უნდა ავაშენოთ თუ არა ხუდონჰესი - თემა, რომელიც 30 წელზე მეტია განსჯის საგანია, დღეს კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების მსჯელობის საგანი. გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული მშენებლობა დღეს შეიძლება განახლდეს და ამ კამათსაც საბოლოოდ დაესვას წერტილი.
ინვესტორმა კომპანიამ ხაიშში აზომვითი სამუშაოები დაიწყო, რასაც ადგილობრივების ნაწილის საპროტესტო აქცია მოჰყვა. რამდენიმე ხაიშელმა ჯვარი-მესტიის გზა ლოდებით ჩახერგა. ადამიანების ეს ჯგუფი ღიად აცხადებდა, რომ ხაიშელებმა მიწა არ უნდა დაიკანონონ და მათ არანაირი აზომვები არ ჭირდებათ.
ხაიშის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიწა რეგისტრირებული არ აქვს. სახელმწიფოს დავალებით, ინვესტორი კომპანია მზად არის ხაიშის მოსახლეობას საკუთრება აუზომოს და დაკანონებაში დაეხმაროს. სწორედ, ამ პროცესს შეუშალა ხელი ადგილობრივების ნაწილმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია აცხადებს, რომ ხაიშში ვიღაც შეგნებულად ამღვრევს წყალს.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ხუდონჰესის პროექტის განხორციელება შეჩერდა, მაგრამ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ხაიშის მოსახლეობას ქონების კომპენსაცია მაშინ რუსული მანეთებით აუნაზღაურა.
1988 წელს მაშინდელმა მთავრობამ საკმაოდ დიდი თანხა გაიღო კომპენსაციის სახით, რომელიც ხაიშში მცხოვრებმა 130-მა კომლმა სოფლის დატოვების სანაცვლოდ აიღო. აქვე შემოგთავაზებთ იმ ადამიანების სიას და თანხის ოდენობას, რომელიც კომუნისტურმა მთავრობამ ხაიშელებს გადაუხადა. (იხ.ლინკი) http://www.docdroid.net/8tbo/siaa.pdf.html
პრესაში გავრცელდა ხაიშის მაცხოვრებლების კომენტარები, რომლებიც კომპენსაციის აღების ფაქტს არ უარყოფენ:
პასიკო გულედანი, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „კომპენსაციები გასცეს, მეც ავიღე კომპენსაცია, მაგრამ ის თანხა შევიტანე შემნახველ სალაროში და იქ დამეკარგა ეს ფული. სალაროს წიგნაკი დღემდე მაქვს და როგორც მე დამეკარგა ის ფული, ასევე დაეკარგათ სხვებსაც. ყველა შემნახველ სალაროში ვინახავდით, მაგრამ სახელმწიფომ უკან წაიღო ის ფული. აბა, სახლის საფასურად „საროჩკას“ ხომ არ ვიყიდიდი?“
ნანა აფციაური, ხაიშის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე: „ეს კომპენსაციები რომ დარიგდა, მაშინ მე ბავშვი ვიყავი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ ავიღოთ თუნდაც ქალბატონ პასიკოს ნათქვამი, რომ მან აიღო კომპენსაცია. მაშინ ის ახალგაზრდა იქნებოდა. 30–35 წლის წინ აღებული თანხა ახლა ვის რაში გამოადგება?“
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი, მეტყევე ოლეგ ჭკადუა, რომელიც გაფიცული ხაიშელების ერთ-ერთ მეთაურად ითვლება, კომპენსაციის აღების ფაქტს არ უარყოფს. მისი „არგუმენტიც“ სწორედ ისეთივეა, როგორიც პასიკო გულედანის - ფული აიღეს, მაგრამ შემნახველ სალაროში დაეკარგათ.
გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს ხაიშის მოსახლეობას კუთვნილი მიწის კანონიერად დასაკუთრება. საინტერესო დეტალია, რომ აქციებს სწორედ ის ხალხი აწყობს, ვისაც მიწა დაკანონებული აქვს და იმ თანასოფლელებს, რომლებმაც ეს აქამდე ვერ მოახერხეს, მოუწოდებენ უძრავი ქონება არ დაიკანონონ.
ამ პროცესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა, რომელმაც ხაიშელებს საკუთრების უფლების დაკანონებისკენ მოუწოდა: „საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლების შეზღუდვაც შესაძლებელია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით გათვალისწინებული წესითა და შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებითა და შესაბამისი კომპენსაციით.
რეალურად, დღეს, ხაიშის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი უარს ამბობენ, იყვნენ მესაკუთრეები. თუკი ეს ქონება არ არის რეგისტრირებული როგორც კონკრეტული მოქალაქის ქონება, მაშინ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან მარტივად დადგეს საკითხი, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება შესაბამისი თანამდევი შედეგებით. ისე არ აღმოჩნდეს, რომ როდესაც მათ სურვილი გაუჩნდებათ გამართონ მოლაპარაკება ინვესტორთან, ინვესტორმა უთხრას, რაზე მელაპარაკებით, როდესაც მესაკუთრე არ ხართო. სხვათაშორის, ამის ანალოგები ჩვენ არაერთი მოგვეპოვება და დაზარალებული დარჩა მოსახლეობა, რადგან მათ არ ჰქონდათ დაკანონებული მიწები. ჩემი რჩევა იქნება ამ ეტაპზე, აშენდება ხუდონჰესი თუ არ აშენდება, მიწა მფლობელებმა უნდა დაიკანონონ“.
კომპენსაციებთან დაკავშირებით, რომელსაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ხაიშის მოსახლეობა მიიღებს, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა: „მე დაახლოებით ვიცი, რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი, საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა, მაგრამ უფლება არ მაქვს ამასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, რადგანაც ეს კონფიდენციალური საკითხია. მინდა დავარწმუნო ადგილობრივი მოსახლეობა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება მოტყუებული“.