სატრანსპორტო პრობლემები მიწაზე და ჰაერშიც

სატრანსპორტო პრობლემები მიწაზე და ჰაერშიც

უამინდობის გამო, მგზავრებს ხმელეთზეც და ჰაერშიც პრობლემები შეექმნათ. მიწაზე ტრანსპორტი გაძვირდა, ხოლო ცაში აფრენის მსურველები თვითმფრინავმა დააღალატა. უამინდობა კიდევ 2-3 დღე გაგრძელდება, შესაბამისად, „სიურპრიზებიც“ გაგრძელდება.

უამინდობის გამო, თბილისში ტაქსის ტარიფებმა მოიმატა. 2-ლარამდე გაძვირდა ტარიფები ტაქსის გამოძახების სერვისზე. სატაქსო მომსახურების კომპანიები ტარიფის მატებას უამინდობით ხსნიან. მგზავრობის ღირებულების მკვეთრი მატება შეინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოძახების სერვისის გარეშე მუშაობენ, აქ ტარიფი თითქმის გაორმაგდა. გაძვირება ძირითადად, თბილისის გარეუბნებისკენ მიმავალ რეისებს შეეხო.

ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან დედაქალაქში გადაადგილება უკვე 2-3 დღეა ძალიან გაძნელებულია. ტროტურები თოვლითაა დაფარული, ძირითადი გზები კი გაწმენდილია, მაგრამ გარეუბნებში და შიდა კვარტლურ ქუჩებზე მანქანების სავალი ნაწილიც ყინულით და თოვლით არის დაფარული. მოსახლეობაც ცდილობს თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, გარეთ არ გამოვიდეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედაქალაქში სამარშრუტი ტაქსები კანტი-კუნტად მოძრაობენ.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე ქალაქის ქუჩებში სამარშრუტო ტაქსების კლებას მგზავრთა სიმცირეს უკავშირებს. მისი თქმით, მიკროავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გზებზე არ დაფიქსირებულა ისეთი მდგომარეობა, რომ „მარშრუტკას“ დანიშნულების ადგილამდე მისვლა გაჭირვებოდეს, მაგრამ მგაზავრების პასიურობა ნადვილად თვალშისაცემია.

როგორს დავით ასანიძემ „ინტერპრესნნიუსს“ განუცხადა, ჩვეულებრივ დღეებში, დაახლოებით 1800-1900 სამარშრუტო ტაქსი დადის, შაბათ-კვირას ხაზებზე 1400 მიკროავტობუსი გადის, დღეს კი დაახლოებით 200 მანქანით ნაკლები, ანუ 1200 სამარშრუტო ტაქსი იყო გასული.

„მიკროავტობუსები ხაზზე რომ გავიდნენ, უკან შემოვიდნენ, რადგან მგზავრი არ იყო. თუ მგზავრთა ნაკადი მოიმატებს, მიკროავტობუსები, რა თქმა უნდა, დაემატება“, - აღნიშნა ასანიძემ.

სატრანსპორტო პრობლემები ამით არ ამოწურულა. აუმინდობამ არა მარტო ხმელეთზე გააუარესა მდგომარეობა, არამედ ჰაერშიც. ის კი არა, თბილისის აეროპორტში ერთი მეტად კურიოზული ფაქტიც კი დაფიქსირდა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, კომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი, რომელიც სტამბულის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოცურდა. თვითმფრინავის მოსრიალება ძალიან იშვიათი შემთხვევა, მით უფრო, რომ ამხელა სიმძლავრისა და მოცულობის სატრანსპორტო საშუალება, რომლისთვისაც ჰაერში დაუძლეველი არაფერია, მიწაზე სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამიტომ აეროპორტში სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო და მათი მეშვეობით ავიალაინერის საწყის პოზიციაზე დაბრუნება, როგორც იქნა მოხერხდა.

თვითმფრინავს მოცურების გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი რეისი გადაიდო. ასე რომ, არა მარტო „პეგასუსის“, არამედ სხვა ავიაკომპანიის მგზავრებიც დაზარალდნენ.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგე უფროსების ხელმძღვანელმა, გიორგი გოგლიძემ განაცხადა, „პეგასუსის“ თვითმფრინავისთვის შექმნილმა ტექნიკურმა პრობლემამ იმოქმედა დანარჩენ ექვს რეისზე და შესაბამისად, გაფრენის განრიგმა რამდენიმე საათით გადაიწია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ რეისების შეფერხების მიზეზს „პეგასუსის“ ბორტის გაუმართაობას უკავშირებს და „პეგასუსის“ ბორტის ასაფრენ ბილიკზე მოცურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

„საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს „პეგასუსის“ ბორტი ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ბორტის პრობლემის რეალურ მიზეზს მოკვლევა დაადგენს, თუმცა „პეგასუსის“ ხომალდის მეთაურის წინასწარი ახსნა-განმარტებით, აფრენის შეწყვეტა გამოიწვია მარჯვენა ძრავის ტექნიკურმა გაუმართაობამ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, მთელი ღამის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა შეუფერხებლად.

„კერძოდ: სტამბოლის, კიევის, ბაქოს, მინსკის, მიუნხენის, დუბაის და ამსტერდამის მიმართულებით. ასევე აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთით ადრე ავიაკომპანია

„აერზენამ“ შეასრულა რეისი ამსტერდამის მიმართულებით. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შეესაბამებოდა აფრენა-დაფრენის დაშვებულ ნორმებს. შეჭიდების კოეფიციენტი და ხილვადობა იყო დაშვებულ ლიმიტში, შეჭიდების კოეფიციენტი - 0,42 ხოლო ხილვადობა 1200 მეტრზე მეტი“, - განმარტავენ კომპანიაში.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, „პეგასუსის“ ბორტის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით კომპანიამ ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეასრულებს რეისს თბილისი-სტამბულის მიმართულებით.