„მადლობა ყველას, თავისუფალი ვარ“, - ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის საშუალებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაო შეუფარდა. კეზერაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 27 თებერვალს გაიმართება. ამ დღეს მოსამართლე საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოხდება თუ არა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიცია.
კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თუმცა, გირაოს თანხა ამ დრომდე უცნობია. გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ ელექტროსამაჯურის ტარების პირობით გაათავისუფლა, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს სიცრუეს უწოდებს.
„საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილი ყოველგვარი გირაოს და ელექტრონული სამაჯურის გარეშე გაანთავისუფლა. რომელი საფრანგეთის მოქალაქე ან საფრანგეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დავით კეზერაშვილია ელექტრონული სამაჯური რომ გაეკეთებინათ? ისეთი რამე მაინც მოიტყუეთ ხოლმე თქვე კაი ხალხო, ერთი ათი წელი ვერავინ ვერ გაგიგებთ მაგ ტყუილს“, - წერს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებას, მალევე გამოეხმაურა მთავარი პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე.
გადაწყვეტილების თანახმად, კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა საცხოვრებელი ადგილი დატოვოს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9-დან 21 საათამდე. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილს ჩამოერთვა მისი ორი პასპორტი.
ექ-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ყოფილ მინისტრს ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განესაზღვრა 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს.
მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში. მთავარი პროკურატურის სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი დონდოლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს არ აქვს ის მტკიცებულებები, რომელთა განხილვა შედის თბილისის სააპეალაციო სასამართლოს კომპეტენციაში.
„საკითხი დგას ასე - უნდა მოხდეს თუ არა პიროვნების ექსტრადირება, რამდენად უნდა ენდოს საფრანგეთის მარლმსაჯულება ქართულ მართლმსაჯულებას. რამდენად იქნება დაცული პიროვნების უფლებები პირის ექსტრადირების შემდეგ, ეს არის მთავარი საექსტრადიციო პროცედურებში და არა ის, ბრალდება სუსტია, თუ ძლიერი. საექსრადიციო პროცედურებში მთავარია ექსტრადირების შესახებ ევროპული მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული. იმ მოთხოვნებში მტკიცებულებებზე აპელირება, რომ საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება მტკიცებულება მიაწოდოს მეორე მხარეს, არაა“, - აცხადებს ირაკლი დონდოლაძე.
მთავარი პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმით, კმაყოფილია ა-ო „მოქალაქეს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის თქმით, ის პირად იყო ჩართული, რომ დავით კეზერაშვილზე ინტერპოლს ძებნა წითელი ცირკულარით დაეწყო. თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა.
„კეზერაშვილთან მიმართებაში იარაღის შესყიდვაზე კითხვები მეც გამაჩნია. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და კეზერაშვილსაც ნუ მივანიჭებთ ჯერ დამნაშავის სტატუსს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ იარაღის შეძენის დროს ფული წავიდა სხვა მიმართულებით. იარაღით ვაჭრობისას ნარკოტიკების მსგავსად დაახლოებით 2/3 მიდის გვერდზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ცნობილია, კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და „ტელე იმედის“ გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. ამასთან, მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კიდევ ერთ საქმეზე, საქმე ეხება კეზერაშვილის კავშირს იარაღის ბიზნესთან.
ყოფილი მმართველი ძალა თვლის, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მათივე განცხადებით, მას ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. სწორედ, ამ შინაარსის წერილით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ექს ან პროვანსის სასამართლოს. მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ კეზერაშვილს დანაშაულად უთვლიან, რომ ის აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადაციის საქმე აბსოლუტურად შორსაა პოლიტიკისგან. მინისრტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლესა და პროკურორს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
„მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ფრანგი მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირუთვნელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს, რათა მან რეალობა დაინახოს. რეალობა კი ერთია, რომ ექსტრადაციის საქმე არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ეს წმინდა სამართლებრივი თემაა. პროკურატურის მხრიდან ძალიან კომპეტენტური სამუშაოა ჩატარებული. ინგლისური სხვაა, მაგრამ ძნელია ფრანგულ სამართალს გაუგო, როდესაც საქართველოში ფრანგული მარტივი თემა არ არის. მათ ჩაატარეს ტიტანური შრომა, რომელსაც წყალში ნურავინ გადაყრის“, - ამბობს თეა წულუკიანი.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრალი იყოს დასაბუთებული, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანას არ გაუჩნდეს კითხვები. ადვოკატი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ ჩააფლავა. ბრალი და ის დოკუმენტები, რომელიც ამ ბრალს ადასტურებდა, სრულიად უსუსური იყო.
„კეზერაშვილის შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. იმიტომ, რომ მას დაუსწრებელი განაჩენიც აქვს გამოტანილი. ძალიან ვეჭვობ, რომ ეს დაუსწრებელი განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ვერც ერთ ქვეყანას, მათ შორის ვერც აფრიკის ქვეყნის წესიერ მოსამართლეს ვერ დაარწმუნებს, რომ ამ ადამაინის ექსტარდიცია უნდა მოხდეს. პროკურატურას თუ ჰგონია, რომ დაუსწრებელი განაჩენი, რომელიც გამოუტანეს კეზერაშვილს, ხელმისაწვდომი არაა საზოგადოებისთვის და აქ მიმდინარე გამოძიება დახურულია საზოგადოებისთვის და ამიტომ შეუძლიათ ასეთი განცხადება გააკეთონ, ძალიან ცდებიან.
თუ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს საფრანგეთის ხელისუფლება და როგორც ვიცით ადანაშაულებს კეზერაშვილს, ის იარაღი საფრანგეთის ტერიტორიაზე კი არ უყიდია, საფრანგეთის მთვარობისთვის კი არ უყიდია და გაუყიდია, არამედ საქართველოს მთვრობის სახელით მოქმედებდა. შესაბამისად, ფრანგებს რომ არ დაეჭირათ კეზერაშვილი, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი მთავრობა 100 წელი ვერ მოახერხებდა მისი ბრალდების წარდგენას, დასაბუთებას და მის პასუხისმგებაში მიცემას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ მთვარი პროკურატურა ვერ ახერხებს ამ პირის ექსტრადიციას ქვეყანაში, ეს განაჩენი უნდა იყოს პროკურატურისთვის. მათ შორის ყველა იმ პროკურორის, რომლის შუამდგომლობას და მოთხოვნას მოჰყვა ეს შედეგი. როგორც იურისტი განმარტავს, ეს პროკურორები სამსახურს უნდა ტოვებდნენ.
იურისტი სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რომ კეზერაშვილი წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას, ამიტომ გაცილებით უფრო მეტი მტკიცებულებებია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალის შემთხვევაში.
„არსებითად ეს საქმე განიხილება თებერვლის ბოლოს და მაშინ ვნახავთ შედეგს. მაგრამ პროკურატურამ უნდა წარადგინოს მეტი მტკიცებულება. ერთი მხრივ, ეს არის ფინანსური კატეგორიის საქმე, მეორე მხრივ პოლიტიკურ ფიგურას ეხება ეს საქმე.
არსებობს საქართველოს ყოფილი პერზიდენტის წერილი, რომელიც მისწერა სასამართლოს, დაქირავებული ჰყავთ ადვოკატები, ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობს, პროკურატურას გაცილებით მეტი მტკიცებულების მოპოვება და მეტად მუშაობა მოუწევს. რამდენად იკვეთება ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფიგურის მიმართ გარკვეული ბრალეულობა, ვიდრე რიგითი ბრალდებულის მიმართ, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ბრალდების მხარეს გაცილებით მეტი ხარისხით მოუწევს სასამართლოზე თავისი პოზიციის დაფიქსირება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.
პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ „თუ გინდა მიზანს მიაღწიო, გამოუცდელი, ახალგაზრდა პროკურორის გაგზავნა არ შეიძლება სახელმწიფო მნიშვნელობის საქმის წარსადგენად“. ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ 27 თებერვალს, საბოლოო განაჩენით კეზერაშვილი გათავისუფლებული იქნება პასუხისმგებლობიდან.
„ეს საქმე ბევრ კითხვებს ბადებს. ჯერ ერთი - პარალელი ოქრუაშვილის საქმესთან - იქაც თავდაცვის მინისტრი და აქაც, იქაც საფრანგეთი და აქაც, იქაც ექსტრადიციის მოთხოვნა, უარის თქმა, თავშესაფარის შეფარდება და აქაც. მაგრამ, ასე თუ გავყებით, სხვა კითხვებიც მოყვება.
ოქრუაშვილის შემთხვევაში ვიცით, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ოქრუაშვილისთვის ღამის თორმეტ საათზე საფრანგეთის ვიზის ჩარტყმა, ბილეთებიც დაჯავშნული იყო და გაიყვანეს ქვეყნიდან. ამის მერე, არანაირი ზომა არ იქნა მიღებული ოქრუაშვილის საწინააღმდეგოდ არც პერსონალურად (მისი ოჯახი თავისუფლად მოგზაურობდა პარიზისა და თბილისს შორის) არც ფინანსურად იმ თანხების დასაბრუნებლად, რაც უდავოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან და „ატკატებიდან“ იქნა მითვისებული და რისი დამტკიცება არ გაუჭირდებოდა წინა რეჟიმს, ეს რომ სდომოდა, მაგრამ არ მოინდომა.
პარალელებს თუ გავყვებით არ შეიძლება არ დასვათ კიდევ ერთი კითხვა - ნუთუ ეს განზრახ ხდება და ნუთუ უკვე გამოცდილი მოდელი ისევ თამაშდება? ვითომც გაძევება, ვითომც ექსტრადიციის მოთხოვნა, მაგრამ არასერიოზულად დასაბუთებული. ვიცით, რომ თუ არა უსერიოზულესი დასაბუთება, ამ შემთხვევებში საფრანგეთი თავს იკავებს ექსტრადიიციისგან, მეტადრე, როცა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები ჩნდება. შედეგი იგივეა „ნაციონალური მოძრაობა“ კეზერაშილის სახით ინარჩუნებს უზარმაზარ რესურსებს. ამ ბოლო ეპიზოდში ჩანს, რომ ფულის დახარჯვა ლობისტებზე და მედიაზე არ უჭირთ.
რამდენი გამდიდრებული თავდაცვის მინისტრი უნდა გაუშვას ამ გაღატაკებულმა ქვეყანამ პარიზში საგრიალოდ და რაც მთავარია როდის ეღირსება ეს ქვეყანა იმის გაგებას, თუ ვინ ვაჭრობდა იარაღით, როცა ქვეყანას ომისთვის ამზადებდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინისგან დაძველებული და უვარგისი იარაღის შეძენაზე, რა შეთანხმება შედგა… და ისრაელთან შეიარაღებაზე. პარლამენტიც ამ თემებზე დუმს, ვითომც და არაფერი“, -წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.