ორმხრივი შეხვედრების შედეგების შეჯამება (ვიდეო)

ორმხრივი შეხვედრების შედეგების შეჯამება (ვიდეო)

მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ორხმრივ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგები შეაჯამა. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საინტერესო და საქმიანი შეხვედრების გამო. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტ ულრიხ გრილოსთან შეხვედრას. მისი თქმით, წამყვანი გერმანული ბიზნესის პრეზიდენტი ქართული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგები ასევე, შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მან ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება: „ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი თემა დიდი ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტი იყო, ასევე ის შანსები, რომელიც  საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს აქვთ, რათა სოლიდური ნაბიჯები გადავდგათ წინ მეტი ინტეგრაციისკენ. ვისაუბრეთ, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს საქართველოს დღეს, ასევე საქართველოს შეერთებას სწრაფი რეაგირების ძალებში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სამხედროების ინტეგრაცია -  ეს პოლიტიკურ დაახლოებასა და საქართველოსა და ნატოს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციას მოიტანს“.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა დღეს დაგეგმილ სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა." მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესეო დისკუსიაში პრემიერი საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.