„ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ 6 თებერვალს აქცია იგეგმება

„ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ 6 თებერვალს აქცია იგეგმება

თბილისის, გმირ კურსნტთა ქუჩა 22-ის მცხოვრებლები „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. კორპუსში მცხოვრები 300-მდე ოჯახი კომპანიას გაზიფიცირების სამუშაოების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ წლებია მათ კორპუსში ბუნებრივი აირის გაყვანა იგეგმება, მაგრამ კონკრეტული სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

გმირ კურსანტთა ქუჩა 22-ში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობას 20 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. „ყაზტრანსგაზს“ გამგეობიდან თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით საგარანტიო წერილიც გაეგზავნა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის გადაწყვეტს კომპანია სამონტაჟო სამუშაოების დაწყებას.

„რამდენჯერმე მივაკითხეთ „ყაზტრანსგაზს“. ბოლოს რომ ვიყავით, კიდევ ერთი ვადა დავუთქვით. თუ 5 თებერვლამდე არ გაგვიფორმებენ ხელშეკრულებას და სამონტაჟო სამუშაოებს არ დაიწყებენს, 6 თებერვალს კომპანიაში მივდივართ, გზას ვკეტავთ და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს სამუშაო კაბინეტებში შესვლის შესაძლებლობას არ მივცემთ“, - უთხრა for.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა მარინა დემურიშვილმა, რომელიც კორპუსში გაზიფიცირების საკითხის მოგვარების მიზნით შექმნილი დროებითი ამხანაგობის თანათავმჯდომარეა.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგებლები კორპუსში სამუშაოების დაწყებას იმის გამოც აფერხებენ, რომ შესაბამის თანხას გამგეობა იხდის და გადარიცხვა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. მათი მტკიცებით, კომპანიას, პირველ რიგში იმ შეკვეთების შესრულება ურჩევნია, სადაც ნაღდ ფულს უხდიან.

„ამდენ ხანს თუ ითმენდით, ცოტა ხანსაც მოითმინეთ, თქვენს გარდა 15 ობიექტი გვაქვს და ჯერ სხვები უნდა დავასრულოთო, გვეუბნებიან „ყაზტრანსგაზში“. შეუძლებელია კიდევ მოთმენა. „თელასიც“ ჩაგვიდგა ჯიბრში, დავალიანებას თუ დროულად ვერ გადავიხდით, შუქს გვირთავენ - 18 თეთრს ვიხდით ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე. ზამთრის ცივ დღეებში გათბობის ალტერნატიული საშუალება რომ არ გვაქვს, ბევრ ელექტროენერგიას მოვიხმართ. სადაც გაზი არ არის, შეღავათი მაინც დაგვიწესონ“, - აცხადებენ გმირ კურსანტთა ქუჩა 22-ის მცხოვრებლები.

კორპუსში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების საკითხში ჩართულია გლდანის გამგეობის მთავარი სპეციალისტიც. მიშა კაკაურიძე დროებითი შექმნილი ამხანაგობის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა.

„გამგეობამ კომპანიას უკვე მიმართა წერილობით - ანუ სამუშაოების შესრულების შემდეგ „ყაზტრანსგაზი“ შესაბამის თანხას მიიღებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროექტს გამგეობა აფინანსებს. თუმცა კომპანია სამუშაოების დაწყებას აჭიანურებს - ბევრი შეკვეთა გვაქვს და რიგითობით შევასრულებთო“, - განაცხადა for.ge-სთან მიშა კაკაურიძემ.

მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით, for.ge „ყაზტრანსგაზს“ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. კომპანიის სამონტაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ედიშერ ხორავამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჟურნალისტებისთვის მთელი დღის განმავლობაში მიუწვდომელი იყო „ყაზტრანსგაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა სარიაც.