საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია უკვე გამართა.
„ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკად წასვლაც - ამ სიტყვებით მოგმართეთ ორიოდე თვის წინ, როცა პოლიტიკიდან წავედი და ამავე დროს მიგანიშნეთ ჩემს მომავალ საქმიანობაზე. დიახ, თავისუფალი მოქალაქეობა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაცაა და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია „მოქალაქე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორი წარმატებით აისრულებს ივანიშვილი მორიგ ოცნებას, ძირითადად მის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ობიექტურობაზე იქნება დამოკიდებული. მართალია, ორგანიზაციის პრეზენტაციისას ივანიშვილმა ხელისუფლებას სიტყვაც შეაწია, მაგრამ საინტერესო იქნება, საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს მისი მოღვაწეობა მუშაობის პროცესში.
საზოგადოებრივ სექტორში ახალი სუბიექტის შემოსვლასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ ბევრია. მოსალოდნელია თუ არა საზოგადოებრივ სექტორში სერიოზული ძვრები, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, როდესაც ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფორმირების პროცესი დასრულდება და მათ მიერ დადებული პირველი ნამუშევრის ხილვის საშუალება მოგვეცემა.
ექსპერტები თვლიან, რომ იმის მიუხედავად, რა ტაქტიკასა და სტრატეგიას აირჩევს ივანიშვილი ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი შემოსვლით ამ სექტორში კონკურენცია გაიზრდება.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ რა თქმა უნდა, საინტერესოა ივანიშვილის როლი სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში, მაგრამ გარკვეული წესები უკვე ჩამოყალიბდა ქართულ რელობაში, მრავალი ასეული სუბიექტი საქმიანობს არასამთავრობო სექტორში და აქედან გამომდინარე, ცხადია, ინტერესი ახალი ორგანიზაციის მიმართ მაღალია.
„სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს კეთილგანწყობა ამ სიახლის მიმართ, მაგრამ ეს ისეთი სისტემაა რომელიც მუდმივად კმაყოფილი არაფრის და არავისი არ არის. შესაბამისად, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყოს და არც მის მიმართ კმაყოფილებით უნდა იყოს თავბრუდახვეული. ნებისმიერ შემთხვევში პარტნიორული საქმიანობა უკეთესი შედეგის მომტანია თავად იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც აქტიურობს სამოქალაქო საზოგადოება“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
როგორც ივანიშვილმა პრეზენტაციისას აღნიშნა, „მოქალაქის“ გარდა კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებზე იქნებიან ორიენტირებულნი. ესეც თავისთავად საინტერესო ტაქტიკაა და ბუნებრივად აჩენს კითხვებს საბოლოო მიზნებზე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ თუკი რამდენიმე პარალელური ორგანიზაცია იქმნება, რა თქმა უნდა, არის საფრთხე განმეორდეს ნაციონალებისეული რამ, როდესაც არსებობდნენ მკაფიოდ გამოხატული ერთი პოლიტიკური ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციები და საკმაოდ მედგრად იცავდნენ ხელისუფლებას ნებისმიერ ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე.
„ასეთი პერსპექტივა არსებობს უდავოდ, მაგრამ მეორე მხარეა - კი იცავდნენ, მაგრამ რამე გამოვიდა აქედან? თუკი ჩანაფიქრი ასეთია, დიდად პროდუქტიული ვერ იქნება. მაგრამ თუ უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ შეიქმნას რაც შეიძლება მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა პროფილი და საქმე ექნებათ, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება, უფრო შედეგიანი რამ მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ“, - აცხადებს საყვარელიძე.
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორში იწყებს გააქტიურებას, ჩვენ ვიცით მისი ხელწერა, როგორც პოლიტიკოსის (ბიზნესი მან ქართული სივრცის მიღმა ააშენა) და შეიძლება, სამომავლო გეგმებზე ამის გათვალისწინებით ვისაუბროთ.
„პოლიტიკური სპექტრიდან აარჩია რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი და შექმნა კოალიცია, პლუს - თავისი პარტია. რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი დარჩა მის მიღმა. ისე ჩამოყალიბდა პოლიტიკური სივრცე, რომ ერთ მხარეს აღმოჩნდა „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - „ნაციონალური მოძრაობა“. მიმართავს თუ არა ამ ხელწერას არასამთავრობო სექტორში გააქტიურებისას, ჩვენთვის უცნობია. თუ ანალოგიურ ტაქტიკას გაიმეორებს, არსებული სპექტრიდანაც უნდა შეარჩიოს არასამთავრობოები, რომელსაც კოალიციის ფორმას მისცემს. გარეთ დარჩება რაღაც სექტორი, რომელიც შეიძლება ოპონენტის როლში აღმოჩნდეს. თუკი რამდენიმე არასამთავრობო შეიქმნება მის ბაზაზე, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ხელწერას არღვევს და ახალი სუბიექტები შემოჰყავს. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება კონკურენცია“, - მიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
ძნელი სთქმელია, რამდენად შეიძლება შევიტანოთ ყოფილი ხელისუფლების დამსახურებათა სიაში, მაგრამ მისი წყალობით საზოგადოება ბევრად უფრო კრიტიკული და ეჭვიანი გახდა პოლიტიკური თამაშების მიმართ. ივანიშვილის მიერ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისთანავე გაჩნდა ეჭვები, რომ ხელოვნურად ხომ არ მოხდება საზოგადოებრივი აზრის შემქმნელთა რიგების გადახალისება, ისე როგორც ამას ნაციონალები აკეთებდნენ? ექსპერტები თვლიან, რომ ამ ეტაპზე ამ პროცესში ხელოვნურად ჩარევა შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.
ხათუნა ლაგაზიძე: „მოხდება თუ არა ჩანაცვლება და არსებული სივრცის განეიტრალება, ამაზე საუბარი ნაადრევია, საკმაოდ რთულიც იქნება. დიდი პატივისცემის მიუხედავად არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს საზოგადოებაში არსებულ ინტელექტუალურ ძალებზე, რომლებიც ჯერჯერობით არ არის გააქტიურებული. ამიტომ ვფიქრობ, რთული იქნება ჩანაცვლება იმ პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც არასაპარლამენტო ოპოზიციას ქმნიან. რთული იქნება ჩაანაცვლო მოქმედი სამოქალაქო სექტორი. ბევრი მათგანი გაცილებით მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევა დასავლეთში, ვიდრე არასაპარლამენტო ოპოზიცია და გაცილებით მაღალი მხარდაჭერაც აქვთ. მაღალი პროფესიონალიზმითაც გამოირჩევა, რადგან ცდილობენ ის მაღალკონკურენტული კადრები მიიზიდონ, რომლებიც არ მიდიან წარუმატებელ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საკმაოდ მაღალი პოპულარობითაც გამოირჩევა, საკუთარ იმიჯს ფრთხილად ეკიდებიან და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური კადრებიც სიამოვნებით მიდიან მათთან სამუშაოდ სწორედ ამ პრესტიჟისა და პერსპექტიულობის გამო. ამიტომ მათი გვერდზე გაწევა უფრო რთული იქნება ვიდრე მაგალითად, არასაპარლამენტო ოპოზიციისა. თუმცა, თავისთავად, კონკურენციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ ეს იქნება კონკურენცია საზოგადოების განვითარებისთვის“.
რამაზ საყვარელიძე: „მეც მარგუნა ბედმა ხვედრი, რომ ვმონაწილეობდი ამ პროცესში, მაგრამ ჟურნალისტები წყვეტდნენ ამას. გარკვეული ორიენტაციის ექსპერტები საერთოდ, „შავ სიაში“ ვიყავით შეყვანილი და „რუსთავი 2“ იქნებოდა თუ პირველი არხი, არც ერთ მათგანზე ჩვენი ადგილი არ იყო. თუ შევრჩით საინფორმაციო სივრცეს, იმიტომ, რომ არსებობდა „მაესტრო“ „კავკასია“ და ა.შ. ჟურნალისტებზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა ასეთი ჩანაცვლება.
სოსო ცისკარიშვილი: „საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში არ არსებობს ვინმეს დანიშვნა. ეს თითოეული ინდივიდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე ათეული პირი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის მიმართ ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე უცხო პირების მიმართ, ვისთვისაც, მაგალითად, სამოქალაქო სექტორში დასაქმება თავშესაფარი იყო. წინასწარ საუბარი ძნელია. შეიძლება, ცნობადი სახეებიც აღმოჩნდნენ ახალ ორგანიზაციაში - ყველაფერი გააზრებული იქნება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მიერ. ცვლილებელი გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და არა ვინმეს ნების განხორციელების შედეგი. საზოგადოებას თავისი ავი თუ კარგი, მაგრამ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები აქვს, ვინ არის მისთვის საინტერესო, რატომ არის საინტერესო და აქ „თინეიჯერების“ „დანიშვნა“ აზრთა გამრიგედ, ნამდვილად შეუძლებელი იქნება“.
მართალია, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტოთა ნაწილიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა საკუთარი ორგანიზაცია ხელისუფლების პოზიციების გასამყარებლად შექმნა, მაგრამ საინტერესოა, რა იქნება რეალურად, რა ტენდენცია გამოიკვეთება მუშაობის პროცესში? შეიცვლება თუ არა საზოგადოებრივი სექტორის გავლენის დოზები ხელისუფლებაზე? რა იქნება „მოქალაქის“ მიზანი? დაიკავებს ხელისუფლების დამცველის პოზიციას თუ იქნება ობიექტურად კრიტიკული. წლების მანძილზე საზოგადოება შეეჩვია, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი არასამთავრობოებით ცდილობდა მმართველი პარტია პოზიციების გამყარებას უცხოეთსა თუ საქართველოში. ამდენად, ჭეშმარიტად მაღალი ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ ჯერ კიდევ სამომავლო პერსპექტივაა. ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ახალი ორგანიზაციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული მისი, როგორც სამოქალაქო სუბიექტის იმიჯი და ავტორიტეტი, ხოლო ივანიშვილი ხელისუფლების ადვოკატირებით საკუთარ ავტორიტეტს საფრთხეს არ შეუქმნის.
როგორც სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, თეორიულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ფარული თუ აშკარა ოცნება შეიძლება იყოს გავლენის მოხდენა სახელისუფლებო სტრუქტურებზე და ეს დამოკიდებულება არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ქართული რეალობისთვის, არამედ ევროპისთვისაც, სადაც არასამთავრობო სექტორი საკმაოდ ძლიერია.
„თუ ახალი სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტის გავლენა არსებულ ხელისუფლებაზე იქნება თვალსაჩინო და საამისო მტკიცებულებებიც გაჩნდება, მაშინ მას უკვე მოუწევს თავდაცვის რეჟიმში გადასვლა, რადგან ასეთი რამ ბუნებრივად არ ხდება. შეიძლება რომელიმე ინდივიდს ანგარიშს უწევდეს რაღაც ნაწილი სახელისუფლებო სტრუქტურების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ინსტიტუცია იყოს შერჩეული, როგორც დომინანტი. ეს უმალ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს სხვა არასამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და შემდგომ ასეთი მაღალი ამბიციების მქონე არასამთავრობო სტრუქტურას შეიძლება, თავდავცის რეჟიმში უფრო მოუწიოს მუშაობა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებისთვის აქტიური რჩევების მიცემის ციკლში“, - თვლის სოსო ცისკარიშვილი.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ნაბიჯი, რაც ივანიშვილმა გადადგა, პერსპექტიული, საჭირო და მნიშვნელოვანია არა იმდენად პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ - ზოგადი კულტურული თვალსაზრისითაც.
„ბევრი რამ, რასაც ვერ აკეთებს არასამთავრობო სექტორი, იმიტომ, რომ მისი დამკვეთი არის ქვეყნები ან ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოს თემატიკა კარგად არ ესმით - ეს შეუძლია აიღოს თავის თავზე ამ ორგანიზაციამ. თუ მან საკუთარ თავზე ხელისუფლების დაცვა აიღო, ეს პერსპექტივა ძალიან ცუდი იქნება თვითონ ამ ორგანიზაციების და ივანიშვილისთვის პირველ რიგში. ვგულისხმობ იმას, რომ ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია განსაზღვროს, რა არის მისთვის მომგებიანი და რა არა. თუკი ივანიშვილის არასამთავრობოებმა არაეფექტური ხელისუფლების, თუკი ეს ხელისუფლება ასეთი აღმოჩნდა, ადვოკატობა აირჩია, ხელისუფლებას ეს ვერ უშველის. „ენჯეოების“ ავტორიტეტი, რომლებიც ხელისუფლების ადვოკატები იყვნენ, როგორი იყო, მოგეხსენებათ. ამ თვალსაზრისით, არ მგონია ივანიშვილისთვის მომგებიანი იყოს ამ, ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლების ადვოკატის როლი“,- მიიჩნევს საყვარელიძე.
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, საინტერესოა, რა ტიპის იარაღი იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თვითონ ივანიშვილის ხელში - ეს იქნება ის იარაღი, რომელიც მუდმივად აიძულებს ხელისუფლებას, რომ იყოს ფხიზლად და იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ თუ ეს იქნება იარაღი, რომელსაც გაუჭირდება მის მიერ შექმნილი ხელისუფლების კრიტიკა.
„თუ გავითვალისწინებთ მის პრაგმატიზმს ბიზნესსა და პოლიტიკაში დარწმუნებული ვარ, ამ პრაგმატიზმს არ დაკარგავს არასამთავრობო სექტორში ყოფნის დროსაც. თუკი ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩამოყალიბებულ ხელისუფლებას იმდენი შეცდომა დაუგროვდა, რომ მასზე თვალის დახუჭვა თავად ხელისუფლებისთვის იქნება დამღუპველი, ნაკლებად მგონია ისეთი პოლიტიკა აირჩიოს, რომ არ მიუთითოს ახლადშექმნილი სამოქალაქო სექტორის მეშვეობით შეცდომები და სწორი გზა. თუმცა დისტანცირება საკუთარი პირმშოსგან ყოველთვის რთულია ნებისმიერ სფეროში. დღეს მისი მთავარი ამოცანა არის სწორედ ეს, რამდენად შეძლებს მის მიერ დატოვებული ხელისუფლებისგან დისტანცირებას და რამდენად ობიექტური იქნება მის შეფასებაში.
დარწმუნებული ვარ ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, თუ დაინახავს მის მიერ დატოვებული ხელისუფლების შეცდომებს, მას საკუთარ მოქალაქეობრივ იმიჯს გადააყოლებს. მაშინ რა აზრი აქვს ამ სამოქალაქო სექტორის შექმნას, თუკი მისი იმიჯი ხელისუფლების იმიჯთან ერთად ჩაიძირა. სწორედ იმის გამო, რომ პერსპექტივაზე ითვლის, დარწმუნებული ვარ, ის დამოუკიდებულ ორგანიზმად განიხილავს ამ ახლადშექმნიდ სამოქალაქო სექტორს და არა დანამატად და „გამპრავებლად“ ხელისუფლების ქმედებების“, - მიიჩნევს ლაგაზიძე.
როგორ გადალაგდება ფიგურები საზოგადოებრივი სექტორის ველზე, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოჩნდება, შედარებით მეტი დრო დასჭირდება საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას, თუმცა სავარაუდოდ ივანიშვილის იმიჯი ის „ფორაა“, რაც ახალ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს უკვე უპირობოდ გააჩნია.
როგორც სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, საზოგადოების ნდობა ამა თუ იმ სტრუქტურის მიმართ განაპირობებს ზოგად მხარდაჭერას იდეისა.
„თუ ეს იქნა ნაკლებად საჯარო კომუნიკაციის მატარებელი ურთიერთობა, ეჭვიანობა ახასიათებს არასამთავრობო სექტორსაც, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, შეიძლება არასწორი დასკვნებიც იყოს გამოტანილი, რაც საზიანო იქნება თავად საზოგადოების განვითარებისთვის“, - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
მისივე ვარაუდით, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, „შეიძლება პირველი ორი თვე იყოს რაღაც ტექნიკური პრობლემები, საკუთარ ფუნქციასთან შეჩვევის პროცესიც არ იქნება უმტკივნეულო“, - თვლის ცისკარიშვილი...