ალექსანდრე ჭიკაიძემ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ალექსანდრე ჭიკაიძემ მემორანდუმს მოაწერა ხელი

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს პროექტის „პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება – მეორე ეტაპი“ (Strengthening of the Prevention and Preparedness System- Phase II) ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება ბუნებრივი კატასტროფებისადმი მიდრეკილ ზემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას სტიქიური მოვლენებისაგან. ამასთანავე, პროექტის მიზანია საქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება, შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რისკების მართვის მეთოდოლოგიის სისტემური მიდგომის შემუშავება და მისი გამოყენება ეროვნულ დონეზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლების პროფესიული მომზადების სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობას, რათა გაუმჯობესდეს ოპერატიული რეაგირების სპეციალისტების შესაძლებლობები და მოხდეს ოპერატიული და მდგრადი რეაგირების სისტემის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სასწავლო კურსების ჩატარებას მუნიციპალური მეხანძრეებისა და მაშველებისათვის.

აღნიშნული პროექტი შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის სტრატეგიას (2013-2016) და მთავრობისა და საჯარო სამსახურების მიზნებს, ასევე ეფუძნება შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა დიდი ხნის თანამშრომლობას საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.