თანამედროვე მსოფლიოს მილსადენებით დაწერილი ისტორია (წერილი მესამე)

თანამედროვე მსოფლიოს მილსადენებით დაწერილი ისტორია (წერილი მესამე)

2008 წლის 17 სექტემბერს, “ეი-სი-გი”-ის საბადოს “აზერის” ცენტრალურ პლატფორმაზე გაზის წყალქვეშა ამოფრქვევა მოხდა, რის გამოც მხოლოდ პლატფორმის 212-კაციანი პეროსნალის ევაკუაცია კი არ მოხდა, არამედ, ორი ჭაბურღილიც დაიხურა, რამაც დღიური ნავთობმოპოვების 0.5 მლნ ბარელით შემცირება გამოიწვია. მართალია, ეს ინციდენტი კონსორციუმმა არ გაახმაურა, მაგრამ “ბი-პი”-მ რისკების მინიმიზაცია, ანუ წარმოების მოცულობის შემცირება გადაწყვიტა. აშკარა გახდა, რომ “ეი-სი-გი”-ის ათვისების “იოლი” სტადია დასრულდა, მისი წარმოების ტექნოლოგია გართულდა და, შესაბამისად, გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია საჭირო. სწორედ ეს აისახა საინვესტიციო ნაკადების ზრდის სტატისტიკაში.

კერძოდ, “სოკარის” მონაცემებით, 2010 წლამდე, “ეი-სი-გი”-ის ნავთობის ამონაგები ძირითადად კონსორციუმის საწყისი ხარჯების დაფარვაზე იხარჯებოდა. 2010 წლიდან, ნავთობის შემოსავლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის მთავრობას უნდა მიეღო. ამ დროისთვის კონსორციუმმა მთელი ნავთობი გაწეული ხარჯების დასაფარად და მოგების მაქსიმიზაციისთვის, უბრალოდ, დაიტაცა. აზერბაიჯანის მთავრობას კი, ხელთ შერჩა კატასტროფულად გამოფიტული საბადო გაძვირებული ნავთობით...

2013 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბი-პი”-მ აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული 30-წლიანი კონტრაქტის (გაფორმებულია 2024 წლამდე) გადახედვაზე მოლაპარაკება დაიწყო. მოლაპარაკებებზე, მოპოვების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მთავრობა დამატებითი ჭაბურღილების დადგმასა და ახალი ხარჯების გაწევას ითხოვს. სტაბილიზაციის პროგრამა 2024 წლამდე, “ეი-სი-გი”-ზე წლიურად მოპოვების 33-34 მლნ ტონის დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, მაგრამ შელფის რთული გეოლოგიური სტრუქტურა და ფსკერის ვულკანური აქტივობა ჭაბურღილების ოპერირებას არათუ ხელს უშლის, არამედ, გაზის უკონტროლო ამოფრქვევის რისკსაც ზრდის... დასავლეთელი აქციონერები ითხოვენ, რომ ახალ კონტრაქტში გათვალისწინებულ იქნას ფსკერის ახალი საბაზო ფორმაციების დამუშავების უფლებაც. ჩვენი ინფორმაციით, აზებაიჯანის მხარე პარტნიორებს ახალი “პროდუქციის განაწილების ხელშეკრულების” გაფორმებაზე არ ეთანხმება და ე.წ. მინიმალური კომპენსაციის კონტრაქტის ხელმოწერას მოითხოვს. ყველაფერი ეს ახალი პროგრამის განხორციელების ეჭვს ზრდის და “საუკუნის კონტრაქტის” ხელმოწერიდან 19 წლის შემდეგ, ბაქოს განვითარების ორი სტრატეგიის - ექსტენსიურისა და ინტენსიურის არჩევანის წინაშე აყენებს.

ქვეყნის მშპ-სთვის ნავთობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, “ეი-სი-გი”-ზე მოპოვების შემცირება, ანტიირანული სანქციების შესუსტება და ერაყიდან ნავთობის ექსპორტის ზრდა, რაც გლობალური მასშტაბით ენერგომატარებლების გაიაფებას გამოიწვევს, აზერბაიჯანის ეკონომიკას სერიოზული რისკების წინაშე აყენებს. სავარაუდოდ, 2014 წლიდან ბაქო შეეცდება, ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს და ორიენტაცია რეალური სექტორის განვითარებაზე აიღოს.

სამხრეთ კავკასიაში ყაზახური ენერგორესურსების კიდევ ერთი ალტერნატიული მარშრუტი, ნავთობსადენი ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანი არსებობს. ყაზახეთის საბადოებში (თენგიზი, კაშაგანი, კარაჩაგანაკი და ა.შ.) ნავთობმოპოვების მნიშვნელოვანი ზრდა ახალი, ალტერნატიული მარშრუტების შექმნის საშუალებასაც იძლევა. ნავთობისა და გაზის რესურსების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და ენერგეტიკის სფეროში ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირება ყაზახეთის ინტერესებშია, რასაც 2006 წლიდან ატასუ-ალაშანკოუს მილსადენით ყაზახური ნავთობის ჩინეთში ექსპორტის დაწყებაც მოწმობს. ყაზახური ნავთობის მილსადენები შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზეც გავიდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყაზახეთის ენერგორესურსების ძირითადი მომხმარებელი რუსეთია. სწორედ რუსეთის საშუალებით ხდება ყაზახური ენერგო-რესურსების ევროპაში გატანა. ორ ქვეყანას ერთმანეთთან ატირაუ-სამარისა (საბჭოთა ხელისუფლების მიერ აშენებული) და თენგიზი-ნოვოროსიისკის შემაერთებელი მილსადენები აკავშირებს. ეს უკანასკნელი შავი ზღვის სანაპიროზე სრულდება და ამიტომ, ხმელთაშუა ზღვის აუზის ბაზარზე ნავთობის გადაზიდვა ტანკერებით, თურქეთის სრუტეების გავლით ხდება...

მართალია, “კასპიის მილსადენის კონსორციუმი”, ბოლო 10 წელია, თენგიზი-ნოვოროსიისკის 1511 კმ სიგრძის ნავთობსადენით წარმატებით ახორციელებდა 270 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას, მაგრამ 2011 წლის ზაფხულში ნავთობსადენის სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდის სამუშაოები დაიწყო - წლიურად 67 მლნ ტონამდე. სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდა. “კროპოტკინსკაიას” სატუმბი სადგურის რემონტთან ერთად, დასრულდა ყაზახეთში ორი სატუმბი სადგურის - “თენგიზისა” და “ატირაუს” მშენებლობაც. ამასთან, “თენგიზ-ნოვოროსიისკის” ნავთობსადენის ყაზახეთის მონაკვეთზე გაყვანილია 88 კმ ახალი მილსადენი. 2012 წელს, რუსეთის ტრიტორიაზე 8 სატუმბი სადგურის, ნოვოროსიისკთან ექვსი რეზერვუარის (თითოეული 100 ათ. კუბმეტრის ტევადობით) აშენება და ნოვოროსიისკის პორტში მესამე მოძრავი ნავთობსატუმბი ნავმისადგომის მონტაჟი იყო გათვალისწინებული, რაც ქალაქ კრიმსკაიას რაიონში მომხდარმა წყალდიდობამ შეაფერხა... ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულება თურქეთის სრუტეების დატვირთვას, მინიმუმ, სამჯერ გაზრდის, რასაც თურქეთის ხელისუფლება არ დაუშვებს. ამიტომ, ანკარა ცდილობს, სრუტეში მცურავი ტანკერების რიცხვი შეამციროს, რათა დასახლებული ტერიტორიების (ქ. სტამბოლი) მახლობლად ნავთობის ჩაღვრის რისკი შემცირდეს. ამიტომ, ზემოხსენებული პროექტი ყველა აქტორის - თურქეთი, რუსეთი და კასპიის ზღვის აუზის ენერგომწარმოებლები ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს.

ამავდროულად, გაურკვეველია სრუტეების გვერდის ასაქცევად, რუსეთისა და თურქეთის მიერ დაგეგმილი სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებული გამტარუნარიანობის საკითხებიც. თურქეთსა და რუსეთს შორის აღნიშნული მილსადენის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა, რაც იმით აიხსნება, რომ თურქეთი ახლა უფრო “ტრანსანატოლიური გაზსადენის” პროექტისკენ იხრება, ვიდრე - რუსული “სამხრეთის ნაკადისკენ”. ეს უკანასკნელი კი, ანკარის ნებართვის არსებობის მიუხედავად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაივლის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში (2009 წლის შემოდგომაზე ქალაქ ვენეციაში გაფორმებული რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება), თუ რუსეთი თურქეთს სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აგებაში დაეხმარება. კონსორციუმში მონაწილე ერთ-ერთი რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობაც კი (კერძოდ, პროექტის ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, კომპანია “ტრანსნეფტი”) მიიჩნევს, რომ სამსუნ-ჯეიჰანის მილსადენით, ანატოლიის მთაგორიან ზეგანზე, ნავთობის გადაზიდვა სამჯერ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე საამისოდ თურქული სრუტეების გამოყენება. ეს პროექტი, მასში მონაწილეობაზე თანხმობის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, რუსეთს არ უნდა აწყობდეს, რადგან სრუტეებიდან ნავთობის ხმელეთით ტრანსპორტირება თურქეთის არასტაბილური ქურთისტანის პროვინციის გადაკვეთას უკავშირდება. ასევე, ეს ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობას გაზრდის, რადგან სამხრეთის მიმართულებაზე დამატებით კონკურენციას შექმნის. გარდა ამისა, სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აგების დაწყების “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენზე დამოკიდებულება განპირობებულია ამ უკანასკნელის სხვა პრობლემებითაც.

კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2011 წლის ბოლოს თურქეთმა რუსეთს თავის ტერიტორიულ წყლებში “სამხრეთის ნაკადის” გაყვანის უფლება მისცა, მაგრამ “სამხრეთის ნაკადის” ყველა დეტალი ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული და, აქედან გამომდინარე, მასზე “მიბმული” სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის აგების საკითხიც გაურკვეველია.

თავის მხრივ, ბულგარეთმა, ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზეზით, ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის მარშრუტი დაბლოკა, რომელსაც რუსეთი მხარს აქტურად უჭერდა და რომელიც თურქეთს აშკარა თამაშგარე სიტუაციაში ტოვებდა, რადგან აღნიშნული პროექტი ყაზახური ნავთობის გადაზიდვას ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროდან ხმელეთით ეგეოსის ზღვის ნაპირებისკენ ითვალისწინებდა.

ყაზახური ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირების კიდევ ერთი ალტერნატივა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია. ეს მარშრუტი სრულიად რეალური იქნებოდა, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი სრული დატვირთვით (წელიწადში 60 მილიონი ტონა) არ ფუნქციონირებს. თავის მხრივ, ეს მისაღები იქნებოდა “ყაზახეთის ნავთობის სატრანსპორტო სისტემისთვისაც”, რომელიც კასპიის ზღვაზე უფრო მეტი ყაზახური ნავთობის გადასაზიდად (სისტემა გულისხმობს, თავდაპირველად, წელიწადში 23 მილიონი ტონის, შემდეგში კი, - 56 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას აქტაუდან ბაქოში) დიდი ზომის ტანკერებს აშენებს, თუმცა აღნიშნული მარშუტის განხორციელება, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის პოზიციის გამო, შეუძლებელია - 2010 წელს ოფიციალურმა ბაქომ სატრანზიტო ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვაზე უარი თქვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რომელიც ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ალტერნატიულ მარშრუტად მოიაზრება ყაზახეთის ნავთობის, რუსეთ-საქართველო-თურქეთის გავლით, ხმელეთით გადაზიდვის პროექტი, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საკმაოდ აქტუალური იყო და რომელიც ნავთობის რუსეთის სამხრეთი ნაწილიდან საქართველოს სანაპირო ხაზზე, აფხაზეთის გავლით, თურქეთში გადაზიდვის იდეას ემყარებოდა.

ეს მილსადენი ბევრად მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე ნავთობსადენების სხვა, დღეს არსებული პროექტები, რადგანაც ის მხოლოდ ხმელეთით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ყაზახეთის ნავთობის ამ მარშრუტის გახსნა შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებას დაეხმაროს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამუშავებით (2006 წელი) რუსეთმა 5 მილიარდ დოლარზე მეტით იზარალა, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტი. ამასთან, რუსეთმა, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი დაკარგა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზის მარშრუტის ამოქმედებით. თურქეთის მიერ სრუტეებზე ეკოლოგიური შეზღუდვების დაწესებით კი, რუსეთისთვის ნავთობის შავი ზღვით გადაზიდვა ნაკლებად მომგებიანი გახდა. ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის დაკავშირების შემთხვევაში, ეს დანაკარგები მოსკოვმა შეიძლება, თავდაპირველი მასშტაბებით აღიდგინოს და, აქედან გამომდინარე, ეს მისალდენი რუსეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.

ვინაიდან ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის მარშრუტი აფხაზეთის ტერიტორიაზეც გაივლის, ნავთობის გადაზიდვის ამ ალტერნატივის განხორციელებას შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეექმნას რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შეიძლება, რეალური გახდეს, თუ ამ საკითხზე რუსეთ-საქართველო-თურქეთ-ყაზახეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება, სადაც აპრიორი, ნათელი გახდება, რომ ეს ალტერნატიული მარშრუტი მომგებიანი, უპირველესად, რუსეთისთვის იქნება და ის ზემოხსენებულ ეკონომიკური დანაკარგების აინაზღაურებს.

ამ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, საქართველოს საშუალება მიეცემა, აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთს კონკრეტულ ენერგეტიკულ პროექტზე ესაუბროს, თან - დსთ-ს ისეთი გავლენიანი წევრის მხარდაჭერით, როგორიც ყაზახეთია.

ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის პროექტი ნაკლებ ხარჯებს საჭიროებს - ექსპერტთა გათვლებით, სულ 600 მილიონი დოლარი ეღირება, რადგან ნავთობსადენი სუფსადან არცთუ შორს, თურქეთის ტერიტორიაზე პარალელურად გაჰყვება უკვე აგებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილს, რაც ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ძალიან ხელსაყრელია...

ნავთობის ტრანზიტით, რუსეთი და საქართველო დამატებით სატრანზიტო შემოსავალსაც მიიღებენ, თუმცა საჭიროა, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების პირობებში, ნავთობის გადაზიდვის ახალი, ალტერნატიული მარშრუტის განხორციელება ძალიან რთული იქნება. ამიტომ, საჭიროა, ამ პროექტით თურქეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკული უწყებები დაინტერესდნენ, რომლებსაც რუსულ მხარეზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ.

გაზსადენები

2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონის წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მიერ ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე, 2014 წელს აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ევრაზიის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და “შაჰ-დენიზის” აირის - “ტაპ”-ის გაზსადენით ევროპაში ტრანსპორტირებაზე იმსჯელეს. კონფერენციაზე განხილული თემებიდან, ცენტრალური პრობლემა თურქმენეთის “სამხრეთის გაზის დერეფანში” ჩართვა და “ნაბუქო”-ს გარკვეულწი “რეანიმაცია” იყო.

ექსპერტების უმრავლესობის აზრით, “შაჰ-დენზის” კონსორციუმის მხოლოდ 10 მლრდ კუბმეტრი გაზის რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტი მაშინ, როცა ევროპის მოთხოვნა წლიურად 500 მლრდ კუბმეტრია, რეალურ დივერსიფიკაციას არ წარმოადგენს. ამიტომ, სპეციალისტებმა გაიზიარეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება, რომ “სამხრეთის დერეფანი” მხოლოდ გაზსადენები კი არა, არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკა და სხვადასხვა სახის თხევადი გაზიცაა. ამასთან, კონფერენციაზე დასავლური გაზსადენების საუკეთესო მარშრუტად კვლავ აზერბაიჯანის სატრანზიტო მიმართულება ჩაითვალა, რადგანაც ეს ქვეყანა აირის ექსპორტს სამხრეთ ევროპაში გეგმავს და, ამდენად, ცენტრალური ევროპის ბაზარზე რუსეთის პირდაპირი კონკურენტი არაა.

სპეციალისტების გათვლით, 2030 წელს ენერგომატარებლებზე, განსაკუთრებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 40%-ით გაიზრდება, საიდანაც 90% განვითარებად სამყაროზე, ძირითადად, ჩინეთსა და ინდოეთზე მოვა. ამიტომ, 45 მლრდ დოლარად ღირებული “სამხრეთის გაზის დერეფანი”, რომლითაც 16 მლრდ კუბმეტრი აირით ევროპისა და თურქეთის გაზმომარაგება იგეგმება, მოკლე დროში ტრანსნაციონალური კომპანიების პრიორიტეტი შესაძლოა, აღარც იყოს.

ამერიკულლი ფირმების, აშშ-ში არსებული იაფი ენერგიის გამო, ევროპულ კომპანიებთან არსებული კონკურენტულ დაპირისპირებას ექსპერტები “აშშ-ის ინდუსტრიალიზაცის ახალ ტალღას” უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი რუსულ „გაზპრომს“ ევროპის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ შეზღუდვების გვერდის ავლის და აშშ ენერგოკომპანიებთან (აშშ-ევროკავშირის მომავალი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შემდეგ) თანაბარი კონკურენციის საშუალებას მაინც არ აძლევს.

2013 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ მილანში გამართულ ენერგოკონფერენციაზე - „გაზის დიალოგი“ - გამოსვლისას, რფ-ს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იანოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვისა და ბრიუსელის მოლაპარაკებები „მესამე ენერგოპაკეტის” ირგვლივ წარმატებული იქნება, თუმცა იქვე ევროპის ენერგოკომისარმა, ეტინგერმა შეუვალად განაცხადა, რომ რუსული „სამხრეთის ნაკადი“ დამატებაა და არა - ახალი გაზმომარაგების წყარო. შესაბამისად, მას არ შეუძლია გაზარდოს ევროკავშირის გაზის ბაზრის კონკურენტუნარიანობა. აქედან გამომდინარე, მას არ ეკუთვნის ბრიუსელის შეღავათები.

უნდა აღინიშნოს, რომ “შაჰ-დენიზის” ტენდერში “ნაბუქო-უესტზე” “ტაპის” პროექტის გამარჯვებას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასა და პროექტზე ერთნაირად არ უმოქმედია. მაგალითად, ბოლო 23 წლის განმავლობაში რუმინეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის ისეთი გამოწვევა არ ყოფილა, როგორიც „ნაბუქო-უესტისა” და „აგრის“ გაურკვეველი ვადით გადადებაა. ამით ქვეყნისთვის მიყენებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ზიანი ძალიან სერიოზულია. ამასთან დაკავშირებით მილანის კონფერენციაზე ენერგეტიკის ევროკომისარმა, გიუნტერ ეტინგერმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანული გაზის ახლანდელი მცირე მოცულობა, შესაძლოა, 5 წელში 20-25 მლრდ კუბმეტრამდე გაიზარდოს და სხვა, “მივიწყებული პროექტების” რეანიმაცია გახდეს საჭირო. მეტიც, ტალინის “თავდაცვის კვლევის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი, მეთიუ ბრაიზა კონფრენციაზე ამტკიცებდა, საკმარისია “სამხრეთის დერეფნის” ერთი პროექტი მაინც ამუშავდეს, რომ თურქმენეთი დაიწყებს გაზის დასავლეთისკენ ექსპორტს, წლიურად 30-40 მლრდ კუბმეტრის მოცულობითო.

კონფერენციაზე ბრაიზამ, ასევე, აზერბაიჯანული “სოკარი”-ს ფილიალის, “თურქას ჰოლდინგის” წინადადებაც გააჟღერა. მისი არსი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ისრაელის “ლევიაფანისა” და “თამარის” ოფშორული გაზის საბადოების, თურქულ პორტ მერსინთან დამაკავშირებელი, 470 კმ სიგრძის გაზსადენის აგებაა. ამ 2.5 მლრდ დოლარის ღირებულების გაზსადენის წლიური წარმადობა 16 მლრდ კუბმეტრი აირი უნდა იყოს და “ტაპს” დაუკავშირდეს. ექსპერტების ნაწილს ეს გეგმა ამ ეტაპზე არარეალისტურად მიაჩნიათ, რადგან “ტაპის” წლიური წარმადობა მხოლოდ 10 მლრდ კუბმეტრია, ანუ დაახლოებით, 2020 წლისთვის, როცა “ტაპი” უკვე “შაჰ-დენიზის” მეორე ფაზის გაზით იქნება შევსებული, ეს მილსადენი დამატებით 16 მლრდ კუბმტერ აირს ფიზიკურად ვერ გაატარებს.

მართალია, “ტაპს” წარმადობის 20 მლრდ კუბმეტრამდე გაზრდის პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ “აფშერონის” გაზის საბადოს ამუშავების შემთხვევაში მოხდება, როცა ამ საბადოდან გაზი “შაჰ-დენიზის” საექსპორტო აირს დაემატება.

სპეციალისტების აზრით, თუ უახლოესი 20 წლის განმავლობაში ისრაელიდან 15-16 მლრდ კუბმეტრი გაზის სტაბილური ექსპორტი განხორციელდა, მაშინ “თურქას ჰოლდინგის” ზემოაღნიშნულმა პროექტმა შეიძლება, ნაადრევად მივიწყებული “ნაბუქო-უესტის” პროექტის “რეანიმაციაც” კი გამოიწვიოს. ამასთან, ისრაელში გაზის მოპოვების საპროგნოზო მოცულობა - 16 მლრდ კუბმეტრამდე მხოლოდ “ნაბუქო-უესტის” (10 მლრდ კუბმეტრი) და არა გლობალური “ნაბუქოს” (31 მლრდ კუბმეტრი) გაზსადენის აგების საშუალებას იძლევა. ამ მილში ისრაელის გაზი, თურქეთის სამხრეთიდან თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე, შეიძლება, ადგილობრივი ენერგოკომპანია “ბოტაშის” შიდა ქსელით გადაიტუმბოს. ექსპერტების აზრით, ამ გაზსადენის კვიპროსიდან თურქეთამდე ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გატარება პრობლემური არ უნდა იყოს.

თუ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ევროპის გაზმომარაგების რეალურ პერსპექტივას და ისრაელისა და კვიპროსის გაზის დაზვერილ მარაგებს გავითვალისწინებთ, “ნაბუქო-უესტის»“ პროექტის კვლავ აღორძინების თეორიული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა კასპიისპირეთიდან ცენტრალურ ევროპამდე გადაჭიმულ გლობალურ “ნაბუქოს” პროექტს, სავარაუდოდ, უკვე წერტილი დაესვა.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი (“შაჰდენიზი”, ანუ „სამხრეთკავკასიური გზსადენი”) ესპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მისი ძირითადი დანიშნულება თურქეთის ბუნებრივი აირით მომარაგებაა, თუმცა აქტიურად იხილება გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან მიერთება ტრანსკასპიური გაზსადენ “ნაბუკო”-ს მეშვეობით, რომლის პერსპექტივები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. „სამხრეთკავკასიური გაზსადენი” ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის პარალელურად გადის. მისი დიამეტრი 42 დიუმია. “სამხრეთკავკასიური მილსადენით” კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული ბუნებრივი გაზი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს მიეწოდება. “სამხრეთკავკასიური მილსადენის” სიგრძე 692 კმ-ია. აღნიშნული გაზსადენით ნავარაუდევია 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის მიწოდება.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი განთავსებულია საქართველო-რუსეთის საზღვრიდან საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე, დაახლოებით, 235 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ ამ მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით, 2004-2005 წლებში განსაკუთრებული დაინტერესება ჰქონდა რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს”, რაც ალბათ, იმით იყო განპირობებული, რომ “გაზპრომს” ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის გაზის მილსადენების ერთმანეთთან დაკავშირებით, გაზის ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნა სურდა. ეს რუსულ გიგანტს საშუალებას მისცემდა, ირანიდან ევროკავშირის მიმართულებით პოტენციური საექსპორტო გაზის ნაკადები გაეკონტროლებინა. ამ გზით ,,გაზპრომის” სატრანსპორტო და სატრანზიტო მონოპოლია უკვე ირანული გაზის პოტენციური ექსპორტის გარკვეულ სეგმენტზეც გავრცელდებოდა. მოვლენების ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდიდა ,,გაზპრომისა” და რუსეთის გეოპოლიტიკურ როლს კავკასიასა და სპარსეთის ყურეში. ქართველი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მაგისტრალური მილსადენების ,,გაზპრომისთვის” მიყიდვას სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ. ეს მოლაპარაკებები მაშინ შეწყდა, როცა 2005 წლის აგვისტოში, ამერიკულმა ფონდმა - ,,ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო” მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციისთვის საქართველოს 49,5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს რეგიონში თავისი მონოპოლისტური მიზნების რეალიზაციას და ყოველნაირად ცდილობს, შეაფერხოს “ნაბუქო”-ს, “თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის”, “თეთრი ნაკადის”, “ტრანსკასპიური”, “ოდესა-ბროდი-გდანსკისა” და სხვა პროექტები, რომლებიც ევროპის ენერგო-ბაზარზე რუსული “გაზპრომის” მონოპოლიური მარშრუტების გვერდის ავლით ენერგო-მომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით დაპროექტდა.