“ვინც მაგ ღვინოს დალევს, ფუძის ანგელოზი გაუწყრება!”
კახეთში მომრავლებულმა ირანელებმა და ინდოელებმა ღვინის დამზადების “ახალი და საუცხოო” რეცეპტი აღმოაჩინეს. სიმართლე გითხრათ, ღვინის დამზადების ამ კუსტარულ მეთოდზე ადრეც მსმენია, მაგრამ მეგონა, რომ მხოლოდ “რქაწითელის” გამოყვანა შეიძლებოდა... თურმე, სად ვარ - გაყალბების ტექნოლოგია ისე წინ წასულა, რომ “საფერავსაც” კარგად ამზადებენ! მოკლედ, რაც იაზონმა და მისმა არგონავტებმა ვერ დაგვაკლეს, მგონი, ახლა ირანელები და ინდოელები “გვაკლებენ”.
ღვინის კუსტარულად დამზადების რეცეპტი, რომელსაც “ქართული სიტყვა” გაასაჯაროებს, მხოლოდ თეორიული არაა და პრაქტიკულადაც მაქვს ნანახი, ანუ ღვინო პიროვნებამ, რომელიც ირანულ-ინდური “საფერავის ტექნოლოგია”, ჩემს თვალწინ დაამზადა და ყველაფერი ეს დაბა წნორის საზამთროს ბაღებში ამ ზაფხულს ისწავლა.
მაშ ასე, 18 ლიტრი ე.წ. დაბურღული წყალი (რატომღაც დაბურღული და არა - ონკანის, ჩვენი მიწიდან ამოსულ წყალს, როგორც ჩანს, ღვინის გემო აქვს); 1 ლიტრი ჭაჭის არაყი; 0,5 ლიტრი სპირტი; ლიმონათის მასალა - მსხლის მოყავისფრო სიროფი; 1 კილოგრამი წითელი ჭარხალი (ჭარხალი უნდა დაჭრათ, კარგად მოხარშოთ და ნახარში ოდნავ დაატკბოთ); სრულიად საიდუმლო ინგრედიენტი - ღვინის მჟავა.
ყველაფერი ეს ერთ დიდ ჭურჭელში მოათავსეთ, კარგად მოურიეთ და...
ღვინო, რომელსაც არც ვაზი სჭირდება და არც - ქვევრი, მზადაა.
არ ვიცი, ამ ჩვენმა მტერმოყვარე უცხოელებმა ღვინის დამზადების ეს ტექნოლოგია აქ ისწავლეს, თუ თავიანთი დიდი ქვეყნებიდან ჩამოიტანეს, მაგრამ ინდოეთსა და ირანში ჭაჭის არაყი რომ არაა და არც - ქართული “დაბურღული” წყალი, ფაქტია.
როგორც მითხრეს, ე.წ. ნავთლუხის ბაზრის ნახევარი სწორედ ამ კუსტარული ღვინითაა სავსე და თუ ეს, მართლაც, ასეა, საქმეში სურსათის მარეგულირებელი ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.
როცა კახელი დავობდა, რომ მიწა ინდოელს კი არა, მას უნდა ჰქონოდა, ამას დიდი პოლემიკა მოჰყვა...
მალე, ღვინოსთან ერთად, ალბათ, სხვა რამესაც გამოიგონებენ...
ისე, მეშვიდე საუკუნეში, არაბები რომ შემოვიდნენ, ქართული სიტყვათა მარაგი სულ შეცვალეს: დღევანდელ სკამს მაშინ კუნძი ერქვა, მაგიდას - რაღაც...
საბოლოოდ, ქართველებმა ქართული სიტყვები დავკარგეთ და შევიძინეთ უცხოური... ჯამში კი, მივიღეთ არაბული ლექსიკით გამდიდრებული ქართული...
სკამი, მურვან ყრუ და თემურ ლენგი იქით იყოს, ისინი ვენახს ჩეხავდნენ და ძირკვავდნენ, ამათ კი, სასწაულები მოიგონეს!
***
ვანო ჯოხაძე სოფელ სანიორეში ცხოვრობს, მთელი სიცოცხლე ვენახს უვლის, თავის კარმიდამოში ოთხი ჯიშის ვაზი აქვს - საფერავი, რქაწითელი, კაბერნე და ადესა.
ვესტუმრე, თავის დიდი პაპის ქვევრებთან მიმიყვანა, ჭაჭის ქვევრიც მაჩვენა და ღვინისაც... ნივრის მწნილიც შემომთავაზა...
ბოლოს, ვუთხარი:
- ღვინის ახალი რეცეპტი ვისწავლე და არ გინდათ, გასწავლოთ?
ალმაცერად შემომხედა და მითხრა:
- შენა, ბალღო, ალაოდ ხომ არ ხარ? რა რეცეპტი, რი რეცეპტი, დიოგენე არ მყავდე ახლა შენც?! ნუ მაიმუნობ, ქვევრს არ აწყენინო და მადლი არ მაისპო უფლისა!
დიდი ხნის საუბრის მერე დავაჯერე, რომ “საფერავი” მზადდება... 10 წუთში.
მოკლედ, სახლიდან გამომისტუმრა და დამაბარა, ვინც მაგ ღვინოს დალევს, ფუძის ანგელოზი გაუწყრება, ეს ქვეყანა მას მერე გადაირია, ღვინოზე წყლის დასხმა და შაქრის დაყრა რომ ისწავლეს ხარბებმაო...
ვანო პაპა, ალბათ, დიდხანს აღარ შემიშვებს თავის ეზოში... კარგი იქნება, სურსათის მარეგულირებელმა კომისიებმა კი, ბაზარსა და ქუჩაში გამოტანილი იაფი ღვინის ხარისხი შეამოწმონ და წარმომავლობაც დააზუსტონ, თორემ მგონი, კახეთს ფუძის ანგელოზი უწყრება!