ახალი სკანდალური ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ უკვეთავს ორ მკვლელობას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და რკინის კაცი ვანო მერაბიშვილი 2009 წლის მუხროვანის სამხედრო ბუნტის დროს, ამ ამიერკავკსიის რესპუბლიკაში კანონის უზენაესობის პრობლემების ირგვლივ აღშფოთების ახალი ტალღის მიზეზი გახდა.
„ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ორი გვამი. პრემია დიდია“, ეუბნება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი სამხედრო ოფიცრებს შენობის გარეთ მიმდინარე შეკრებაზე მუხროვანში, სატანკო ბატალიონის ბაზაზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ახლოს მდებარეობს. იმ დროისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ბუნტი მოსკოვის ორგანიზებული იყო.
იგივე ვიდეოში, რამდენიმე კადრის შემდეგ, სავარაუდოდ ბაზაზე, შენობის გარეთ ჩნდებიან სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები - იმ დროს უსაფრთხოების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა. „სად არის ვანო?“, კითხულობს სააკაშვილი, რომელიც ჯერ საათს დახედავს, შემდეგ კი გარშემო იხედება. „ვანო, რა ვქნათ?“, ეკითხება ის ვიდეოს ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ამ დროს კადრში არ ჩანს.
30 იანვარს, სასამართლო სხდომაზე, რომელიც მერაბიშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეზე მიმდინარეობს, ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ მკვლელობის ბრძანება გასცა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ „ორ გვამში“ ის „ორ რუს მრჩეველს“ გულისხმობდა, რომლებიც მისი თქმით აჯანყებაში „მონაწილეობდნენ“, იუწყებოდნენ მედიასაშუალებები. „არ მრცხვენია, რომ ასეთი რამ ვთქვი“, განაცხადა მან. „პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა...“
ეს ორი სავარაუდო რუსი მრჩეველი მანამდე არასდროს არავის უხსენებია. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ორი ადამიანი ბუნტის ორგანიზატორებმა მოკლეს (გაურკვეველი მიზეზებით).
მას არც ის განუმარტავს, თუ რატომ იღებდნენ ის ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ჩინოვნიკები ასეთი დაჟინებით კამერით ყველაფერს რასაც აკეთებდნენ ან აცხადებდნენ, უტოვებდნენ რა ამით პოლიტიკურ შთამომავლობას დიდ შესაძლებლობებს ასეთი კომენტარების მათ წინააღმდეგ გამოყენებისათვის.
მოვლენათა 2009 წლის ვერსიის თანახმად, მოგვიანებით, ბუნტის შესაძლო ორგანიზატორების ძებნის დროს, პოლიციასთან შეტაკებისას ყოფილი სამხედრო მეთაური გია კრიალაშვილი მოკლეს. სამი სამხედრო მეთაური სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გაასამართლეს, სხვები კი დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულებებში მთელ რიგ სასამართლო პროცესებზე, რომელმაც უფლებადამცველ ჯგუფებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაუტოვა.
მთავარი პროკურატურის ოფისმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის ჩანაწერს იძიებს. ის თუ ვინ შექმნა ეს ჩანაწერი საჯაროდ უცნობია.
ამ ვიდეოს გამოჩენის დრო (არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მისი ავტორი) მაინც აჩენს ვარაუდს, რომ ის მერაბიშვილზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობაა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა ცოტა ხნის წინ დაიბრუნა საზოგადოების ერთგვარი პოზიტიური განწყობა თავისი განცხადებებით პოლიტიკური შურისძიების შესახებ მმართველი „ქართული ოცნების“ მხრიდან.
დასავლელი ჩინოვნიკები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას ექსმინისტრის გაჭიანურებული პატიმრობის გამო. ისინი წუხან, რომ ეს ფაქტი პოტენციური ინდიკატორია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შურს იძიებს სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომლის გენერალური მდივანიც მერაბიშვილია.
ახლახანს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურორები მას ემუქრებოდნენ და ამის დასამტკიცებლად საკუთარ საკანში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა. შიდა მოკვლევის შემდეგ, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ, როგორც არადამაჯერებელს, პენიტენციარული სისტემის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ბრალდებები ცრუა და ვიდეოჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებასაც ის ითხოვდა, წაშლილია.
სამაგიეროდ, მუხროვანის ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. მაკომპრომეტირებელი ვიდეოების გამოყენება აპრობირებული პოლიტიკური იარაღია როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რომელიც პოლიტიკური წნეხის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე გრძნობს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.
foreignpress.ge