დათა ახალაია

დათა ახალაია "ნაციონალებს" ისევ დაემუქრა?

"ალია" – "ქრონიკა" არაერთხელ წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ხშირად წამოუთაქებდა ხოლმე, პანჩურების ამორტყმა კიდევ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამას თითქმის მისი ყველა ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს. ერთადერთი, ვისაც ამას ვერ უბედავდა, ირაკლი ოქრუაშვილი გახლდათ. "სახალხო კრების" წევრი, ლაშა ამირეჯიბის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას სააკაშვილი პირდაპირ ეთერში უყურებდა, ის შავნაბადას ბაზაზე იმყოფებოდა. როცა რუსთაველზე სპეცრაზმელები ხალხს დაესივნენ, ორივე მხრიდან ვერ მოასწრეს ჩაკეტვა, სპეცრაზმელები დაიღალნენ და ამიტომ მომიტინგეები რიყისკენ დაიძრნენ, შემდეგ კი გაიფანტნენ. როგორც "ალიას" წყარო უმტკიცებს, ეს კადრები ერეკლე კოდუამ გადასცა ქართველ ძალოვნებს იმის სანაცვლოდ, რომ ის ხელშეუხლობას შეინარჩუნებს. თუმცა, ლაშა ამირეჯიბის მტკიცებით, ფირი ინტერნეტსივრცეში დათა ახალაიამ ატვირთა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით დათა ახალაია "ნაციონალებს" ისევ დაემუქრა?

"ეს ყველაფერი მოდის დათა ახალაიასგან, რადგან სააკაშვილმა მისი ძმა გაწირა. კიდევ არსებობს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიას ბრალი უფრო დაუმძიმდება. სააკაშვილ-ახალაიების ვაჭრობა არ შედგა, არც ახალმა ხელისუფლებამ მოინდომა ამათთან გარიგება და ჯოხი ბაჩოზე გადატყდა. როგორც მე ვიცი, დათამ შეუთვალა კიდეც მიშას, ჩემს ძმაზე ნუ გადატეხთ ჯოხს, თორემ ძალიან სერიოზულ რაღაცებს დაგიდებთო. ამ რაღაცეებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ეს ფირი. მე ველოდები სხვა ფაქტების გამოჩენასაც. რაც შეეხება ერეკლე კოდუას, ის არ იმყოფება საქართველოში. ჩემი ინფორმაციით, იმ მომენტს იღებდა სამი კამერა - ერთი იყო ვანოსი, მეორე - დათა ახალაიასი, მესამე - ერეკლე კოდუასი. ამჯერად ეს ვიდეო გამოგდებულია ახალაიას მიერ", - ამბობს "სახალხო კრების" წევრი, ლაშა ამირეჯიბი.

"ურევია თუ არა ამ საქმეში ხელისუფლების ხელი? თუ დათა ახალაია სააკაშვილს დაემუქრა, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლებას, უბრალოდ, "ტუზი დაეცა". არადა, ცხადია, მიუნხენში ჩასული სააკაშვილი აშკარად დამფრთხალი ჩანდა, მას აღარც მერაბიშვილი აინტერესებს და აღარც ბაჩო ახალაია. ის უკვე ხვდება, ცივი ნიავი საიდან უბერავს და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს, ანუ ხელების დაბანას აპირებს. სააკაშვილი ისეთივე მეთაურია ამ საქმეში, როგორც აფრასიძეების ჩახოცვის საქმეში, ის იძლეოდა ბრძანებებს ყველა მკვლელობაზე და ამას არც არასოდეს უარყოფდა, პირდაპირ აცხადებდა ტელევიზიით, მე გავეცი ბრძანებაო. აქ ერთი საინტერესო საკითხი დგება დღის წესრიგში: რატომ ქმნიდნენ "ნაცბანდის" მეთაურები ისეთ კომპრომატებს, რაც მათსავე საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოეყენებინათ? არსებობს რამდენიმე ვერსია: პირველი - მათ ეგონათ, რომ მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ფეხებზე ეკიდათ; მეორე - არ ენდობოდნენ ერთმანეთს და ყველა თავისთვის სასარგებლოდ ქმნიდა კომპრომატს. ერთიც დასაშვებია და მეორეც. 2007-დან 2009 წლის ჩათვლით სააკაშვილ-მერაბიშვილსა და ადეიშვილ-ახალაიებს შორის დაპირისპირება არ იყო, ისინი "რუსეთის აგენტებს" ერთობლივი ძალებით ებრძოდნენ. შემდეგში კი ჯერ ახალაიები დაუპირისპირდნენ ზურაბ ადეიშვილს, ხოლო მოგვიანებით - ამ უკანასკნელს მერაბიშვილის მიმართაც გაუჩნდა პრეტენზიები", - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუხროვანის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას ეყოფა კი პოლიტიკური ნება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს? თუ გამოძიება ისე წავიდა უსასრულოდ, როგორც ლაფანყურის საქმე, საზოგადოების ემოცია და აგრესია ხელისუფლების წინააღმდეგ შეტრიალდება. რატომ რჩება კვლავ სამართლიანობის აღდგენა ყბადაღებულ თემად? ლაშა ამირეჯიბის თქმით, მაგალითად, არსებობს ასეთი ადამიანი - სამირ ხიალოვი, სუს-ის თანამშრომელი, ვაჟა ლელუაშვილის მარჯვენა ხელი, რომელმაც ვაჰაბისტები შემოიყვანა პანკისში ლაფანყურის სპეცოპერაციამდე ორი კვირით ადრე. ხიალოვი არის ძალიან სერიოზული ინფორმაციის მატარებელი ლაფანყურის ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს. ამ დროს კეთდება განცხადებები, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიება დასრულებულია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ალიასთან" საუბარში ლაშა ამირეჯიბი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს ხელს უშლის დიდი პრობლემები, რაც დღეს არსებობს კოალიციაში. "კოალიციაში ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს. სწორედ ამიტომაა, რომ ტელევიზიით გამოსვლისას "ნაციონალები" ჯიბეში ისვამენ "ოცნების" წარმომადგენლებს. კოალიციამ იმასაც კი ვერ მიაღწია, რომ ჰყავდეს მოლაპარაკე ადამიანები. ეს არც მიკვირს, "ნაცებს" 9 წელი ლაყბობის მეტი არაფერი უკეთებიათ. კოალიციაში, ერთიანი სული არ არსებობს და ირაკლი ღარიბაშვილის ერთგული ხალხი ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, დღეს ირაკლის პოლიტიკური თანამოაზრეები არ ჰყავს, კალაძისა და ივანიშვილის გარდა. მე პატივს ვცემ ამ ადამიანს, ძალიან კარგი ქართველია, მაგრამ ხელისუფლებაში არ ჰყავს დასაყრდენი, ამაზე უნდა იფიქროს", - დასძენს ლაშა ამირეჯიბი.