„თუ არაფერი შეიცვალა, მოვაწყობ ძალიან დიდ პრესკონფერენციას, სადაც ვრცლად ვისაუბრებ ყველაფერზე”
“იმედი, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, მთლად არ ჩამიქრა, მაგრამ ალი საკმაოდ განელდა”
“პრემიერს” ესაუბრა ქუთაისის ოპერის სამხატვროხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე:
- თქვენ ყოველთვის გამოირჩევითსაზოგადოებრივი აქტიურობით და ღიადაფიქსირებთ თქვენს შეხედულებებს ქვეყანაშიმიმდინარე პროცესების მიმართ. საზოგადოებაცგანსაკუთრებული ინტერესით უსმენს ხელოვნებისადა კულტურის მოღვაწეების აზრს. დღესსაზოგადოების ერთმა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენაევროპული ფასეულობები, რომელიც ყოველთვისღირებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი აზრით,რატომ ხდება, რომ ადამიანთა ეს ნაწილი ევროპულ ფასეულობებში მხოლოდ უზნეობას ხედავს?
- მოდით, ჯერ განვსაზღვროთ რა არის ევროპული ფასეულობები და რა _ ტრადიცია. ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე. კანონი, რომელსაც ითავისებს კაცობრიობის ის ნაწილი და ის ქვეყნები, რომლებიც მთავარი მამოძრავებელი არიან ძალები კულტურის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, ადამიანთა უფლებების განხრით, მათ უნდა შეუერთდეს ნებისმიერი ის ქვეყანა, რომელსაც უნდა, რომ რამეს მიაღწიოს. მე არ მაქვს განსაზღვრული ევროპული და ამერიკული ფასეულობები, ეს ის ფასეულობებია, რომელიც იცავს თავის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ყველაფრისა. ეს ის ფასეულობებია, რომელიც თითოეული ადამიანის კომფორტს ყველაზე მაღლა დააყენებს. საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც უზნეობას, გარყვნილებასა და გახრწნილებას ხედავენ ევროპულ ფასეულობებში, თავად ქადაგებენ ამას. ეს ხალხი თავად ქადაგებს უზნეობასა და სიბნელეს. მათ არ შეუძლიათ, განასხვაონ კარგი და ცუდი (რა თქმა უნდა, ცუდი და ნეგატიური ყველგან არის), მაგრამ მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა. როდესაც ჩვენთან ცუდი ხდება, ის სახელმწიფოებრივად ხდება. უსამართლობა და სხვა საშინელება დღემდე ხდება სახელმწიფოებრივად და არა შემთხვევით. დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო იცავს სიმართლეს, ადამიანის უფლებებს და სად ხედავენ აქ უზნეობას, გაუგებარია.
- ამბობდით, სანამ ჩემს ქვეყანაში რუსული ტანკები დგას, რუსეთში კონცერტს არ გავმართავო. და ამას უღირს საქციელადაცაფასებდით. ახლა რა აზრის ხართ, ბევრმა შემოქმედებითმა ჯგუფმა თუ კულტურის ცალკეულმა მოღვაწემ რუსეთში არაერთიღონისძიება გამართა.
- იცით, რა არის? ომი მოხდა 2008 წელს, მე არ წავედი და უარი ვთქვი ძალიან ბევრ გასტროლზე, რომლის გამართვასაც რუსეთის წარმომადგენლები მთხოვდნენ. ზოგიერთს პირადადაც ავუხსენი, რატომაც არ მივდიოდი. მაგრამ ის ფაქტი, რომ მაშინდელი მთავრობა და ის ვიღაც უზნეო კულტურის მინისტრები, რომლებიც გვაძალებდნენ და გვასწავლიდნენ, სად უნდა დაგვეკრა და სად გაგვემართა კონცერტები, კატეგორიულად არასწორია. მათ თვითონ გააკეთეს ყველაფერი, რომ ეს ომი მომხდარიყო, და საერთოდაც, თავად როგორ იქცეოდნენ ომის დროს? დღესაც და მაშინაც რუსული პროდუქტით იყო გატენილი ქართული ბაზარი. ეს ყველაფერი მათგან იყო, რადგან ისინი ედგნენ ამას სათავეში. ამაზე რატომ არ თქვეს მაშინ უარი, მხოლოდ მუსიკოსებს არიგებდნენ, სად ემღერათ და სად _ არა. მაგრამ, როდესაც რუსეთში კონცერტებზე ვთქვი უარი, იმიტომ არ მითქვამს, რომ მაშინდელ მთავრობას ასე სურდა, ემოციურად არ შემეძლო ამის გაკეთება. თუმცა გასული წლის ივლისში, როდესაც დამირეკეს და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა და რუსული პროგრამის დირიჟორობა მთხოვეს, დავთანხმდი.
დავთანხმდი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენთან სხვა მთავრობა იყო და იმედი მომეცა, რომ ეს საფუძველი გახდებოდა იმისთვის, რომ ჭკვიანურად განვითარდებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობა, არა დათმობით, არამედ ჭკვიანურად. ჩავთვალე, რომ მე, ქართველი, რომელთანაც უნდოდათ შეხვედრა, უნდა ჩავსულიყავი. მე ხომ პუტინს არ მივუწვევივარ? ამის შემდეგ იყო გასტროლები იაპონიაში, სადაც პეტერბურგის ორკესტრთან ერთად გამოვდიოდი. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ უკეთესი იქნება, მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი კეთილი ნება. მაინც მგონია, ყველაფერში მთავარია ფორმა. შენ თუ ჩადიხარ და პუტინთან ერთად ზიხარ და ამისთვის ფულს გიხდიან, ეს სულ სხვა რამეა. როდესაც იქ ატარებ კონცერტს, მონაწილეობ ფესტივალში და ამას არ ასდის გადაბირების სუნი, მიმაჩნია, რომ არტისტი აუცილებლად უნდა წავიდეს. მე არ მაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ მჭირდებოდეს რუსეთში წასვლა ფინანსური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძირითადი გასტროლები სულ სხვა ქვეყნებში მაქვს.
- მაგრამ რუსული ტანკები ხომ დღემდე დგანან ჩვენს ქვეყანაში? და არაფერი შეცვლილა?
- დიახ, არაფერი შეცვლილა. უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ. მე შეშფოთებული და გაკვირვებული ვარ ამის და არამხოლოდ ამის გამო. ის იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა, მთლად არ ჩამიქრა, მაგრამ ალი საკმაოდ განელდა. ახლა არ მინდა ზედმეტი რამის თქმა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ ვითომმოლოდინის რეჟიმში ვართ. მაგრამ მოლოდინი იმედს კლავს.
- იგივე ხომ არ შეიძლება ითქვას სოჭის ოლიმპიადაზე, რომელშიც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. შეიძლება, რომმათი წასვლა ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი იყოს?
- იცით, რა არის? აქ არის რამდენიმე მომენტი, თუ ჩვენ არ მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას და მთელი მსოფლიო მიიღებს, ეს უფრო მეტად იქნება შეურაცხმყოფელი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ძალიან არასწორი კანონები მოქმედებს, ოლიმპიადაზე უარი არავის უთქვამს. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოჭში ჩასვლაზე უარი განაცხადეს, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მათი სპორტსმენები მაინც მონაწილეობენ. ოლიმპიური თამაშები პოლიტიკაა. თუკი ჩვენს მთავრობასა და სახელმწიფოს აქვს გათვლილი, რომ ქართული სპორტული დელეგაციის იქ ჩასვლა, რაიმე სასიკეთოს მოიტანს საქართველოსთვის, კი ბატონო, მაშინ ჩავიდნენ, ყოველ შემთხვევაში სოჭში ქართველი სპორტსმენების წასვლაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ.
- თქვენი აზრით, რატომ აკლია ჩვენს საზოგადოებას ერთიანობა? გიგრძნიათ, რომ, როცა ქვეყანას უჭირს, საზოგადოებისრაღაც ნაწილი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს?
- სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი კონფორმიზმითაა შეპყრობილი. ალბათ, ეს ყოველთვის ასე იქნება. ქართველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საქმის კეთებისას ყოველთვის იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე და არა იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება. მე არ ვიცი, სად ვეძებო ამის ახსნა _ ისტორიაში თუ სხვა რამეში.
- მაგრამ მაინც ხომ მოვიდა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე?
- მოვედით, მოვჩანჩალდით. ისეთი ქვეყნები მოვიდნენ დღემდე, სადაც ბარბაროსული კანონები მოქმედებს. ისინიც მოვიდნენ, მერე რა, ჩვენც ოდესღაც გვყავდა დავით აღმაშენებელი, თამარი. ახლა გვყავს თვითკმაყოფილი, მოხამო კონფორმისტები, აბსოლუტურად ყველაფრით კმაყოფილები. მე ახლაც ვხედავ ასეთ დაკმაყოფილებულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი უკვე მიიღეს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ახლა კი დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, წონაშიც მოიმატეს, მათ თავისი უკვე მიიღეს. თავის დროზე იწივლეს, იკივლეს, ზოგმა ცოტა უფრო მეტი, ზოგმა _ ნაკლები. იკივლეს და უკვე კმაყოფილები არიან და ყველაფერი ნორმალურად აქვთ. ის, თუ რა იქნება მომავალში, აღარ აინტერესებთ. დააინტერესებთ, იცით, როდის? როდესაც მათ პიროვნულად შეეხებიან, ან თანამდებობებიდან გადააყენებენ, უკაცრავად, მაგრამ “მობოლტავენ”. მაშინ უკვე შეურაცხყოფილი გამომეტყველებით დაიწყებენ ბრძოლას ვითომდა ქვეყნისთვის. ასეთია, ჩემი აზრით, სამწუხარო რეალობა.
- თავის დროზე ოპერის თეატრიდან თქვენი შეხედულებების გამო გაგათავისუფლეს. როგორ ფიქრობთ, ახლანდელიხელისუფლების პირობებშიც იგივე ხომ არ ხდება, როდესაც წინა ხელისუფლების მომხრე კულტურის მოღვაწეებითანამდებობებიდან გაათავისუფლეს?
- არ ვიცი, ვინ გაათავისუფლეს. მაგრამ იცით, საქმე რა არის? როდესაც მძიმე სიტუაციაა, როდესაც ხალხს ხოცავენ, არბევენ, და როცა ხელოვანი, რომელიც გარკვეულ თანამდებობას იკავებს, ჩუმადაა და არაფერს ამბობს, ის კოლაბორაციონისტია. როცა ის ადამიანების მოკვლის შემდეგ იკიდებს ორდენს, სწორედაც რომ კოლაბორაციონისტია. მიმაჩნია, რომ, როდესაც დამნაშავე მთავრობა შეიცვლება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის ხელმძღვანელობა, რომელიც არაფერს ამბობდა დანაშაულებზე. ჩვენ მხოლოდ კულტურის მოღვაწეები არ ვართ, ჩვენ ვალდებულები ვართ, გამოვხატოთ აზრი, იმისთვის ვართ, რომ ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. თუ ხელოვანი ამას არ აკეთებს, არ უნდა იყოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე (არ ვამბობ, რომ ციხეში უნდა წავიდნენ, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ), უბრალოდ, ისინი მოქმედებდნენ არაადამიანობისა და წვრილკაცობის პრინციპებით, იყვნენ ჩუმად, რადგან ადგილის შენარჩუნება უნდოდათ. ამიტომ მათ თანამდებობები უნდა დატოვონ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთი საქმიანობა არ უნდა გააგრძელონ კულტურის სფეროში. მგონია, რომ პირიქით, ყველაფერი ისევ ისე დარჩა. პროფესიონალიზმს რომ თავი დავანებოთ (ეს უკვე სხვა საკითხია, რადგან იუმორის სფეროში გადავალთ, რომ ვისაუბროთ, რა ხდება დღეს და როგორ ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემს სფეროში), ვხედავ, რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩა. ამ ხალხმა, როგორც ვირთხებმა, გადმოირბინეს აქეთ მხარეს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე შეთანხმებები და გარიგებები ხდება.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ყველაფერს, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა ხდება, ალბათ, ყველაფერს ფინანსური დაინტერესება წყვეტს. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა ხდება რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაში.
- რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნეთ, რა ვითარება დაგხვდათ და რაიმესიახლე თუ არის მოსალოდნელი?
- თეატრში უმძიმესი ვითარება დამხვდა. სანამ სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნებოდი, ჩემთან ქუთაისიდან მოვიდნენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც სურდათ თეატრის გადარჩენა და ფეხზე დაყენება. მათ მთხოვეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში ქართულ ორკესტრებს არ ვდირიჟორობ. გარდა საქართველოს სიმფონიისა, არის ასეთი პატარა ორკესტრი, რომლის დონეც მაკმაყოფილებს. არ ვდირიჟორობ, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა ორკესტრში კატასტროფული დონეა. ჯერ ერთი, არც არავინ მახევს კალთებს და მეორეც, ამით მინდა დავანახო, რომ აუცილებელია ცვლილებები ქართულ საშემსრულებლო საქმიანობაში. მაშინ საინიციატივო ჯგუფს ვუთხარი, რომ, იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ თეატრის გადარჩენა სახელმწიფოს ნება იქნებოდა, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა ის, რასაც მე ვითხოვდი. შევადგინეთ უზარმაზარი და არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინებას შეუწყობდა ხელს, არამედ მთლიანად დარგის გადარჩენას. ეს, რა თქმა უნდა, ღირს თანხა, მაგრამ ეს სასაცილო თანხაა იმასთან შედარებით რა შედეგსაც მივიღებთ, არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში. ამასობაში საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსში მივიღე მონაწილეობა. როდესაც წარმოვადგინე პროექტი, ჩავწერე, რომ გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებისთვის მინდოდა. ამით აღვნიშნე, რომ ნუ ამირჩევთ, თუკი ვერ გააკეთებთ იმას, რასაც მე ვითხოვ. ჯერჯერობით არაფერი ხდება. მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პერსონასთან, დამპირდნენ მხარდაჭერას, რადგან ყველა აღფრთოვანდა ამ პროექტით. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ კი ყველას ყველაფერი დაავიწყდა. თეატრში აბსოლუტურად არაფერი ხდება. ჩავდივარ ქუთაისში, სადაც 250-იანი კოლექტივი შემომყურებს იმედის თვალით, გავაკეთეთ რამდენიმე სპექტაკლი, იმ საშუალებებით, რაც ხელთ გვქონდა, სპექტაკლებს არანორმალური წარმატება აქვთ, უამრავი მაყურებელი ესწრება, და მინდა ვთქვა, რომ ქუთაისში ყველაზე კარგი მსმენელია. მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე ვდგავარ, ამ წუთას მოტყუებულ და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ვიმყოფები, ველოდები კიდევ ერთ შეხვედრას. თუ არაფერი შეიცვალა და იგივე სამარცხვინო და სასაცილო ბიუჯეტი დარჩა, მოვაწყობ ძალიან დიდ პრესკონფერენციას, სადაც გაცილებით ვრცლად, ვიდრე ახლა თქვენ გეუბნებით, ვისაუბრებ ყველაფერზე. სხვაგვარად ვერ შევძლებ იქ ყოფნას, რადგან მე მაქვს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, თავმოყვარეობაზეც მოქმედებს ეს მომენტი. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ, ცუდად ჟღერს, მაგრამ, როდესაც ჩემი რანგის პროფესიონალს არ უსმენენ და ხელს არ უწყობენ, რომ თავისი ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს, მით უფრო, როდესაც ამ ადამიანს აბსოლუტურად არაფერი სჭირდება აქ, მაშინ რა უნდა ვქნა?