ნაციონალებმა 10 000 დროშის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადეს. საზოგადოებაში უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობის დროშა „ნაციონალურ მოძრაობას“ საპროტესტო აქციებისთვის სჭირდება. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ირწმუნებიან, რომ დროშების შესყიდვა პარტიული საქმიანობისთვის ხორციელდება, თუმცა ღირებულების ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არაფერია გასაკვირი, „ნაცმოძრაობა“ აქციებს გეგმავდეს, რადგან ამას დიდი ორგანიზება არ დასჭირდება. რაც შეეხება დროშებს და მის კავშირს საპროტესტო აქციებთან, ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს დროშებთან დაკავშირებით, თუმცა შეუძლია, ეს საკითხი გაარკვიოს და ინფორმაცია მოგვაწოდოს.
„უახლოეს ხანში, არანაირი განსაკუთრებული საპროტესტო აქცია არ იგეგმება. თეორიულად ეს გამოსარიცხი არაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია შეკრებები და მანიფესტაციები. ამიტომაცაა ეს კონსტიტიციური მუხლი. კონსტიტუციური უფლება კი დაცულია და პოლიტიკური პარტიების არსენალში მანიფესტაციები ყოველთვის არის. ასეთი აქციები ჩვენ მოგვიწყია კიდეც და მომავალშიც არ არის გამორიცხული“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
იძლევა თუ არა ეს ხელისუფლება საპროტესტო აქციების საბაბს, ამასთან დაკავშირებით იგი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება მატულობს. კერძოდ, როცა ქვეყანის ბიუჯეტი მილიარდით გარღვეულია, ეკონომიკური სტაგნაციაა და ლარის კურსი ეცემა, ეს ყველა მოქალაქისთვის თვალშისაცემი და პრობლემური ხდება.
ჩვენი კითხვის საპასუხოდ, თუ რა რესურსი ექნება „ნაცმოძრაობას“ სოლიდური რაოდენობის მომხრეების მობილიზებისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რას ვეძახდით სოლიდურ რაოდენობას?! როცა 7 ნოემბერი და 26 მაისი შევახსენეთ, სადაც უამრავი ადამიანი იყო გამოსული საპროტესტოდ, მან აღნიშნა „ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ვინმეს თვალში მეტი რაოდენობით წარმოვჩნდეთ. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ჩვენს აზრს. სამომავლო აქციებზე კი, რომელიც მომავალი ექვი თვის შემდეგ იქნება, თუ ერთი ან სამი წლის შემდეგ, რა რაოდენობის რესურსის მობილიზებას მოვახდენთ, ჯერ უცნობია, გააჩნია საკითხს. ჩვენ საზოგადოების ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რომელიც ემუქრება თითოეული ოჯახის შემოსავლებს. უმუშევრობა იზრდება და ეკონომიკა არ ვითარდება“, - გვითხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს. ის აცხადებს, რომ პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის და არც დროშებისა და არც აქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი პატარაია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ნებისმიერ პარტიას სჭირდება დროშა და მათ მიერ შეძენილი დროშებიც ხუთჯვრიანი იქნება და არა - გულებიანი, რომელიც მათ სააკაშვილმა უსახსოვრა. პატარაიას თქმით, ტენდერით შეძენილი დროშები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს დროშებია, რომლებიც რეგიონებში ნაციონალების პარტიულ ორგანიზაციებზე გადანაწილდება. ამიტომ არაფერი უჩვეულო არ არის, რომ მათ 10 ათასი დროშა სჭირდებათ და ეს კონკრეტულ საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ქმედითი დესტრუქცია მოაწყოს. მით უმეტეს, საზოგადოებაში აღარ არის ის აღფრთოვანება, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის შეიმჩნეოდა და ახალი ხელისუფლებაც კრიტიკულად რეალიზდა საზოგადოების თვალში.
რაც შეეხება მოტივაციას, რომლითაც ნაციონალები აღშფოთებულ ადამიანებს ქუჩაში გამოიყვანენ, არჩილ გამზარდიას ეეჭვება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები მათდამი გულწრფელი დამოკიდებულების შედეგი იყოს. სავარაუდოდ, აქ იქნება, ხელოვნურად ხელზე დახვეული გარკვეული გაუგებრობები და ყოველთვის იარსებებს მოვლენების ნეგატიურად აღქმის მიზეზი. სწორედ ამ მიზეზთა გამოყენება მოხდება ნაციონალების საპროტესტო აქციაზე.
„სხვათა შორის, მარტო დროშებთან დაკავშირებით არ გაჩენილა ეს მოსაზრება, რომ ნაციონალები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. თამარ ჩერგოლეიშვილმაც განაცხადა, რომ მათ გარკვეული ორგანიზაცია უნდა შექმნან, რათა პრემიერი დაატრენინგონ, რომ მომდევნო ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს და არა უფრო ადრე, ანუ გარკვეული ღონისძიებების შედეგად. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ასეთ დამოკიდებულებებს შორის გარკვეული საერთო ინტერესიც იყოს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რამდენიმე მიღწევას შორის ყველაზე მეტად ითვლება ტერორის ნაკლებობა და ბევრად უფრო ლიბერალური პოლიტიკა აქციებთან მიმართებით. გაიხსენეთ სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქცია საჯარო ბიბლიოთეკასთან, ასევე, 17 მაისის დაპირისპირება, მაშინ სახელმწიფომ შედარებით უფრო ლიბერალური პოზიცია გამოხატა. ამიტომ, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ გამოიყენებს ამას და შეეცდება, მაქსიმალურად მოაწყოს იმის პროვიცირება, რომ დესტრუქციაში გადაიტანონ პროცესები. ან კიდევ, სახელმწიფო წარმოაჩინონ სუსტად“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
მისი თქმით, მთელი ეს გარემოებები იქითკენ მიდის, შეძლებს თუ არა ნაცმოძრაობა ხალხის მობილიზებას. მათი ერთ-ერთი ბოლო დახურული აქცია კი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ამდენად, არჩილ გამზარდიას თქმით, ყოველთვის შეიძლება იპოვო ადგილი და საპროტესტო აქციის ისეთი პრომოუშენი მოაწყო, რომ ის შთამბეჭდავად წარდგეს როგორც სატელევიზიო ეთერში, ისე გარედან დასანახად. ამიტომ ნაციონალთა სარეზერვო ფონდი, ადამიანების რაოდენობა საკმარისია საიმისოდ, რომ შთამბეჭდავი აქციები მოეწყოს.
„თუმცა სადამდე წავა ეს დესტრუქცია?! თავად მათ მოაწყეს დესტრუქცია - 7 ნოემბერს, 26 მაისს და ეს გაუვიდათ. პრაქტიკულად, ყოფილ ხელისუფლებას ეს შერჩა. ამ ხელისუფლებას კი ეს უფრო გაუჭირდება, რადგან მათ მკვეთრად ძლიერი ოპოზიცია ჰყავთ, თავისი ფინანსური რესურსებით. მით უფრო, თვის ბოლოს საფრანგეთში ექსტრადიციის შესახებ სასამართლო იმართება და კეზერაშვილის ექსტრადაცია თუ არ მოხდა, ეს „ნაცმოძრაობისთვის“ მეტი ბიძგი იქნება“, - გვითხრა არჩილ გამზარდიამ.
ცნობისთვის, ნაციონალების დროშების ღირებულების ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შეთავაზებული საქონლის აღწერილობა და წინადადების ფასი საქონლის მიწოდების ადგილამდე. ტენდერის ვადა 2014 წლის 5 თებერვალს იწურება.