„წინა დღეს 29 წლის ოფიცერი შიმშილით დაგვეღუპა“

„წინა დღეს 29 წლის ოფიცერი შიმშილით დაგვეღუპა“

ამბოხება თუ პროტესტი? ეს არის კითხვა რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტს სათავეში პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ედგნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულები პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ. თუმცა, გამოძიებამ არ დასვა კითხვა, რა მოხდა მუხროვანში 2009 წლის 5 მაისს.

ამ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 იანვარს ინტერნეტით გავრცელდა კადრები, რომელიც მუხროვანშია გადაღებული. კადრებიდან ჩანს როგორ იძლევა ბრძანებას ყოფილი შს მინისტრი „ორი გვამის“ მოთხოვნით. გამოძიებამ უკვე დაკითხა ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძეს სახელს უკავშირდება 2001 წლის 25 მაისის ამბოხიც.

მაშინ ამბოხებულები საყოფაცხოვრებო პრობლემების მოუგვარებლობის გამო, სამხედრო ნაწილში ხელისუფლების წარმომადგენელთა მისვლას მოითხოვდნენ, თუმცა ვითარება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა განმუხტეს. მოლაპარაკების შედეგად, კრიალაშვილმა და ოთანაძემ დაუმორჩილებლობა შეწყვიტეს.

ამბოხებულებს შეხვდა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა და ამით სიტუაციაც განიმუხტა. პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი უკრაინაში სასწავლებლად გაამგზავრეს, ხოლო პოლკოვნიკი კობა ოთანაძე დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი კობა ოთანაძე აცხადებს, რომ მაშინ მათ ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წასვლა მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ აიძულა, რაც სასოწარკვეთაში აგდებდა როგორც ოფიცრებს, ისე რიგით ჯარისკაცებს.

 „არ იყო ამბოხი. ჩვენ ყველანი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ვიყავით, ვიყავით შეიარაღებული და იქ ამოვიდა შევარდნაძე. ეს იყო პროტესტი. წინა დღეს 29 წლის ოფიცერი შიმშილით დაგვეღუპა, ეს გახდა პროტესტის მიზეზი. წელიწადი და 6 თვის გაუცემელი იყო ხელფასები.

ჯარისკაცები ერთი წელი ისე მსახურობდნენ, რომ სამხედრო ფორმა არ ჩაგვიცმევია და საჭმელი არ გვიჭმევია. სატანკოს მეთაური ვიყავი, ჯარსკაცები რომ მოდიოდნენ ტანკის ტარებას ვერ ვასწავლიდით და იცით რატომ? იმიტომ, რომ საწვავი არ გვქონდა და ჰაერზე ვიძლეოდით ტანკის მართვის მოწმობას. ასეთი ვითარება იყო მაშინ თავდაცვის სამინისტროში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა ოთანაძე.

2001 წლის 25 მაისის ამბოხთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე. როგორც ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერჯერობით კომნეტარს არ გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ მაშინ პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე მალევე დაიხურა.

2001 წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ სოციალური მოთხოვნით სამხედროების პროტესტს ადგილი ჰქონდა კოჯრის სამხედრო ნაწილში. პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას და მის თანამზრახველ ოფიცრებს პროტესტის ნიშნად ტანკები არ გამოუყვანიათ, მაგრამ ჟურნალისტებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს, სამხედრო ფორმები გაიხადეს და პროტესტის ნიშნად, დატოვეს სამხედრო ნაწილი. თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით თევზაძე სამხედრო ნაწილში მომხდარ ოფიცერთა ამბოხს გარედან ინსპირირებულს უწოდებდა.

ზუსტად 8 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა. ისევ მუხროვანი, ისევ დაუმორჩილებლობა და ისევ იგივე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები - კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი. როგორც ცნობილია, მუხროვანის დაუმორჩილებლობამდე კრიალაშვილი უკრაინიდან წინა დღეს დაბრუნდა. მაშინ ხელისუფლებამ მუხროვანში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი, ლევან ამირიძე ამბობს, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ბაზაზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ პროტესტს. მისი თქმით, იგი კიდევ ერთ სამხედრო მაღალჩინოსანთან, შოთა გორგიაშვილთან ერთად თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. ამის მიზეზი კი 26 მაისს დაგეგმილი აღლუმი და იმ პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო.

„ეს არ იყო ამბოხი. ეს იყო ჩვენი მეთაურების პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. კრიზისული სიტუაცია იყო. სამთვიანი საპროტესტო აქციები, რუსთაველის გამზირის კარვების ქალაქად გამოცხადება, პარლამენტი პარალიზებული იყო და არსებობდა იმის წინაპირობა, რომ განმეორებულიყო შვიდი ნოემბერი. ხელისუფლება აპირებდა წინაასააღლუმო მზადების ჩატარებას, რასაც მოჰყვებოდა კარვების ქალაქის აღება - უნდა გამოყენებულიყო ძალა.

იმ პერიოდში ვიყავი სპეცსოპერაციების დაჯგუფების რეინჯერთა ბატალიონის მეთაური. კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების მმართველობის ფსიქოლოგია. ზუსტად ვიცოდი, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ, რაც მოგვიანებით, 26 მაისს შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა - ჩვენ ვნახეთ სახურავებზე შემოგდებული გვამები. ეს მოხდებოდა 2009 წლის მაისშიც.

ეს რომ არ მომხდარიყო, ეს გავაპროტესტეთ რამდენიმე მეთაურმა და ამას არც ვმალავდით, პირად საუბრეშიც ყოველთვის ვიძახდით, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. სახელმწიფოში არსებობდა სპეციალური ქვედანაყოფები, ვისაც ასეთი ოპერაციების ჩატარება ევალებოდა და აქ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ქვედანაყოფები არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან ამირიძემ. 

კობა ოთანაძის განცხადებით, იგი იმ პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ მუშაობდა და გადამდგარი იყო. თუმცა მან მუხროვანის ბატალიონში ლევან ამირიძე მიიყვანა მანქანით. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით აპირებდნენ მეთაურები პროტესტის გამოხატვას, ოთანაძე აცხადებს, რომ საუბარი იყო პრესკონფერენციის გამართვაზე.

„ლევან ამირიძე ავიყვანეთ ნაწილში. წინა დღეს დააკავეს მისი შტაბის უფროსი გორგიაშვილი. ესენი აპირებდნენ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას. ჟურნალისტები უნდა მოსულიყვნენ. ვერ შეძლეს პროტესტის გამოთქმა და ეგრევე ალყაში მოგვაქციეს. მოკლედ, ლევანი ავიყვანეთ იქ და ასე მოვხვდი მუხროვანის ბაზაზე, თუმცა ბაზის ტერიტორიაზე,  შიგნით არ ვყოფილვარ და უიარაღოდ ვიყავი. ამბოხის ორგანიზატორი მე როგორ ვიქნებოდი, როცა არც ნაწილის მეთაური ვიყავი და არც ხალხი მყავდა.

გია კრიალაშვილი ჩვენთან იყო. ერთად ვიყავით სახლში მე და გია. ლევან ამირიძემ გამოგვიარა და გვითხრა რაც ხდებოდა და ბაზაზე ავიყვანეთ. უკან ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ უკვე ალყაში ვიყავით, ვერ გამოვაღწეთ იქიდან. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კობა ოთანაძემ.