[თეონა ხარაბაძე]
საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანია შემოდის. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა „ყატარის ავიახაზებთან“ გააფორმა ხელშეკრულება, საპარლამენტო ოპოზიიცის მხრიდან სწორედ ასეთი დასკვნები კეთდება. თუმცა, გაუგებარია, მსოფლიოში ყველაზე ძვირი მომსახურებით საქართველოში მცხოვრები რა კატეგორია ისარგებლებს და რაც მთავარია, ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე რა გავლენას იქონიებს.
„ყატარის ავიახაზებთან“ ყატარსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება ეკონომიკის მინისტრმა დოჰაში ვიზიტის ფარგლებში გააფორმა.
უკვე ცნობილია, რომ ყატარული ავიახაზები ფრენების დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოდან გეგმავს.
„ყატართან გამოფორმებული ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, როგორც „ყატარის ავიახაზებმა“ ასევე ნებისმიერმა ყატარულმა ავიაკომპანიამ იფრინოს საქართველოში“, - აღნიშნა ვერა ქობალია, რომელმაც დასძინა, რომ ყატარელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოთიც დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ყატარის ავიახაზებს“ საქართველოში შემოსვლის სურვილი ჯერ კიდევ შარშან ჰქონია, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ამბობს იმის შესახებ ან მაშინ რატომ არ მისცეს ამის ნებართვა, ან ახლა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
საპარლამენტო ოპოზიცია კი ამ გადაწყვეტილებას უკვე აპროტესტებს და აცხადებას, რომ „მთავრობის ლოგიკის არ ესმის“. ამის არგუმენტად კი ის ფაქტორი სახელდება, რომ ყატარის ავიახაზებს ყველაზე ძვირი მომსახურეობა აქვს მთელ მსოფლიოში და მისი მეშვეობით ფრენის ფუფუნების უფლებას, მხოლოდ მაღალი ელიტის წარმომადგენლები ანიჭებენ თავს.
„ღია ცის პოლიტიკის შედეგებს უკვე ნელ-ნელა ჩვენს თავზე ვიმკით. საქართველოში ვინ აღარ დაფრინავს და რომელი კომპანია არა, მაგრამ, რატომღაც, ფასების მნიშვნელოვან შემცირებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ვერავინ ვატყობთ. რა ფასიც ჯდებოდა ადრე ფრენა, ის ფასია ახლაც. დღეს ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდით. მე არ ვიცი ამ შეხვედრაზე და მოლაპარაკებებზე სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხები განიხილებოდა თუ არა, მაგრამ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ვნახეთ დიდი სიამაყით გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოში ყატარის ავიახაზები შემოდის.
ეს არის მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, მაღალი კლასის თვითმფრინავებისა და მომსახურების მქონე ავიაკომპანია, რომლითაც ფრენის ფუფუნებას საკუთარ თავს მხოლოდ ყველაზე მაღალი შემოსვლების მქონე ელიტის წარმომადგენლები აძლევენ. შესაძლოა, საქართველოში ასეთები ნადვილად გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად ცოტანი არიან, რომ მიჭირს, თუნდაც ოცნებაში წარმოვიდგინო, როგორ უნდა დაიტვირთოს ეს ავიაკომპანია საქართველოს ბაზრის გამოყენებით“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ავიაფრენების საკითხი საქართველოში დღემდე პრობლემატურია და ხელისუფლების პოლიტიკის გამო საქართველოს მოსახლეობის ინტერესები ზარალდება. ამიტომც, თარგამაძე შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
„ჩემი რეაქცია მოჰყვა იმ სრულიად არათანამიმდევრულ და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ავიაციის და მოქალაქეების ინტერესებისადმი უგულებელმყოფელ პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ისეთი ვითარება, რომ ავიაკომპანიები უკვე ან მთლიანად გაკოტრდნენ, ან გაკოტრების პირას არიან მისულები და ამის პარალელურად ჩვენი სივრცე მთლიანად დავუთმეთ ავიაკომპანიებს, დავუთმეთ მათ შორის ჩვენი მთავარი აეროპორტი, რომლის მომსახურების ფასებიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის შედეგი ამ პოლიტიკის“, - აცხადებს თარგამაძე.
მთავრობის მხრიდან კი ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პირად საუბრებში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამით ხდება ინვესტიციების მოზიდვა და, თუკი ამ კომპანიას კლიენტები არ ეყოლება, აღარც ფრენებს განახორციელებს. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არის და მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს მიუღებელი ოპოზიციისთვის.
საინტერესო ის არის, რომ ასეთი შეფასებები მხოლოდ პირად საუბრებში კეთდება და საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალური კომენტარის გაკეთებას მაქსიმალურად ერიდება, რაც, ცხადია, ეჭვებს უფრო მეტად აძლიერებს.