სახელმწიფო, ეკლესია და ბიზნესმენები მთის სოფლების გადასარჩენად

სახელმწიფო, ეკლესია და ბიზნესმენები მთის სოფლების გადასარჩენად

„საქართველოს ტერიტორიის 2/3 მთიანი რეგიონიებია. იქ უამრავი პატარა და საშუალო სოფელია. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ან გაუკაცრიელებულია, ან უახლოეს წლებში დაიცლება მოსახლეობისგან. სწორედ ამ მზარდი პრობლემის გამო, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

სამთავრობო ჯგუფში ხელისუფლების მხრიდან შევლენ რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობენ.

რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისათვის მაღალმთიანი რეგიონები განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და ხელისუფლება აპირებს გადადგას ყველა სათანადო ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაჭრას.

მან ყურადღება გაამახვილა ახალი კანონის შექმნის საჭიროებაზე, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ კანონის მიღება ერთადერთი გამოსავალი არ არის და საჭიროა სტიმულირების მექანიზმების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას.

სანამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენციაზე მოხელეები მთის პრობლემებზე მსჯელობდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე მზა რეცეპტი უკვე მიაწოდა საზოგადოებას იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთიანი სოფლებისა და დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისება.

„ამ თემაზე წინა წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი.

ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში.

კარგი იქნება თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ.

ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და, ალბათ, გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ.

ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი“, - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე კი ხელისუფლებას მთის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართავს.

ვასაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე სთავაზობს მთიან და მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების დაწესებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სრულ სუბსიდირებას.

„გამოვაცხადოთ ესა თუ ის წელი პრიორიტეტების შესაბამისად რაჭის, ხევსურეთის, ფშავის, სვანეთის წლად და ასე 5-6 წლის განმავლობაში მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელებულია, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. ამ სოფლების უმეტესობა მთიანი სოფელია, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა ზოლში, რომელიც თითქმის მთლიანად არის დაცლილი მოსახლეობისაგან.

სახალხო დამცველი მთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას დადებითად აფასებს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის საქმიანობაში.

„სახალხო დამცველის აპარატი რეგიონული წარმომადგენლობების მეშვეობით საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის ექვს რეგიონში. რეგიონული ოფისების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველო, რეგიონული რწმუნებულების მეშვეობით განახორციელებს მასშტაბურ მონიტორინგს მაღალმთიან რეგიონებში: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ხევსურეთში და ა.შ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის პროცესში მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. ჩვენ მივესალმებით აღნიშნული ჯგუფის შექმნას და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში“, - აცხადებს ომბუდსმენი.

პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხის კომიტეტის თავჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებით მძლავრია.

„საქართველოს ტერიტორიის 2/3 არის მთიანი რეგიონი. მთიანი რეგიონები მოახლეობისაგან იცლება, ეს ძალიან მწვავე პრობლემაა. ამიტომ, ჩვენ თუ ერთიანი პოლიტიკა არ ჩამოვაყალიბეთ, ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ტრიპოლსკის ინფორმაციით, პარლამენტში მალე შევა ახალი კანონპროექტი „მაღალმთიანი და მასთან გათანაბრებული რეგიონების შესახებ“. მისი მეშვეობით ბევრი საკითხის მოგვარება გახდება შესაძლებელი.