დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე:  ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას

დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე:  ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. 

ექსპერტის აზრით, ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ დაზვერვის ბუნების შეცვლას.

„თუ ჩვენში ჩაიარა უკვე „ვიწრო-კუთხურმა“ ეიფორიამ: „რაჭველი ქალი დაინიშნა ყველაზე საიდუმლო თანამდებობაზე!“, ცოტა დავწყნარდეთ: დიდი ალბათობით ბიოლოგიურად ის არაა ქართველი, უბრალოდ მის მამას ქართული გვარი მამინაცვლისგან (ბლეიზის ბაბუისგან) ერგო. ამას სჯობს განვიხილოთ მის დანიშვნასთან დაკავშირებული ზოგადი საფრთხეები და პროფესიულ დონეზე თუ არ მოვემზადებით მომავალი შეტევების მოსაგერიებლად, ლოცვები მაინც გავაძლიეროთ. მაშ ასე, 116 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა. ლიბერალური დღის წესრიგი დაკმაყოფილებულია, სათაურებიც აჭრელებულია, პუბლიკა ტაშს უკრავს. მაგრამ რაც მოხდა, ამის ძირითადი არსი არა გენდერულ ინკლუზიურობაში, არამედ თვით მმართველობის გენეტიკაში მდგომარეობს. ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას.

დღეს წარმატებულ აგენტებს სულ უფრო ხშირად არა ადამიანები წარმოადგენენ, არამედ ე.წ. „პრედიქტიული“ მოდელები, რომლებიც გამოიყენებენ ისტორიულ მონაცემებს ქცევისა და შედეგების სამომავლო პროგნოზირებისთვის. საქართველოს მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, რა ფატალურ შეცდომებს უშვებენ „ადამიანი-აგენტები“, რომლებიც ჩვენს დასამარცხებლად საქართველოს შესწავლის ისტორიულ ასპექტებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ჩვენნაირი „კერკეტი კაკლებისთვის“ ძალაუფლების განხორციელება, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმარების ველიდან − ისტორიული და მენტალური მონაცემების მოდულაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში გადადის.

მეტრეველი − არა პრეცედენტია, არამედ მასშტაბური ცვლილების მარკერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ის წლების განმავლობაში სწორედ Q განყოფილებას ხელმძღვანელობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს განყოფილება ჯეიმს ბონდის შესახებ სერიალთან ასოცირდება, სინამდვილეში Q − არა ფანტაზია, არამედ MI6-ის ლოგიკაში, სახელმწიფოს ტექნიკური ძალის გულის ფუნქციის მატარებელია.

სწორედ აქ იბადება ინსტრუმენტები, რომლებიც განაპირობებენ ინფორმაციის უფრო სწრაფად მართვას, ვიდრე ვინმე მოასწრებს მისი დამახინჯების დაფიქსირებას.

მეტრეველის ხელმძღვანელობით Q აღარ არის უბრალოდ საინჟინრო ლაბორატორია. ის აზრობრივი და ინტელექტუალური ომების არქიტექტურად იქცა. აქ მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მოდულები, რომლებიც წინმსწრებად პროგნოზირებენ არასტაბილურობის აფეთქებებს მთელი პლანეტის მასშტაბით. აქ იქმნება ნეიროქსელების ისეთი სკრიპტები, რომლებიც ქცევითი შაბლონების ამოცნობას სწავლობენ. აქ ავტომატიზებულია „სოციალური პანიკის“ მართვა ციფრულ კლასტერებში, რომლებიც აღიქმებიან როგორც ლოკალურები,  სინამდვილეში კი ცენტრალიზებულად იმართებიან.

კინემატოგრაფიულ მეხსიერებასთან შედარებით, Q განყოფილება აღარ აწარმოებს ტექნიკურ მოწყობილობებს − ის კონსტრუირებს ალგორითმების მითოლოგემებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრეველი განათლებით არა ინჟინერი, არამედ სოციალური ანთროპოლოგია − პირიქით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია. სწორედ ეს არის გარღვევის წერტილი ძველ დაზვერვასა და მის ახალ ფორმას შორის. ანთროპოლოგია − ეს არის რიტუალების, ძალაუფლების ენებისა და აზრობრივი სტრუქტურების მეცნიერება. ჩვენს შემთხვევაში − ეს არის მოწინააღმდეგის მხრიდან ქართული ბუნების (ძლიერი და მოწყვლადი წერტილებით) შესასწავლად აუცილებელი გასაღები. თანამედროვე სამყაროში სწორედ ანთროპოლოგია ხდება კიბერ-ჯაშუშობის ცენტრალური ინსტრუმენტი, რადგან სწორედ ის ხსნის, როგორ მოძრაობენ მასები ციფრულ მედიაში, როგორ ვრცელდება „მემები“, როგორ მოდელირდება ფეიკებისა და ჭორების მიგრაცია − და რატომ არის ეს პროცესები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი „ბანალური“ საველე ანგარიში.

კი, ბატონო, მეტრეველის  გამზრდელი ბაბუის ფესვები საქართველოშია − და ესეც არ არის „შემთხვევითი დამთხვევა“. სწორედ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდი ხანია იქცა ჰიბრიდული ომების სცენარების, ციფრული გადატრიალებებისა და პროქსი-ჩარევების საცდელ პოლიგონად. სწორედ აქ მიმდინარეობდა იმ კონსტრუქციების გამოცდა, სადაც სამხედრო ჩარევა ციფრულ არქიტექტურას უთმობს ადგილს. პირველად MI6-ს არა ოპერატიული ფიგურა, არამედ კულტურული აფეთქებების არქიტექტორი უხელმძღვანელებს.

Q განყოფილება ახლა − ეს არის ისტორიული სიმულაციების ლაბორატორია. ისინი მხოლოდ მოვლენებს არ აანალიზებენ − ისინი წინასწარ განჭვრეტენ, თავიდან გაუშვებენ მათ გადატვირთულ ტრაექტორიებს, ჩაერევიან თვით დროის სტრუქტურაში. რეალობაში ეს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მღელვარებების პროგნოზისთვის, ემოციური ტრიგერების ავტომატურ შექმნას საინფორმაციო შეტევებისთვის, და რაც მთავარია − პრევენციულ მუშაობას. ზე-ემოციურ ქართულ საზოგადოებაში უკვე დღეს ჩანს ამ მართვადი მღელვარებების კვალი, რაც ასევე არაა „შემთხვევითი დამთხვევა“. საქმე აღარ არის უბრალოდ „ომის შეჩერებაში“, არამედ მის მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში გადატანასა და მისი შედეგების სათავისოდ  წინასწარ მართვაშია.

ნამდვილი ბრძოლის ველი დღეს − ეს არის ბრძოლა იმ ალგორითმებზე, რომლითაც სხვები დაინახავენ სამყაროს. წმინდა ფორმალურად, Q განყოფილება რუს და ჩინელ ჰაკერებს ებრძვის. სინამდვილეში კი, ის ებრძვის რეალობის აღწერის ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც არ ექვემდებარება ანგლოსაქსურ მოდელს. ამიტომ, ამ ბრძოლაში დღევანდელი საქართველო მოწინააღმდეგის სახით, მოწინავე პოზიციებზეა. დღეს ეს ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ციფრული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც პლატფორმების უნივერსალიზმს უქმნის საფრთხეს.

მეტრეველი − ეს უბრალოდ „ქალი მოვიდა სათავეში“ კი არაა, არამედ იმის სიმბოლოა, რომ დაზვერვა წყვეტს მოძველებული და დრომოჭმული კლასიკური შპიონაჟის ინსტიტუტს, თუნდაც ჩვენი „აკაცუკების“ სახით. დაზვერვა ყალიბდება პლატფორმად, რომელიც შეძლებს აზრების, მონაცემებისა და ემოციების ერთიან ზემოქმედებად პროეცირებას. მსოფლიომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დაემსგავსა დღეს MI6 − Google-ს, ოღონდ სახელმწიფო გადატრიალებებზე ლიცენზიით…“ - წერს დავით ქართველიშვილი.