„გრძელი ნათელი დღეები“ ორი თბილისელი გოგოს ცხოვრების შესახებ

„გრძელი ნათელი დღეები“ ორი თბილისელი გოგოს ცხოვრების შესახებ

„გაფურჩქვნის“ ასაკში მყოფი, 14 წლის საუკეთესო მეგობრები ეკა და ნათია არასტაბილურ და სახიფათო გარემოში ცხოვრობენ. 1992 წელია და მათ სამშობლოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, ომია გაჩაღებული. გოგონები თბილისში ცხოვრობენ, და ბრძოლა, რომელიც აფხაზეთის ჩრდილოეთში მიმდინარეობს, თბილისიდან შორსაა. მაგრამ კონფლიქტის თემა ხშირად იჩენს თავს მოზარდთა ლაპარაკში, იმ შემთხვევაში, თუ უფროსები სხვა რამეზე არ ჩხუბობენ და ყვირიან.

ნათიას მშობლები ქრონიკულად ჩხუბობენ. ამ ჩხუბს ხანდახან ბებიაც უერთდება. ეკას ბინა ცოტათი უფრო წყნარი გვეჩვენება, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მამამისი ციხეში ზის. სკოლაში მასწავლებელი ცდილობს, დააშინოს და დაამციროს ბავშვები, მანამდე, სანამ კლასზე კონტროლს არ კარგავს. ქუჩებში პურის რიგში ჩამწკრივებული მოქალაქეები ერთმანეთს ეჯიკავებიან და ლანძღავენ. 1990-იანი წლების დასაწყისში უამრავი დისკუსია მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოების როლზე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მაგრამ ფილმის ავტორების, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ აღწერილ ამ საზოგადოებაში სწორედ რომ სამოქალაქო შეგნების დეფიციტია სახეზე. 

„გრძელი ნათელი დღეები“, რომელიც საქართველომ ოფიციალურად გააგზავნა ოსკარის ცერემონიალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად, იმ ერთ მუჭა თანამედროვე ფილმების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ახლანდელ პატრიარქალურ კულტურებში ქალის როლს უსვამენ ხაზს. ისეთი ფილმების მსგავსად, როგორიცაა „ვაჯდა“, „შეავსე სიცარიელე“, „ჯორჯის დედა“ (3 მაგალითი რომ დავასახელოთ) და სხვები, „გრძელი ნათელი დღეებიც“ პირდაპირ წარმოგვიდგენს იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც მისი პერსონაჟები აწყდებიან და ამ ყველაფერს ქვეცნობიერი ფემინისტური მგრძნობელობისა და ტრადიციების ძალისადმი პატივისცემის სინთეზირებით ახერხებს.

ფილმის სათაური მიუთითებს როგორც ეკას თვითშეგნების გამოღვიძებაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ნათია (რომელსაც უფრო მოწიფულის შეხედულება აქვს და უფრო თამამადაც იქცევა) მამაკაცთა ყურადღების მიპყრობას იწყებს. მისი ფლირტი ლადოსთან თავიდან მოზარდთა უმანკო რომანს ჰგავს. მაგრამ შემდეგ, ყვავილებისა და ტკბილეულის ნაცვლად ლადო მას იარაღს და ტყვიას აძლევს და თან ჰპირდება, რომ მომავალში უფრო მეტ ტყვიებს უშოვის. პისტოლეტი იარაღს მიუჩვეველ ეკასა და ნათიას შორის ხელიდან ხელში გადადის, ახდენს რა იმ ლატენტური ძალადობის სიმბოლიზებას, რომელიც გოგონათა ცხოვრების ყველა ასპექტში იჩენს თავს. მაგრამ მისი დანიშნულებაა, ნათიას გატაცებისაგან და სხვა კაცთან იძულებითი ქორწინებისაგან თავის დაცვაში დაეხმაროს.

ეს ტრადიცია, რომელსაც ზოგჯერ გოგოს მოტაცებას უწოდებენ, საქართველოში ახლა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, მაგრამ ისევ ფართოდაა გავრცელებული ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. ეკას ნათიას მოტაცების ფაქტი თავზარს სცემს, მაგრამ ეს რეაქცია მხოლოდ მას აქვს. ნათიაც კი შეგუებულია თავის ახალ მდგომარეობას და ქმრის სახლი თავისი მშობლების სახლზე უფრო წყნარიც კი ეჩვენება.

„გრძელი ნათელი დღეები“, რომელშიც ქ-ნი ექვთიმიშვილის მოგონებებიცაა ასახული, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შექმნილი ბევრი ფილმი, თავის მძიმე და არასენტიმენტალური ხასიათით სწორედ ეკას ჩამოჰგავს. რუმინელი კინოოპერატორის ოლეგ მუტუს მიერ გადაღებული ეს ფილმი ინარჩუნებს იმ საფირმო ბუნებრივ მკაფიოობას და ოსტატურ ექსპრესიულობას, რომელიც მის სხვა ნამუშევრებშიც (მაგ. „დოქტორ ლაზარუსის სიკვდილი“, „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“) გვხვდება. ორი წამყვანი მსახიობის - ლიკა ბაბლუანის (ეკა) და მარიამ ბოკერიას (ნათია) თამაში პირდაპირი და უშუალოა, მაგრამ ინარჩუნებს იმ იდუმალებას, რომელიც მგრძნობიარე რეჟისორის ხელში მოხვედრილი არაპროფესიონალი მსახიობების თამაშს ახასიათებს. ხშირად მაყურებელს იმ ემოციებში გარკვევა უწევს, რომელიც ფილმის გმირებს შესაძლოა ჯერ ბოლომდე გააზრებული არც აქვთ. 

foreignpress.ge