დღეს, მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საერთაშორისო და დამოუკიდებელ ფორუმში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის წევრები - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იღებენ.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა."
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ:
„დღევანდელ ფორუმზე საქართველოს დელეგაციასა და პრემიერ-მინისტრს რომ საშუალება აქვს ისაუბროს ჩვენი უსაფრთხოების შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია რეგიონში - კავკასიაში, რუსეთთან ურთიერთობაზე - ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ლიდერები, ანალიტიკოსები სწორედ აქ ჩამოდიან და მსოფლიოში განსახილველ საკითხებზე საუბრობენ. საქართველოს თემა რომ მოხვდა აქ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციას აქვს დაგეგმილი ასევე, ძალიან წარმატებული იქნება“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.