მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი „დიდი პრემიის“ სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან „ორ გვამს“ ითხოვს, გამოძიება დაიწყო. მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა მუხროვანის „ამბოხში“ ბრალდებულები, ლევან ამირიძე, კობა ოთანაძე და სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი. გამოძიების ფარგლებში, შესწავლილი იქნება მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებაც.
გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუკითხვას კიდევ ერთი „ბრალდებული“, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, „გენერალთა კლუბის თავმჯდომარე“ კობა კობალაძე. გენერალ-მაიორი აცხადებს, რომ შეკრებილი იყო ხროვა, რომლის წევრიც იძახის, რომ უნდა ნადავლი - ორი გვამი, რომლებშიც კონკრეტული დამნაშავეები არ იგულისხმებიან.
For.ge კობა კობალაძეს ესაუბრა.
მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებაზე გამოძიება დაიწყო. თქვენ დაგკითხათ გამოძიებამ, რას ელოდებით ამ გამოძიებით?
- ჯერჯერობით არავის არ გამოვუძახებივარ. თუ გამომიძახეს, არ დავამადლი, ვეწვევი, ამ გამოძიებისგან ველოდებით ჭეშმარიტების დადგენას. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დღეს უკვირთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ვიდეოკადრების გამოქვეყნება, როცა ამის ჩვენება თვითონ დანერგეს ამ საზოგადოებაში, დისტანციით და ვიდეოკამერებით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას.
ამ საქმეზე გასამართლებულმა პირებმა და მათ შორის ლია კრიალაშვილმა მიმართა მთავარ პროკურატურას, რომ დაეწყოთ საქმის გამოძიება, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა. როგორ ფიქრობთ, ამ კადრების გამოქვეყნებამდე რატომ არ დაიწყო ამ საქმის გამოძიება?
-რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ამ საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი არ უთქვამთ. უბრალოდ, რიგითობის მიხედვით, შეიძლება უფრო აქტუალაური საკითხებიც იყო.
„ნაციონალური მოძრაობას“ მერაბიშვილის განცხადებაზე „ორ გვამთან“ დაკავშირებით სხვა ახსნა აქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო პირდაპირი მნშვნელობით გაკეთებული განცხადება. უგულავა მერაბიშვილის გრამატიკის არცოდნით ხსნის. მერაბიშვილი ამბობს, რომ „ორ გვამში“ გულსხომდა რუს ინსტრუქტორებს. თქვენც ე.წ. ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დაგაკავეს. სასამართლოზე რუსულ კვალზე საუბარი არ ყოფილა, საიდან გაჩნდა ამ საქმეში რუსული კვალი?
- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე ვერ აფიქსირებენ, რომ მე ვიყავი ამ პროცესის მონაწილე. ამ დროს სასამართლო პროცესზე წარმომადგინეს როგორც ერთ-ერთი ინიციატორი. ამათმა ასე იციან, დააბრალებენ ქვეყნის დაქცევას კაცს, თავზე დაამტვრევენ ყველაფერს და მერე ამბობენ, რომ თურმე, ასე არ ყოფილა. ასე ხომ არ შეიძლება, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არის ადამიანის ავტორიტეტი, ცხოვრების წესი, ოჯახი და ა.შ. კადრებში სააკაშვილი პირდაპირ მითითებებს აძლევს ძალოვან მინისტრებს, როგორ უნდა იმოქმედონ თავის ქვეყნის მოქალაქეებზე, ეს კი, გარკვეულწილად, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
ჩემთვის ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პოზიცია ნაკლებ საინტერესოა. მათ აქვთ რაღაც სტანდარტები, რომლიდან გამომდინარე ისინი საუბრობენ, ახლა, უბრალოდ, ეს სტანდარტები აერიათ. ახლა ეს ყველაფერი დააბრალეს იმას, რომ მერაბიშვილს დარღვეული აქვს ტვინსა და ენას შორის სინქრონიზაცია. მეორე ნაწილი საუბრობს, რომ ეს ყველაფერი იყო მართული, მესამე ნაწილმა ეგრევე გრუ-სთან დააკავშირა.
ერთი რამე გვავიწყდება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სპესამსახურებში მსახურობს, ეს ნიშნავს, რომ ის ადამინი აყვანილია კონტროლზე და არც ერთი სახელმწიფო არ მისცემს თავს იმის ფუფუნებას, რომ თავისი სპეციალისტი, თუნდაც ამ შემთხვევაში, ჯაშუშის სახელით სარგებლობდეს და სხვა სახელმწიფოში, სადღაც, უგზო-უკვლოდ იყოს მიწაში ჩაფლული. 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, ამ დროის განმავლობაში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეებიდან, არსად არ ფიგურირებდა და არსად არ გაჟღერებულა ამ პიროვნებების შესახებ.
ყოფილი მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ სამართლებლივად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო პროცესებმაც ეს დაადასტურაო...
- თქვენ უნდა გენახათ ოქროს მოწმის, გია ღვალაძის დაკითხვის პროცესი. მან სასამართლო პროცესზე გადათქვა ყველაფერი. აღიარა, რომ წინასწარ გამოძიებაში მასზე და მის ოჯახზე ხორციელდებოდა საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური ზეწოლა. მაგრამ თქვენ ვერ მომიყვანთ ერთ პატარა ეპიზოდს, სადაც საზოგადოებას წინაშე ბოდიშის მოხდის პოზიციით გამოდის ყოფილი ხელისუფლება. ყველაფერში არ შეიძლება მართალი იყო.
საკმაოდ ხშირად აპელირებენ ამ ჯაშუშებზე და პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე. ყველამ ვიცით მათი მმართველობის პერიოდში რა სარგებელიც ნახა რუსეთმა ამიერკავკასიაში. მიუხედავად საქართველოს ბოლო 20 წლიანი ისტორიისა, ძნელად, გაჭირვებით, მაგრამ წინ-წინ მივიწევდით და დე-ფაქტო ტერიტორიების აღიარება არ ხდებოდა, არ ხდებოდა მათზე ახალი ადმინისტრაციის მიერთება.
33 სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი „ნაციონალური ხელისუფლების“ მართვის პერიოდში გასხვისებულია რუსულ კომპანიებზე. შეიძლება ერთი მხრივ აგინო, მაგრამ აკეთო მისი ინტერესის გამტარი ქმედებები. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება. როდესაც ვსაუბრობთ დასავლეთის მხარდაჭერაზე, ამ დროს მათი ნაჩუქარი შეიარაღება 2008 წელს უსასყიდლოდ გადაბარებული იქნა რუსეთისთვის. ეს კიდევ გაცილებით მეტ კითხვებს აჩენს.
ბატონო კობა, მუხროვანში იყო თუ არა რეალურად ამბოხი?
- მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მათი კონტროლის ქვეშ იყო, შეცვალა ბრალდების პოზიცია და ამბოხი გადაკვალიფიცირდა დაუმორჩილებლობაში. ამბოხის ნიშნები გამოიხატება შეიარაღებული ჯგუფის ორგანიზებულ ქმედებაში, სახელმწიფო ობიექტების დაკავებაში, მაღალი რანგის პირების დატყვევებაში და მასიური არეულობის მცდელობაში, ხოლო ასეთი რამ იქ არ იყო. შეიძლება იყო გარკევული გადაცდომის ფაქტები.
რაც შეეხება დაუმროჩილებლობას, დავსვით ჩვენ ეს კითხვა სასამართლოზე. არც ერთი მაღალი რანგის წერილობითი განკარგულება ნაწილის ხელმძღვანელობაზე არ იყო გაცემული. თუ სამხედრო ნაწილი არ დაემორჩილა სახელმწიფოს ინსტიტუტის სხვა უწყების და ამ შემთხვევაში შს მინისტრის განკარგულებას, ამაში არაფერი გასაკვირი არაა. თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა პირდაპირ არ ემორჩილება შსს-ს, ისევე როგორც პირიქით. აქედან გამომდინარე, ემისრების ყოფნა ნაწილსა და შს მინისტრს შორის უცნაური რამეა.
ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები ბაზიდან გამოდიან, ესაუბრებიან შს მინისტრს და ისევ ბრუნდებიან ბაზაში. სადაა აქ თავდაცვის მინისტრის პოზიცია, იმ განცხადების გარდა, რომ ბაზაზე არ შეუშვეს? რატომ იყო თავდაცვის მინისტრი ბაზის გარე პერიმეტრზე, ხოლო შს მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები ბაზის ტერიტორიაზე და რატომ გასცემდნენ განკარგულებას?
თავდაცვის მინისტრი რომ არ შეუშვეს ბაზაზე, ეს არის გენერალური შტაბის პრობლემა. სამხედრო ბაზაზე ზუსტად ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ასევე იყვნენ ბიზნესში და პოლიტიკაშიც იგივე სახეები ტრიალებდნენ, ნატოშიც იგივე სახეები შედიოდნენ თავისი აზრებით, საზოგადოებასაც იგივე სახეები მართავდნენ, ომსაც იგივე სახეები იწყებდნენ და იგივე სახეები ამთავრებდნენ, მათ შორის - სპეცოპერაციებსაც.
ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ბრბოს ისტერია და პირდაპირი მითითება იმაზე, თუ რა შედეგს ითხოვდნენ მათგან. კუდი ვინც საიდან არ უნდა მიაბას, ფაქტი იყო ერთი, სხვადასხვა უწყების და ფენების თავშეყრის ადგილი გახდა მუხროვანის ტერიტორია იმ მომენტში, რომელსაც თავზე ედგა ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი. თბილისის საპატრულოს უფროსს შეიძლება ევალებოდა გარე პერიმეტრის უზრუნველყოფა, ისიც განკარგულებიდან გამომდინარე, მაგრამ საპატრულოს უფროსის სრული ეკიპირებით იქ დგომა იყო წარმოუდგენელი და დაუშვებელი.
თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი შესაძლებლობები, რომ ანალოგიური მოქმედების დროს, ადეკვატური პასუცი გასცეს ყველას. ბატონმა დარჩიაშვილმა ირონიით ისიც გვითხრა, რომ თურმე, სპეცოპერაციები სხვანიარად იგეგემება. შეიძლება ბატონ დარჩიაშვილს სამეცნიერო საკითხებში ჩვენ ვერ შევედავოთ, მაგრამ რაც შეეხება ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე დაგეგმარებას, სპეცოპერაციის ჩატარებას, ეს ჩვენ ნასწავლი გვაქვს.
ბატონო კობა არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს სპეცოპერაცია გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ანუ ჯერ კიდევ იანვრის თვიდან დაიწყო ე.წ. ამბოხის დაგეგმვა ხელისუფლებამ. გაქვთ ეს ინფორმაცია?
- სპეცოპერაცია მზადდებოდა იანვრის თვიდან. ხელისუფლება აწარმოებდა ოფიცრების ჩაწერას, თვალთვალს. ეს ქმედება შეიცავდა დანაშაულის წახალისების მომენტებს. რაც იქ დავინახეთ, ეს არის ისტერია და ქაოსი, მეტი არაფერი. ახლა გვამადლიან, თურმე, სახელმწიფომ იზრუნვა იმაზე, რომ ერთი გარდაიცვალა და ორი დაიჭრაო. რეალობა კი ისაა, რომ მათი ხელით სამივე იყო გარდაცვლილი. უბრალოდ, ღმერთის მადლით გადარჩა ამირიძე და ოთანაძე. 12 ტყვია ერთს აქვს მოხვედრილი და 9 მეორეს, და ესენი ამბობენ, რომ სახელმწიფომ იზრუნვა მათზე, რომ არ გარდაცვლილიყვნენ?!
ბატონი ნაირაშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშედ ბაჩო ახალიას მიერაა დანიშნული, ამბობს, რომ ეს იყო ამბოხება...
- ელემეტალურად, როდესაც ურთიერთობა გაქვს შენი ქვეყნის მოქალაქეებთან, როგორ დანაშაულშიც არ უნდა იყვნენ ისინი ეჭვმიტანილი, შენ ვერ გადაწყვიტავ ისინი დამნაშავეები არიან თუ არა. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. ჩვენ ხომ ამ ღირებულების სახელმწიფოს შენებისკენ მივდივართ?! მითუმეტეს, არ გაქვს უფლება ბოროტად გამოიყენო შენი თანამდებობრივი პოზიცია და მოითხოვო, თუნდაც ეჭვმიტანილების „გვამებად“ შენთან მოტანა. როდესაც შენ ხარ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი, ელემენტალურად აღნიშნულ მოთხოვნას უკმაყოფილებით უნდა აღუდგე. შენ ეს გამძაფრებულად უნდა გესმოდეს, იმიტომ, რომ ხარ ფორმის მატარებელი ადამიანი. ამ ყველაფერზე, მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას და ვნახოთ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მათი უპასუხისმგებლო მიდგომა მთლიანად აფუჭებს იმიჯს და საქმეს. ვინ დაისაჯა 2008 წლის ომის შემდეგ? პირიქით, დაწინაურდნენ და ორდენები დაიკიდეს. აგვისტოს მოვლენების პარალელურად, მაღალჩინოსნებმა მიწის ნაკევეთები გადაიფორმეს. სააგარეკე ნაკვეთები აღარ ჰქონდათ და ეტყობა, ძალიან ნერვიულობდნენ, განცდაში იყვნენ და ამით დაიმშვიდეს თავი. ეს ყველაფერი მარაზმის სახეს იღებს. დღეს ეს შემადგენლობა კიდევ აქეთ გამოხატავს აგრესიას. ერთხელ და სამუდამოდ, სამართლებლივად უნდა გაეცეს ამას პასუხი.
კადრების გავრცელების შემდეგ საუბარია მხოლოდ მერაბიშვილის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ არავინ ამბობს იქ მყოფი პირების პასუხისმგებლობაზე. მაგალითად გიგი უგულავა, რომელიც ვერ იხსენებს იქ როგორ აღმოჩნდა. დათა ახალია, ლევან ქარდავა, გია (მასტერა) დგებუაძე, გიორგი გეგეჭკორი, ამათი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?
- იქ იყო ნაკრები იმ ხროვის, რომელიც სხვადასხვა სისხლიან გარჩევებში მონაწილეობდა. იქ იყო შემსრულებელთა ის შემადგენლობა, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევდა. ამ შემდგენლობამ მიიღო პირდაპირი მითითება, რომ მიუტანონ ორი გვამი, ეს არის ფაქტი. იმედია, გამოძიება იტყვის თავის სიტყვას.