გლდანში პენსიონერი ქალი ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ სახლში მოკლული იპოვეს - რას ყვებიან მეზობლები

გლდანში პენსიონერი ქალი ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ სახლში მოკლული იპოვეს - რას ყვებიან მეზობლები

სასტიკი დანაშაული თბილისში - გლდანში ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, პენსიონერი ქალი სახლში დასახიჩრებული მოკლული იპოვეს. როგორც ქალის მეზობლები for.ge-სთან ყვებიან, ქალი 23 ნოემბრის შემდეგ მეზობლებს აღარ დაუნახავთ. მათი თქმით, სასტიკად მოკლული პენსიონერი შვილმა და შვილიშვილმა საკუთარ სახლში იპოვეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, მათ ეჭვი აქვთ, რომ ქალი ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. მას უბანში რამდენიმე ფართი ჰქონდა გაქირავებული, ასევე თავადაც ვაჭრობდა. დიდი ალბათობით, იცოდნენ, რომ მარტო ცხვრობდა, ამიტომ ფულის გამო სასტიკად მოკლეს.

„ეს ქალი 23 ნოემბრის შემდეგ აღარ გვინახავა. შვილი ჰყავდა ცუდად, გაცივდაო მითხრა და იქ წავიდა, ვიფიქრე. თურმე შვილი კიდევ ორი დღეა, რაც ურეკავს და ვერ დაუკავშირდა. ტელეფონი ეტყობა დაჯდა და გაითიშა. მერე ერთ-ერთი მეზობლისთვის დაურეკია დედაჩემი ხომ არ დაგინახავთო. არაო - მეზობელმა, ორი დღეა არ გამოჩენილაო. მოვიდა ეს გოგო შვილთან ერთად და კარზე უკაკუნებდა. რომ არავინ გაუღო, მერე პოლიცია გამოიძახა. შეამტვრიეს კარი და საზარელი სურათი დახვდათ. მისაღებ ოთახში იწვა ქალი, ფაქტობრივად, დაჩეხილი. ჭრილობები ჰქონდა, დიდი ალბათობით, ნაჯახით მიყენებული. კაციშვილს არაფერი გაგვიგია. ასეთი საზარელი მკვლელობა ასე როგორ ჩაიდინა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო?! ქალი სისხლში ცურავდა, ისეთი მძიმე სანახავი იყო. მთელი სახლი არეული დახვდათ, ეტყობა ფულს ეძებდნენ“, - ამბობს მოკლული ქალის მეზობელი for.ge-სთან.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ დამნაშავე ქალს კარგად იცნობდა და მან კარი ამიტომ გაუღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უცხოს კარს არ გაუღებდა.

„პოლიციასაც ეს ვუთხარით და ამას გავიმეორებ, რომ ის კარს უცხოს არ გაუღებდა. ეს არის ვიღაცა შინაურის გაკეთებული, რომელსაც საწყალი ქალი კრგად იცობდა. რასაც ყიდდა ფანჯრიდან გადმოგვაწვდიდა ხოლმე, კარსაც არ აღებდა. ამიტომ, საღამოს ასე უხმაუროდ ვიღაცა მისულიყო და კარი გაეღო უცხოსთვის, გამორიცხულია. თანაც იმ ვიღაცამ კარი ისევ შიგნიდან დაკეტა თუ გარედან დაკეტა, ამასაც პოლიცია გაარკვევს. ძალიან საეჭვოა, რომ ეს უცხოს გაკეთებული იყოს. ძაღლი ჰყავდა და რომ გავიარე, ეს ძაღლი ფანჯრიდან იყურებოდა და გარბოდა, გამორბოდა.

კი დავეჭვდი, ძაღლს ასე მარტო არასდროს ტოვებდა, მაგრამ რა აზრზე მოვიდოდი, რომ ასეთი საზარელი დანაშაული იყო ჩადენილი. მე მგონია, რომ შინაურის კვალზე გავა გამოძიება და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ალბათ, იმასაც გაარკვევენ, არის თუ არა რამე წაღებული. ფაქტია, რომ მკვლელი ფულის გამო იყო მისული. არც ისაა გამორიცხული, იმიტომ მოკლა, რომ მან იცნო და სხვა გზა არ ჰქონდა. ის ვარაუდიც კი გაჩნდა, რომ ცხედრის ასე დასახიჩრების მიზეზი მისი გაქრობა იყო. ალბათ, აპირებდა სახლიდან გატანასაც და ვერ მოასწრო“,-გვიყვება კიდევ ერთი მეზობელი.