თბილისში, ჯერჯერობით, სუნთქვა შეიძლება

თბილისში, ჯერჯერობით, სუნთქვა შეიძლება

ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია. თუმცა რა ხდება საქართველოს სხვა ქალაქებში, ამის სრულყოფილად გაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გამზომი შესაბამისი სადგურების ყველა რაიონში დამონტაჟება. ამდენად, გარემოს დაბინძურების შესახებ სურათი მხოლოდ ნაწილობრივია.

For.ge-სთან საუბარში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ გარდა იმისა, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სადგურები ამოწმებს, არსებობს სხვა წერტილიებიც, სადაც კატასტროფული ვითარებაა.

თბილისზე რომ არაფერი ვთქვათ, ზესტაფონის რაიონი განადგურებულია ფეროშენადნობთა ქარხნით. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური გამოკვლევაც მიეძღვნა, თუ როგორ მოქმედებს ფეროშენადნობთა გამონაბოლქვი ადამიანის სიცოცხლეზე. რეალურად, ამას ჰქვია ეკოლოგიური კატასტროფა, რადგან ზესტაფონის და მიმდებარე რაიონის მოსახლეობა უკვე დაავადებულია ფეროს საშუალებით. ფეროშენადნობთა წარმოებასთან დაკავშირებით კი პარლამენტში დიდი დაპირისპირებაა.

მისი თქმით, მძიმე მდგომარეობა იყო კასპში, სადაც ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვის გამო მთელი ტერიტორია იყო მოთხვრილი. ხეები, მინდვრები თეთრი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ გერმანელები („ჰაიდელბერგ ცემენტი“) მივიდნენ, მათ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხალხმა, იქ ფილტრები დააყენეს და ვითარება გაუმჯობესდა.

სამრეწველო თვალსაზრისით, რუსთავი, კომუნისტების პერიოდთან შედარებით, უფრო ნორმალურ სიტუაციაშია, რადგან მეტალურგიული ქარხანა ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, თუმცა იქ პატარ-პატარა ცემენტის ქარხნები მაინც აბინძურებს ტერიტორიას.

დეპუტატი აცხადებს, რომ ქუთაისთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს, მაგრამ მანქანების მოძრაობის ინტენსიობა იქ, თბილისთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. ბათუმთან დაკავშირებით კი, კლიმატური თვალსაზრისით, ამ ქალაქს იმის უნარი გააჩნია, გაწმინდოს თავისი ტერიტორია. ბათუმში ხშირად მოდის ატმოსფერული ნალექი და წვიმების საშუალებით ირეცხება.

რაც შეეხება თბილისს, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, აქ კატასტროფული ვითარებაა. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისთან დაახლოებული რაიონებიდან, ადამიანები ჩამოდიან საშოვარზე, „ტაქსაობენ“ და ამის ხარჯზე ფანტასტიკურად იზრდება ავტოტრანსპორტის რაოდენობა თბილისში, რაც თბილისს აბინძურებს. იქ არის ნივთიერებები, რომლებიც არ იზომება, მაგრამ გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ის ნივთიერებები, რომლებიც იზომება. მაგალითად - ბენზოპირენი. მისი კონცენტრაცია ძალიან დაბალია გამონაბოლქვში, მაგრამ კანცეროგენული და ონკოლოგიური დაავადების გამომწვევია. გარდა ამისა, საქართველოში შემოყვანილი მანქანების დიდ ნაწილს არ აქვს კატალიზატორი, რომელიც გამონაბოლქვისგან წმენდს აირებს და მის ტოქსიკურობას ამცირებს. მას აცლიან მანქანებს და ბაზარზე 60-დან 80 ლარამდე ყიდიან.

„ქალაქის მერიამ გაანადგურა თბილისის მწვანე ნარგავები და მრავალწლიანი ხეები. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, 18 ათას ძირ ხეზე გაცემულია მოჭრის ნებართვა. 9-10 წლის წინ ცნობილი იყო თბილისში რამდენიმე წერტილი, ეს იყო ყოფილი პლეხანოვის გამზირი, მრგვალი ბაღის ტერიტორია და გმირთა მოედანი, რომლებიც ძალიან დაბინძურებული იყო მანქანების კონცენტრაციით. ახლა, სადაც წახვალთ - გარეუბანში თუ ცენტრში, ყველგან საშინელი დაბინძურებაა. თანაც, თბილისი ქვაბულია, მასში ჰაერის განიავება მძიმედ ხდება. პიკის საათებში მუხათგვერდიდან, მთაწმინდიდან რომ გადმოიხედოთ, დაინახავთ, როგორ ბოლშია გახვეული ქალაქი, ონკოლოგიური დაავადები კი გაორმაგებულია. აღარ ვლაპარაკობ სუნთქვით სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე“, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მონიტორინგი ხუთ ქალაქში ტარდება: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი და რუსთავი. თუმცა მონიტორინგის ქსელი ძალიან სუსტია საქართველოში, რადგან საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მოიშალა, ახლა კი პირველი ნაბიჯები იდგმება მისი რეაბილიტაციისთვის.

„ერთი ავტომატური სადგური დაიდგა თბილისში, ვაშლიჯვრის მეტეოსადგურზე, რომელიც გვაძლევს უწყვეტ მონაცემებს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, თბილისში განთავსებულია სამი არაავტომატური სადგური. მრეწველობა ძალიან სუსტად არის თბილისში განვითარებული. შესაბამისად, ავტოტრანსპორტია უმთავრესი დამაბინძურებელი. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ზესტაფონის ფეროდან გამომდინარე, ფიქსირდება მანგანუმის ორჟანგის მაღალი კონცენტრაციები, ასევე, გადაჭარბებები ფიქსირდება როგორც ბათუმში, ისე ქუთაისში. ქუთაისში ჯიხური განთავსებულია მთავარი ტრასის პირას და ფიქსირდება ინტენსიური გამონაბოლქვი ავტოტრანსპორტის აქტიური მოძრაობის გამო, რომელიც აკავშირებს დასავლეთს აღმოსავლეთთან. ძალიან სუსტია მონიტორინგი ქუთაისშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც და ზესტაფონშიც, სადაც თითო სადგური დგას და რა მდგომარეობაა ამ ქალაქების სხვა უბნებში, ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. თუმცა წლის ბოლოსთვის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გეგმა მზად იქნება“, - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში სულ სხვა ვითარება იყო, მრეწველობა გაცილებით დიდი წილით იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, მონიტორინგის ქსელი გაცილებით უფრო განვითარებული იყო და ქალაქის ინდუსტრიულ ნაწილებში სხვა ტიპის ჯიხურები იდგა და დამაბინძურებლებს ზომავდა. მაგალითად, თბილისში იზომებოდა მძიმე მეტალები. თუმცა საბჭოთა მეთოდოლოგიით საგანგაშოდ ითვლებოდა ხუთჯერადი და მეტი გადაჭარბება ჰაერში, ათჯერად თუ გაადააჭარბებდა, განსაკუთრებით საგანგაშოდ ითვლებოდა. ორჯერადი და სამჯერადი გადაჭარბება, რაც დღეს ფიქსირდება ქალაქში, საგანგაშო მაჩვენებლად არ ითვლებოდა. ახლანდელი მიდგომა კი სხვანაირია.

„იქ, სადაც ჰაერს ვზომავთ, ვიცით, რომ ესა თუ ის გადაჭარბება ფიქსირდება. თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გადაკვეთაზე, მოსკოვის პროსპექტზე და წერეთლის გამზირზე გადაჭარბებები ფიქსირდება, ხოლო ვაშლიჯვრის ასახვევთან დამონტაჟებულ ყველაზე სანდო ქალაქის ფონურ ავტომატურ სადგურზე, საბედნიეროდ, დაბინძურება არ ფიქსირდება“.