საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები იყვნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან სეირან ოჰანიანთან, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ტონოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ენრიკო აპრიამოვთან.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ვიზიტისას ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომლითაც გათვალისწინებულია გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: სამხედრო განათლება, სტრატეგიული დაგეგმვა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, რეზერვი და მობილიზაცია, სამხედრო პოლიცია.