დეჰუმანიზაციიდან დეგრადაციამდე?

დეჰუმანიზაციიდან დეგრადაციამდე?

მაინც რა მოიტანა ჩვენი საზოგადოებისათვის გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეო კადრმა, რომელშიც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი ხელქვეითებისაგან ორი გვამის მოტანას ითხოვს დიდი პრემიის დაპირებით!? მოიტანა ის, რომ საზოგადოებამ, მათ შორის სკეპტიკოსებმაც, კიდევ ერთხელ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე. პრაქტიკულად ყველა სახელდახელოდ ჩატარებულმა გამოკითხვამ და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებამ აჩვენა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მერაბიშვილის განცხადებას ანტი-ჰუმანურად და დანაშაულად მიიჩნევს და მას „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკასთან აიგივებს. ხოლო, „ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების კომენტარებმა, სადაც ისინი ცდილობენ ყოველივეს გამართლებას, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად დაშორდნენ ისინი საქართველოს დანარჩენ საზოგადოებას. 

რა თქმა უნდა, საბოლოო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მას შემდეგ გაკეთდება რაც დადგინდება ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა, მოხდება მისი ავტორისა და გამავრცელებლის იდენტიფიცირება, მუხროვანის „ამბოხის" საქმეს გრიფი „საიდუმლო" აეხსნება და ხელახალი გამოძიება ჩატარდება. თუმცა, თუ საკითხს ზნეობისა და ჰუმანურობის საზომებით მივუდგებით, ამ სკანდალურმა ვიდეომ, არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ დაგვაფიქროს იმ პროცესზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ," რომელიც ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებებს," ძალიან მალე ჩათვალა, რომ მიზნების მისაღწევად ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაც კი შეიძლება. თანდათანობით, ადამიანის უფლებების, მათ შორის სიცოცხლეზე უფლების უგულველბელყოფამ „ნაციონალურ მოძრაობაში" სტაბილური და პროგრესირებადი ხასიათი მიიღო. შედეგად კი მივიღეთ პარტიის სრული დეჰუმანიზაცია. სამწუხაროდ, არც პარტიაში, არც მის მხადამჭერებში, და არც საზოგადოებაში არ აღმოჩნდა ძალა, რომელიც ამ პროცესს საწყისშივე შეაკავებდა. დეჰუმანიზაციიდან დეგრადაციამდე კი როგორც ცნობილია მხოლოდ ერთი ნაბიჯია. 

სწორედ ის რომ „ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები თვლიან რომ სკანდალურ ვიდეოზე განსაკუთრებული არაფერია, გვაფიქრებინებს, რომ პარტიისათვის ეს ყოველივე (გვამების მოტანა, ადამიანთა ლიკვიდაცია და ა.შ.) ალბათ საკმაოდ ჩვეული მოვლენა იყო. სხვათა შორის, ამაზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა, მაგრამ საგანგაშო ინფორმაცია რატომღაც საზოგადოებისა და სამართალდამცავების სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხურჩაში ავტობუსის ინსცენირებული აფეთქება. ახლახანს რადიო „თავისუფლების" ცნობილმა კორესპონდენტმა ანდრეი ბაბიცკიმ თავის სტატიაში „მომიტანეთ ბადრის გვამი," კონკრეტულ მოწმეებზე დაყრდნობით აჩვენა, რომ არასასურველი ადამიანების ლიკვიდაციის შეკვეთა „ნაციონალური მოძრაობისათვის" ლამის ხელობად იქცა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიების პრეროგატივა და ვალდებულებაა გაარკვიოს რა მოხდა სინამდვილეში მუხროვანში 2009 წლის მაისში. ხოლო ხელისუფლების ვალდებულებაა შედეგები საზოგადოებას აცნობოს საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. წესით, ხელისუფლებას ეს ადრეც უნდა გაკეთებინა, მას შემდეგ რაც ამ გახმაურებულ საქმეზე დაპატიმრებულები პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 

ეხლა კი შევეცადოთ მუხროვანის „ამბოხის" ექოს და სკანდალურ ვიდეო სიუჟეტს გარეშე დამკვირვებლის თვალით შევხედოთ. ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს, რომ სიტუაციას ყოფილი ხელისუფლების ახლო წრის წარმომადგენელი იღებს. უცხო პირი იქ უბრალოდ ვერ მოხვდებოდა. შესაბამისად, ვიდეოფაილი ან რომელიმე ძალოვანი უწყების არქივში დარჩა და მის ახალ ხელმძღვანელობას ერგო, ან რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ჰქონდა წინდახედულად შემონახული. 
რამდენიმე შესაძლო პასუხი არსებობს კითხვაზე თუ ვინ გაასაჯაროა ეს მაკომპრომეტირებელი ვიდეოფაილი და რა მოტივაცია ჰქონდა ამისათვის?. ნაკლებად სავარაუდოა ვერსია, რომ სკანდალური ვიდეოფაილის გამომზეურება „ნაციონალური მოძრაობის" იმ ახალი დაჯგუფების ნახელავია, რომელსაც კომპრომატების მეშვეობით პარტიიდან ოდიოზური სახეების განდევნა სურს პარტიის რებრენდინგის მიზნით. ამ ვიდეოფაილით ისინი ხომ პარტიის კომპრომეტაციასაც ახდენენ?! იმ პარტიისა რომლის წევრებიც თავად არიან. ასეთი სკანდალების შემდეგ პარტიის რებრენდინგი ხომ კიდევ უფრო გაჭირდება.

უფრო, სავარაუდოდ გამოიყურება ვერსია, რომ ვიდეოფაილი გაევრცელებინა საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ რომელიმე ყოფილ ძალოვანს, რომელსაც საკუთარი ანგარიშები აქვს მერაბიშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან," ან კიდევ ყოფილ ხელისუფლებაზე კომპრომატების მეშვეობით, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზებს ეძებს. არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიასაც, რომ სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნება თავად ხელისუფლების ინიციატივაა. ამით ხომ მას საშუალება ეძლევა ერთი „გასროლით" რამდენიმე კურდღელი მოკლას. საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში „ნაცმოძრაობას" ინიციატივა წაართვას, დროებით მაინც გადაფაროს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა ნეგატიური მოვლენები, მოსახლეობას შეახსენოს თუ რას წარმოადგენდა „ნაცმოძრაობა" და რისგან იხსნა იგი „ქართულმა ოცნებამ," ასევე ბრალი დაუმძიმოს მერაბიშვილს და მიწვდეს „ნაცმოძრაობის" იმ წარმომადგენლებსაც რომლებიც ვიდეოკადრებში ჩანან. 

მუხროვანის „ამბოხთან" დაკავშირებული სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნება, მოულოდნელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისათვის." როგორც ჩანს, თავდაპირველად ერთმანთთან შეთანხმება ვერ მოასწრეს კომენტარების შინაარსზე. „ამბოხის" ჩახშობის აქტიურ მონაწილეებს გივი თარგმაძეს, გიგი უგულავას და სხვა „ნაციონალებს" საკითხის კომენტირებისას ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ ГРУ-დან მოვლენილი რუსი ინსტრუქტორები. ეს ინფორმაცია პირველად თავად მერაბიშვილმა გააჟღერა. სწორედ მისი განცხადების შემდეგ იწყებენ „ნაციონალები" რუსი ინსტრუქტურების თემის კულტივირებას იმ კუთხით, რომ მერაბიშვილი სწორედ მათ გვამებს ითხოვდა და არა „ამბოხის" ქართველი მონაწილეების (?!). 

სიტუაციის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსი ინსტრუქტორების თემის წამოწევით მუხროვანის მოვლენების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი გაჩნდა. ვინც არ დაიზარებს და გადახედავს მუხროვანის მოვლენებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას, დარწმუნდება, რომ მაშინდელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის განცხადებაში ან კომენტარში არ ფიგურირებს ორი რუსი ინსტრუქტორი, რომლებიც თურმე წარმართავდნენ ქართველი სამხედროების ამბოხებას. როგორც მუხროვანის „ამბოხის" მთავარი ფიგურანტები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე იხსენებენ, არც მათ სასამართლო საქმეებში არ არის ნახსენები რუსი ინსტრუქტორების მონაწილეობა მუხროვანის მოვლენებში. 
ერთი წუთით დავუშვათ, რომ მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური ვერსია სიმართლეს შეესაბამება და მუხროვანის სამხედრო ნაწილში მართლაც მოხდა ამბოხი, მას რუსი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ამბოხის ჩახშობის შემდეგ, მისმა ქართველმა მონაწილეებმა „რუსული კვალის" დაფარვის მიზნით რუსი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია მოახდინეს. გადავახვიოთ მოვლენების ქრონოლოგია ხუთი წლით უკან. 2009 წლის მაისი, აგვისტოს ომიდან წელიწადიც არ არის გასული, არმიაში როგორც ოფიცრებს ისე რიგითებს საკმაო დრო ჰქონდათ ომის და მისი ტრაგიკული შედეგების გასანაალიზებლად, ხელისუფლებამ იცის ჯარში არსებული განწყობა, რომელიც მისთვის სახიფათოა და იღებს პრევენციულ ზომებს, რაც შეუმჩნეველი არ რჩებათ პროფესიონალ სამხედროებს, პარალელურად ქვეყანაში ოპოზიცია ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას იწყებს, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით, გზავნიან საქართველოში ГРУ-ს ორ მზვერავს, რომლებმაც უნდა მოახდინონ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილო სამხედროების გადაბირება და გაუწიონ მათ ინსტრუქტაჟი ამბოხის მოწყობაში. აქ შევწყვიტოთ თხრობა და დავსვათ კითხვები: „როგორ გამოეპარათ საქართველოს სპეცსამსახურებს რუსი ინსტრუქტორების საქართველოში შემოღწევა? როგორ მიეცათ მათ ქართველ ოფიცრებთან დაკონტაქტების და მათი ინსტრუქტაჟის საშუალება? ვინ არიან ისინი? სად და რა გარემოებებში მოხდა მათი ლიკვიდაცია (თუკი მოხდა?), კონკრეტულად ვინ მოახდინა ლიკვიდაცია? რატომ ვერ აღმოაჩინეს გვამები (თუკი ლიკვიდატორები დააკავეს, მათგან გვამების თაობაზე ინფორმაციის მიღება რთული არ უნდა ყოფილიყო)? რატომ სურდა მერაბიშვილს, თუკი მისსავე სიტყვებს ვენდობით, მაინცდამაინც მკვდრები ენახა რუსი ინსტრუქტორები? მისი მხრიდან ეს როგორც მინიმუმ დილეტანტიზმია. „ნაციონალურ მოძრაობა," რომელიც ხშირად რუსეთის აგენტურას იგონებდა და ამაზე საქმეებს თხზავდა (ფოტოგრაფების საქმე, „ენვერი" და ა.შ.) სასიცოცხლოდ დაინტერსებული უნდა ყოფილიყო რუსი ინსტრუქტორების ცოცხლად ხელში ჩაგდებით. წარმოიდგინეთ რა დონის საერთაშორისო სკანდალს საინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიას ააგორებდნენ, თუკი ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპმისიებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის დამამტკიცებელ უტყუარ და „ცოცხალ" მასალას წარუდგენდნენ დაკავებული რუსი ინსტრუქტორების სახით. თანაც ეს ის პერიოდია, როდესაც საერთაშორისო წრეები მაინცადამაინც კეთილგანწყობილად არ იყვნენ განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. ამას გარდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა რუსული სცენარით ამბოხის დაკავშირება მაშინდელ ოპოზიციასთან, ამ უკანასკნელს დიდი ხნით ან სამუდამოდ მოუწევდა პოლიტიკური არენიდან გაქრობა. ამას გარდა, რუსი ინსტრუქტორების დაკავებით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში რუსულ აგენტურულ ქსელზე ღირებული ინფორმაციის მიღება. რთული წარმოსადგენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას," ასეთ დივიდენდებზე უარი ეთქვა. გასარკვევია, მუხროვანის მოვლენებში მონაწილე ქართველი სამხედროების ლიკვიდაციის სპეცოპერაციის მიზანიც. წესით, ისინიც ცოცხლად უნდა აეყვანათ, თუკი ხელისუფლება დაინტერსებული იყო, და წესით უნდა ყოფილიყო, „ამბოხის" ორგანიზატორთა გამოვლენით. მათი ლიკვიდაციის მცდელობა კი ტოვებს ეჭვის საფუძველს რომ „ნაცმოძრაობას" უხერხული მოწმეების თავიდან მოცილება სურდა. როდესაც საქმეს გრიფი „საიდუმლო" მოეხსნება, ალბათ გავიგებთ თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ უნდა დაჯდეს ბრალდებულის სკამზე. 

კითხვები რა თქმა უნდა იმაზე მეტია რაც ამ სტატიაში დავსვით და ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხია გასაცემი. ხოლო, ავბედითი ფრაზა: „მომიტანეთ ორი გვამი - პრემია იქნება დიდი," დარჩება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი პერიოდის ნიშანდობლივ მახასიათებლად.