შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში, 171-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1997 წელს დაბადებული მიხეილ ჟ. მუცლის არეში, 1997 წელს დაბადებულ ნიკოლოზ კ. მარჯვენა ბარძაყში და 1997 წელს დაბადებული მიხეილ ტ. გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები გადაიყვანეს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის „ემერჯენსი“-ს განყოფილებაში, სადაც მიხეილ ტ. მძიმე ჭრილობისგან მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მიხეილ ჟ.-სა და ნიკოლოზ კ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).