გასული წლის, დეკემბრის ბოლოს რუსთავის საკრებულომ აუქციონი გამოაცხადა. როგორც ითქვა გასაყიდად მაშინ, ქალაქის მერის სამსახურეობრივი მანქანა VOLKSWAGEN TOUAREG და რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელის MERSEDES-BENZ გაიტანეს.
აუქციონის გამოცხადების დღეს რუსთავის ყოფილმა მერმა, მამუკა ჩიქოვანმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა.
”ჩვენი მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური დაზოგვა. ვფიქრობ, ამ ავტომანქანების რეალიზაციით ადმინისტრაციული ხარჯი თითქმის განახევრდა, გამოთავისუფლებულ თანხას კი იმ სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის გამოვიყენებთ, რაც რუსთავს და რუსთაველებს აწუხებთ” – ამაყად ამბობდა ”ქამარშემოჭერილი” ჩიქოვანი.
დღეს კი, როდესაც აუქციონზე გატანილი მანქანები ჯერაც არ გაყიდულა, ქალაქის ხელმძღვანელი ”შკოდათი” დადის. საკრებულოს თავმჯდომარე კი - ფოლკსვაგენ-პასსატით.
”ბატონმა ზაქრომ თქვა, ახალი მანქანა არ გვიყიდია - რაც დამხვდა იმითი დავდივარო. არც საკრებულოს უფროსს ყავს ახალი მანქანა” – გადმოგვცემს მერიის პრეს-სამსახური რუსთავის ახალი მერის, ზაქრო დარჩიაშვილის სიტყვებს.
შესყიდვების სამსახური, რომელიც როგორც წესი თვითმმართველობისთვის ავტომანქანებისა და სხვა სახის ქონების ყიდვას უზრუნველყოფს, არ მუშაობს. სამსახურის უფროსი ავადაა. მოადგილეს კი უკვე კარგა ხანია წასვლის განცხადება აქვს დაწერილი. შესაბამისად, ვერც მათგან გავიგეთ, შეიძინა, თუ არა მერიამ ახალი მანქანები.
საკრებულოს თავმჯდომარე ბოლო ერთი კვირაა ქრონიკულად ტრენინგებზე დადის. სატელეფონო საუბრებში კი გვეუბნება, რომ ახალი მანქანა არც მას უყიდია.
შესაბამისად, ვასკვნით, რომ გასულ წელს გასაყიდად ზარზეიმით გატანილი სამსახურეობრივი მანქანები, არც ყოფილი მერის იყო და არც საკრებულოს თავმჯდომარის. აღნიშნული ტრანსპორტი, ალბათ, სხვადასხვა სამსახურების განკარგულებაში ყავდათ. თუმცა სხვისი ავტომობილების აუქციონზე გატანისას, ”ქამრების შემოჭერის” ილუზიის შესაქმნელად ითქვა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ქალაქის მერის და საკრებულოს ხელმძღვანელის სამსახურეობრივი მანქანების გაყიდვით იწყება.
აუქციონის დღეს რუსთავის ყოფილმა მერმა ტელევიზიების თვალწინ გასაყიდი მანქანების საქარე მინაზე მათი ფასები მიამაგრა. ტელევიზიებმაც ყველაფერი ისე გააშუქეს, როგორც უთხრეს.
დღეს კი რუსთავის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის უფროსი, დავით ფრუიძე ვერც იხსენებს მერამდენედ გაიტანა აღნიშნული მანქანები აუქციონზე. არც ის ახსოვს, თუ რა ღირს დღეს ისინი.
”წესით, უნდა დაგვეკლო მანქანებზე ფასი, მაგრამ არ მახსოვს... მათ გასაყიდად რამდენიმე აუქციონი კი გამოცხადაა, მაგრამ სულ ჩალის ფასად ნამდვილად ვერ გავყიდით. რაც შეეხება აქუციონიდან მათი მოხსნის საკითხს, ეს ქალაქის ხელმღვანელობის პრეროგატივაა. თუ ჩათვლიან, რომ უნდა მოიხსნას აუქციონიდან და სხვა სახით ჩადგეს ეს მანქანები რუსთაველების სამსახურში, ასეც გავაკეთებთ” – გვითხრა დავით ფრუიძემ.
ამ მასალის მომზადებისას ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო დარჩა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე. პრეს-სამსახურის თქმით, ის შეურაცხყოფილი დარჩა ჩვენი სატელეფო საუბრით, სადაც ჩვენ ”უხერხულად შევეხეთ” მის ქრონიკულად ტრენინგებზე ყოფნის ფაქტს.