მაშინ ვინც ეს ხალხი კანონის დარღვევით დააპატიმრა, მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა, გამოძიება აწარმოა, ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობ, სად არიან დღეს და არიან თუ არა ციხეში?
რატომ არ დგება იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აღძრა საქმე, ვინც დაეთანხმა დაპატიმრების ბრძანებას, ან იმ მოსამართლისა, რომელმაც ეს ადამიანები ციხეში მოათავსა? სანამ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, სასაურველია, რომ ბატონმა ბიძინამ ხელი კვლავ არ დააფაროს თავის პროკურატურას და თავის დანაშაულებრივ მთავრობას“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე თქმით, რაც უფრო ადრე აღიარებენ დანაშაულს, მით უფრო ადრე გამოასწორებენ შეცდომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ხარისხობრივი განსხვავების დანახვა.