დღეს კვირაა და მორიგ სახალისო-სპორტულ ისტორიებს შემოგთავაზებთ. რასაკვირველია მსურს პოლიტიკისაგან დროებით დაგასვენოთ. სამწუხაროდ ცხოვრების ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში კვლავ „მაღალი აქტიურობით“ გამოირჩევა და ქართველებს მისგან დასვენება ჯერ არ გვეღირსა. ისე მეეჭვება პოლიტიკამ ოდესმე თავი „დაგვანებოს“ და ქვეყანა მართლაც რომ ცივილიზებული განვითარების გზას დაადგეს. ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ხალხი საკუთარი საქმით გახლავთ დაკავებული და პოლიტიკურ აქტიობას ძირითადად არჩევნების დღეებში ამჟღავნებს.
დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების სახალისო ისტორიებს გაგაცნობთ. სამწუხაროდ სპორტის ეს სახეობა ამჟამად სიამაყის საბაბს არ გვაძლევს, მაგრამ ისტორია ხომ გვქონდა სასახელო.
ბოლო ორი დღეა საქართველოში მოთოვა და ძლიერმა ყინვამაც შემოგვიტია. სიცივე ადამიანისგან თბილად ჩაცმას მოითხოვს. ალბათ მრავალმა ჩვენთაგანმა სათუთად შენახული „დუბლიონკებიც“ გაიხსენა. ამ სამოსმა დიდი ხნის წინ თბილისის „დინამოს“ ბაზაზე დატრიალებული ერთი მართლაც რომ დაუჯერებელი ისტორია გამახსენა. ამ შემთხვევას ცხინვალის „სპარტაკის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მოგვიყვება.
„იმ სეზონში ახალი, მომავალი ფეხბურთელი შემოგვემატა - "დიდი კაცის" დისშვილი გახლდათ. უარი ვერ გაუბედეს და ისიც შეუდგა საცდელ ვარჯიშებს. როგორც ფეხბურთელი, ვერაფერი შვილი იყო, ამას კიდევ გაუძლებდა კაცი, მაგრამ საშინლად მკვეხარა აღმოჩნდა და ბიძით გათამამებული ყველას ზემოდან დაგვცქეროდა. ბოლოს და ბოლოს, ყელში რომ ამოგვივიდა, გადავწყვიტეთ ჭკუა გვესწავლებინა.
დიღმის ბაზაზე ვართ და ასეთი ტექსტი შევადგინეთ: „გივი, ძალიან მომწონხარ, გთხოვ 3 საათზე შემხვდი მაიაკოვსკის ძეგლთან. დანარჩენს მერე აგიხსნი, ჩემო ძვირფასო. მაკა".
გადასცა ეს ბარათი ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა და თან დააყოლა - „რა ბედი გქონია, გოგო თვითონ გიწვევს შე ბედნიეროო".
დატრიალდა ტიპი. სასწრაფოდ გადაივლო წყალი. ჩაიცვა „საგარეო" ტანსაცმელი და უნდა წავიდეს პაემანზე, მაგრამ „მასთე სადაა!"
- ბიჭო, ეუბნება ერთი ჩვენიანი - ნავარჯიშები და ნაოფლარი ხარ, სიომ რომ შემოგკრას, მეტი კი არ უნდა რადიკულიტს... ცოტა თბილი რაიმე ჩაიცვი.
- რა ჩავიცვა მაინც? - დაუჯდა ჭკუაში იმ უტვინოს.
ვიღაცამ საიდანღაც ირანული დუბლიონკა გამოაძვრინა და მოარგო ტანზე.
- ეს ნამეტანი ცხელი იქნება - იუარა, მაგრამ ვინ აცალა:
- ცხელი ახლა გეჩვენება, თორემ ცოტა ოფლი რომ შეგაშრება, მერე კიდევაც გესიამოვნება, ვიცით და გვენდე ჩვენო - უთხრეს, თან ეგზოტიკურია, გოგოებს მოსწონთო.
მოკლედ, 10 წუთში ჩვენი გივი დუბლიონკით დგას მაიაკოვსკის ძეგლის წინ და ჩვენ ვუთვალთვალებთ შორიახლოდან.
სიცხეა - 38 გრადუსი. გადის 10 წუთი, გადადის ხვითქი უბედურს. ჯერ მაკა არ ჩანს. 15 წუთი რომ გავიდა, ჩვენი მეგობარი გოგო მივუგზავნეთ.
- გივი თქვენ ხართ ხომ? - ეკითხება გოგო.
- მაკა ხართ თქვენ? - ოფლი მოიწმინდა გივიმ.
- არა, მე მაკას დაქალი ვარ, ეკა. მაკამ დამაბარა ცოტა მაგვიანდება და არ წავიდესო. უთხრა გოგომ, მოპირდაპირე მხარეს გადავიდა ტროლეიბუსის გაჩერებაზე და დარჩა გივი თავის კაეშანთან. გადის კიდევ 10 წუთი. გივი ცოცხლად „იშუშება“ დუბლიონკაში. მეტი ვეღარ გაძლო და გადავიდა იმ გოგოსკენ, გაჩერებაზე რომ იდგა:
- აღარ მოდის და რა ვქნა?
გოგო ვითომ შეწუხდა:
- ვაიმე, რა მოუვიდა? არ ვიცი პირდაპირ... რა გიყოთ? იცით, თუ გნებავთ მე გაგიწევთ მის მაგივრობას... რას იტყვით?
- ჯანდაბას... იყოს! - აღარ გაჯიუტებულა სამიჯნუროდ განწყობილი "ჩამთბარი" გივი, ოღონდ 5 წუთი აქ დამიცადეთ, ამ დუბლიონკას დავტოვებ ბაზაზე, აღარ მცივა მაინცდამაინც და მოვალო დაუბარა და გამოენთო ბაზისკენ. ჩვენც იქ დავხვდით. ვაწყდებით ერთმანეთს.
... 20 წუთში დაბრუნდა დაბოღმილი და გაწბილებული.
- რა მოხდა? - ვეკითხებით მიამიტად - ვერ შეხვდი?
- აღარ დამხვდა - ამბობს დაბნეულად. ან შეიძლება დამხვდა კიდევაც, მაგრამ იმას რას ვერჩი, დუბლიონკა არ უნდა გამეხადა, ჩემი ბრალია, უდუბლიონკოდ რას მიცნობდა. ჩემნაირი ჩაცმული უამრავი დადიოდაო...
ატყდა ხარხარი და როგორი! გივი მის მერე ვარჯიშზე აღარ მოსულა“.
არ ვიცი „უიღბლო“ ფეხბურთელს მომავალში რა ბედი ეწია, გონებრივი მონაცემებით კი ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შუაგულ ივლისში, პაემანზე მჭიდროდ შეკრული „დუბლიონკით“ არ გამოცხადდებოდა.
ნება მომეცით „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჭილაია წარმოგიდგინოთ, რომელიც საფეხბურთო ბედმა ერთხელ შორეულ არგენტინაში მოახვედრა. ალბათ ნანახი გაქვთ ქართული მხატვრული ფილმი „ფესვები“. დიეგო მარადონას სამშობლოს დედაქალაქში ამ სურათის სიუჟეტზე არანაკლები ისტორია განვითარდა.
„1980 წლის სეზონის ბოლოს არგენტინაში წავედით შეკრებაზე და პირველივე მატჩში ბუენოს აირესში „ბოკა ხუნიორსთან“ 1-1 ვითამაშეთ (მარადონა ჯერ არ თამაშობდა ამ გუნდში, 1981 წელს გადავიდა). გოლი რამაზ შენგელიამ შეაგდო. მეორე დღეს დასვენება გვქონდა და სასტუმროდან გარეთ გამოვედი - ახალგაზრდობაში სპორტული ჟურნალ-გაზეთების დიდი შემგროვებელი ვიყავი და მახლობელ ჯიხურში სპორტული პრესა მოვიკითხე. ჯიხურის გამყიდველი, დაახლოებით 70 წლის, აშკარად ჩვენებური გარეგნობის კაცი იყო, მაგრამ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. როცა ავუხსენი რაც მინდოდა, კარგად დამაკვირდა და სუფთა ქართულით, აშკარად მეგრული აქცენტით მკითხა:
-ქართველი ხარ, გენაცვალე?
... ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან!!! ვიფიქრე სიზმარში ვარ-მეთქი... ისიც ძალიან აღელდა, მერე გონს მოეგო, ამოიღლიავა უამრავი ჟურნალი, დაკეტა ჯიხური და გამომყევიო-მითხრა.
გავყევი, შინ წამიყვანა, სამამულო ომის მერე დარჩენილი ქართველი გამოდგა, ზუგდიდელი გურამ ღურწკაია! თურმე ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, მებაღედ მუშაობდა ერთ გერმანელ თავადთან, თავი ისე შეაყვარა, მის ნათესავზე დააქორწინეს და როცა ბობოლა გერმანელები სამხრეთ ამერიკაში გაიქცნენ, თან წაიყვანეს. შინ მისი სამი ვაჟკაცი დაგვხვდა - ტარიელ, ავთანდილ და ფრიდონ ღურწკაიები! ბიჭები საკმაოდ მაღალანაზღაურებადი იურისტები იყვნენ. მარტო შვილები კი არა, მისი გერმანელი ცოლიც ქართულად სუფთად ლაპარაკობდა. ეგ კი არა, ცოტას მეგრულადაც უქცევდა... გაიშალა, მაგრამ რა სუფრა გაიშალა!!! მე მარტვილში გაზრდილი ვარ, მაგრამ ისეთი ღომი, ელარჯი, სულგუნი, შემწვარ-მოხრაკული ვარია, აჯიკა მომართვეს... კარგად შევთვერით და როცა სასტუმროში დაბრუნების დრო დადგა, აღელვებულები ერთმანეთს ტირილით დავემშვიდობეთ. სანამ ტაქსში ჩამსვამდა და ფულს გადამიხდიდა - მთხოვა:
- მე საქართველოში ვეღარ დავბრუნდები, დღე და ღამე ჩემი სახლი და მშობლები მელანდება, თუ კაცი ხარ, როცა ევროთასებზე ევროპაში მოგიწევს წასვლა, ზუგდიდური ერთი მუჭა მიწა ჩამომიტანე, აუცილებლად ჩამოვალ და გამოგართმევ, პატივისცემა ჩემზე იყოს...
ტაქსში ჩავჯექი, სიზმარში მეგონა თავი და ტაქსის მძღოლმა რომ მკითხა, სად წაგიყვანოო - ქართულად მივუგე - საბურთალოზე-მეთქი...
გავიდა ერთი წელი, და 1981 წლის შემოდგომაზე, უკვე დიუსელდორფის ტრიუმფის შემდეგ ევროთასებზე ავსტრიაში მოგვიწია წასვლამ, 30 სექტემბერს თასების თასზე „გრაცერს” შევხვდით. ევროპაში გამოფრენამდე დავეთხოვე გუნდის ხელმძღვანელებს, ჩავედი ზუგდიდში, ვნახე მისი ნათესავები, ავიღე ერთი მუჭა მიწა მისი სახლიდან, გავახვიე ხელსახოცში და სპორტულ ჩანთაში ჩავდე. მაგრამ საბჭოთა კაგებეს რა გამოეპარებოდა? საზღვარზე დამაკავეს, ეს რა არისო-მეკითხებიან. ვერაფერი ვუპასუხე, ვეხვეწე, მაგრამ მაინც ჩამომართვეს ის ზუგდიდური მიწა... ცრემლები წამომივიდა, კინაღამ პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე, რადგან არგენტინაში უკვე დარეკილი მქონდა და იმ ერთი მუჭა მიწის გულისთვის ბატონი გურამი ავსტრიაში მოიჩქაროდა. მართლაც, თავის ბიჭთან ერთად ჩამოვიდა, ვენაში, დაგვხვდა, და ხმის კანკალით მკითხა - მიწა ხომ ჩამომიტანეო... ძლივს ამოვილუღლუღე, საზღვარზე დამატოვებინეს-მეთქი და თავი ჩავღუნე... ისევ თვითონ დამამშვიდა.
ამის შემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ დავურეკე, მერე კი დრო აირია და რუსეთში მომიწია თავის სარჩენად წასვლამ. 1993 წელს დავბრუნდი და ჩემმა ბავშვმა მითხრა - ვიღაცა მოხუცი მეგრელი კაცი იყო ჩვენთან და შენ გკითხულობდაო... მივხვდი, ის იქნებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუღია ნებართვა და 2 კვირით ჩამოსულა საქართველოში, უკვე ღრმად მოხუცი, 90 წელს მიღწეული, ზუგდიდში საკუთარ სახლში მისულა, მერე კი ჩემთან ჩამოსულა. გადავირიე, რაღა მაშინ აღმოვჩნდი რუსეთში-მეთქი... ეს იყო და ეს, მერე ტელეფონიც დავკარგე და მას შემდეგ ეს საოცარი კაცი აღარც მინახავს და არც რამე მსმენია...“
დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას ბატონ კონსტანტინე შანიძეს გადავცემ. ამ ადამიანს ქართველ გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ბატონი კოსტია თბილისის „დინამოს“ პირველი თაობის მოთამაშე გრიშა გაგუას გაიხსენებს.
„გრიშა გაგუა ფეხბურთშიც მაგარი იყო და ჩხუბშიც ვერავინ შეედრებოდა! ყველას შიშის ზარს სცემდა. ერთხელ გაგრაში „დინამო” მოსკოვს ვეთამაშებით და მათი ბრწყინვალე ფეხბურთელი ილინი აუხირდა და დაარტყა. გრიშამ მოიგდო ძირს და იმდენი ურტყა, ვერ გააგდებინეს! მსაჯები მივარდნენ, აიყვანეს გრიშა, მას კი ილინი ფეხებშუა უჭირავს და ისიც აიყოლა! ვერაფრით გააშველეს, მოსკოველთა მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი იყო, რომელსაც იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, მხოლოდ მან დააშოშმინა გაგუა...
ერთხელ გრიშა “დინამოს” თამაშზე მიიჩქაროდა და სტადიონის დაცვამ, რომელსაც მაშინ თბილისის მახლობლად მდებარე მერვე პოლკის ჯარისკაცები შეადგენდნენ (ისინი უპატრონო ბავშვთა თავშესაფრიდან იყვნენ მოკრეფილნი და დაუნდობლობით იყვნენ ცნობილნი) სტადიონზე არ შეუშვეს. გრიშა გაგიჟდა და ჩხუბი დაუწყო. შემოეხვივნენ ჯარისკაცები, გრიშა დატრიალდა და ვისაც დაარტყა, ყველა დააგდო! მთელი პოლკი გაგუას შემოეხვია და ბოლოსდაბოლოს კი სცემეს, მაგრამ სტადიონზე მაინც შევიდა!
ერთადერთი კაცი, ვისაც გრიშამ შეარჩინა, 1937 წელს ბასკი ეჩებერია იყო! კი გითხარით, ბორის პაიჭაძემ მოგვატყუა - ეჩებერია მეგრელიაო და თამაშისას გრიშას რომ აუხირდა და დაარტყა კიდეც, გაგუამ ვაჟკაცურად მოითმინა და სტუმარს ხელი არ შეუბრუნა...“