გიორგი სანაიას მკვლელობის დღემდე უცნობი ფაქტები

გიორგი სანაიას მკვლელობის დღემდე უცნობი ფაქტები

2001 წლის ზაფხულში ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა... გიორგის მკვლელად ვინმე გრიგოლ ხურცილავა გამოაცხადეს... არადა, არც მაშინ და არც ახლა ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ გიორგის მკვლელობა პირად ურთიერთობებს არ უკავშირდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ორი ხელისუფლება შეიცვალა, არავის უცდია, ბოლო წლების ამ ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური მკვლელობისთვის ნათელი მოეფინა.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის ოჯახმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიება მოსთხოვა, კბილაშვილის პრესსამსახურისგან კი, ასეთი პასუხი მიიღო, სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და თუ ახალი გარემოება არ აღმოჩნდა, გამოძიება არ განახლდებაო. ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ არც ახალ ხელისუფლებას აწყობს ამ საქმის გამოძიება. უფრო მეტიც, გიორგი სანაიას საქმე, მის მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მაინც არ აღმოჩნდა ახალი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი..

უნებურად ჩნდება შეკითხვა, რატომ უვლის ყველა გვერდს ამ საქმეს, რა მოხდა გიორგი სანაიას გარშემო ისეთი, რომ ამ საქმეში “ცხვირის ჩაყოფას” ყველა ერიდება? სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ყველაფერი “ცოტა” გასაგები იყო, თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე ითქვა, ჟურნალისტის მკვლელობით რეფორმატორები ხალხის ქუჩაში გამოყვანას, რევოლუციის მოწყობას და შევარდნაძის ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენო, ანუ გამოდის, რომ გიორგი სანაია, რომელსაც იმხანად ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მოსახლეობის ნდობითაც სარგებლობდა, გაწირეს?!

მაინც, როგორ ვითარებაში მოკლეს გიორგი სანაია? _ ეს შეკითხვა დღემდე ბევრს აწუხებს და დღემდე ყველაზე სანდო ნარკობიზნესთან დაკავშირებული ვერსიაა.

გასათვალისწინებელია, თავის დროზე “ნომერ პირველ ტერორისტად” შერაცხული, შოთა ჭიჭიაშვილის აზრიც, რომლის თქმითაც, გიორგი სანაიას მკვლელობა “ნაცმოძრაობას” უკავშირდება. ეს კი იმისთვის გააკეთეს, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ შევარდნაძის რეჟიმისთვის. ამ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება, მით უმეტეს, თუ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულ იარაღის ბიზნესის სკანდალს გავითვალისწინებთ. საერთოდ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესი ოდითგან ერთ კონტექსტში განიხილება.

კიდევ ერთი დეტალი: სააკაშვილის ხელისუფლებას არასოდეს გამოუთქვამს აზრი სანაიას მკვლელობის ალტერნატიულ დეტალებზე... ერთი სიტყვით, ყველა გზას ნარკოტიკებთან მივყავართ.

ერთ-ერთი ბოლო ვერსია ცნობილ ჟურნალისტ კლარა აბრამიას ეკუთვნის, რომელმაც სანაიას მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე. აი, რა განაცხადა კლარა აბრამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში: სანაიას ჰქონდა სერიოზული მასალები და ვოდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, ბაქოს გავლით, თბილისში დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას მაუდკამვოლის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ, ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია”.

მაინც, რა იცოდა გიორგი სანაიამ? _Pიმისთვის, რომ მის გარშემო განვითარებული მოვლენების სრული სურათი დავხატოთ, უნდა გავიხსენოთ ყველა ცნობილი დეტალი, რაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.

იმ დროისთვის პანკისის თემა ყველა ჟურნალისტისთვის საინტერესო იყო და, ბუნებრივია, გიორგი სანაიაც ამ ჟურნალისტების რიცხვში შედიოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გადაცემა “ღამის კურიერში” პანკისიდან ადგილობრივი ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო და გიორგის უთხრა, თუ პანკისის შესახებ ბევრი გაინტერესებთ, ეთერს მიღმა ვისაუბროთო. შუამავლად დასახელდა ელენე თევდორაძე, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.  როგორც შემდეგ გაირკვა და ელენე თევდორაძემ სასამართლოს განუცხადა, ვეფხია მარგოშვილმა, მართლაც, გამოატანა ვიდეოკასეტა გიორგი სანაიასთან. კასეტის გადაცემა პარლამენტის ფოიეში, ირმა ნადირაშვილის თანდასწრებით მოხდა. სწორედ იმ ღამეს მოკლეს გიორგი სანაია...

რა ინფორმაცია იყო ამ კასეტაზე? _ ეს მოგვიანებით, სანაიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდა ცნობილი და აი, როგორ: ვეფხია მარგოშვილი იმ დროისთვის გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კასეტაში დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნებისა და ყველა ძალოვანი მინისტრის გვარები, რომლებიც პანკისის ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ და პანკისელ პარტნიორებთან ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა. ამ გაზეთს მარგოშვილი დაჰპირდა, რომ კასეტის ასლს სანდო პირის დახმარებით მიაწვდიდა, მაგრამ არ დასცალდა _ საკუთარ ეზოში დისტანციური ბომბით ააფეთქეს.

ის, რომ მარგოშვილს ძალიან ეშინოდა, ფაქტია და ამის დადასტურება მეც შემიძლია: მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი, დავალება მივიღე, რომ პანკისში წავსულიყავი და ვეფხია მარგოშვილს გავსაუბრებოდი, მის საცხოვრებელთან მისვლა მოვახერხეთ, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა არ მაცალეს _ ფეხებთან ავტომატის ჯერი დამაყარეს და მითხრეს, ვინც გამოგგზავნა, იმას უთხარი, ვეფხია მარგოშვილი უცხოებს არ ელეპარაკებაო. მაშინ არ ვიცოდი, ჩემი პანკისში გაშვება უკავშირდებოდა თუ არა რამე ჩანაფიქრს, მოგვიანებით კი გამოირკვა, რომ იმ გაზეთის მეპატრონე, რაღაც ფორმით, დაკავშირებული იყო ამ საქმეებთან, მე კი ბრმა იარაღად გამომიყენეს. ყველაფერი თავის ადგილზე  მაშინ დადგა, როცა პარლამენტმა მეტადონის პროგრამის კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა: მაშინ ყველა მიხვდა, ვინ რა მხარეს იდგა.

დავუბრუნდეთ ისევ ვიდეოკასეტას, “ქართული სიტყვისათვის” ცნობილი გახდა, რომ ამ კასეტის შინაარსი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იცოდა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ. ყველაფერი ცუდად რომ დამთავრდებოდა, ამის შესახებ ეს ჟურნალისტი გააფრთხილეს და განზე გადგომა ურჩიეს. ინფორმაცია მოვლენების ცუდად განვითარების შესახებ კი “გარეთ”, თურმე, მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, ი. ჩ.-ძემ გამოიტანა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქმე მის ახლობელს ეხებოდა, ჩვენი ინფორმატორი, რომელიც, ასევე, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა ამ ამბავს უკავშირებს ი. ჩ.-ძის ჯერ სამსახურიდან გაშვებას და შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობას _ საკუთარ ეზოში ჩაცხრილეს.

როგორც ჩანს, გიორგი სანაიაზე სიკვდილამდე ნადირობდნენ. როგორც მისი ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, სიკვდილის დღეს გიორგი ვიღაცას ემალებოდა. ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ისიც კი უთქვამს, ისე დაჯექი, არავინ შემამჩნიოსო.

კიდევ ერთი დეტალი: სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი სანაია ბათუმში, თურმე, ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსს სოსო გოგიტიძეს, ასლან და მურად სმირბებსა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელიც ბათუმის “ბუნგალოში” შედგა და რომელსაც შემთხვევით ადგილობრივი ჟურნალისტი შეესწრო. მაშინ, როცა ეს ამბავი გახმაურდა, გიორგი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ასლან სმირბამ კი, წერილობითი ახსნა-განმარტება გამოუგზავნა გამოძიებას, სადაც წერდა, რომ შეხვედრა გადაცემის დასაგეგმად შედგა. ისე, ითქვა ისიც, რომ “რუსთავი 2”-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა აწ განსვენებულ ჟვანიაზე ნაწყენი იყო და დაფინანსებას ასლან აბაშიძისგან ელოდა... მიუხედავად ამისა, არავის გასჩენია ეჭვი, თუ რა უნდოდათ შეხვედრაზე ძმებ სმირბებსა და სოსო გოგიტიძეს, რომლებსაც აჭარაში “ნარკომამებს” ეძახდნენ.

წრე ლოგიკურად იკვრება: ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის მისაჩქმალად დაიგეგმა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, საქმის გამოძიება არასდროს მოხდება. ესEრომ ასეა, ამის მაგალითად თუნდაც კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტის, უკრაინაში მოღვაწე გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეც გამოდგება...