ვინ ატვირთა სკანდალური ვიდეო

ვინ ატვირთა სკანდალური ვიდეო

„ვანო მერაბიშვილი მკვლელი“, - ამ სათაურით ვიდეო youtube-ზე აპოლონ ოსმან-ის სახელით დარეგისტრირებულმა ავტორმა გაავრცელა. ამ დრომდე აღნიშნულ ავტორს youtube-ზე მხოლოდ ეს ვიდეო აქვს ატვირთული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის აპოლონ ოსმანი და საიდან მოხდა ვიდეოს ატვირთვა. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური ვიდეოს ავტორი ატვირთვამდე რამდენიმე წუთით ადრეა დარეგისტრირებული.

თუ ვინ ატვირთა სკანდალური ვიდეო, ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, გავრცელებული კადრებიდან უდავოა, რომ ის გავრცელებულია პროკურატურის მიერ, შსს-სა და მთავრობის დავალებით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მუხროვანის ე.წ. სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრების შსს-ში არსებობას გამორიცხავს, რასაც ამ ვიდეოს, როგორც მნიშვნელოვანი სამხილის, არსებობით ხსნის.

„ამ კადრებში ისეთი კარგი სამხილია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომლის მიმართაც ბრალის დამტკიცება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. გაუგებარია, რატომ დამალავდა შს სამინისტრო ამ კადრებს დღემდე, რაში სჭირდებოდა ეს მაშინ, როდესაც ყველაფერთან შედარებით, ეს უსერიოზულესი ბრალდებაა – შეკვეთილი მკვლელობა. თანაც, ამ კადრებში არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ შემსრულებლების და თანამონაწილეების შესახებ ინფორმაციაც იკვეთება. ბევრი თემებია, რომელიც გამოძიების თუ ბრალის წაყენების და დამძიმების სერიოზული საფუძველია ადამიანების მიმართ“, - აცხადებს მანანა კობახიძე For.ge-სთან საუბარში.

მისი აზრით, როცა პირდაპირ შეკვეთილ მკვლელობაზეა საუბარი, ეს ფირი გედოს და ამ დროს ფინანსურ დანაშაულს ედავებოდე ვანო მერაბიშვილს, ეს აბსოლუტურად ალოგიკურია.

ამასთან, ადასტურებს, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, სად ინახებოდა და ვინ გაავრცელა კადრები, ხოლო ჰიპოთეზების დონეზე შეიძლება ყველაფერი ვიფიქროთ, რომ კადრები თურმე ახალაიამ, ან შს სამინისტროს ძველმა კადრებმა განათავსეს. თუმცა, ამ საქმეს გამოძიება სჭირდება.

ჩვენ დავინტერესდით, მოსალოდნელია თუ არა მომავალშიც ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი სამხილების ინტერნეტში ატვირთვა, რაზეც მანანა კობახიძემ განმარტა, რომ ყველაფერია მოსალოდნელია, რადგან ნაციონალების უფლებამოსილი პირები ასეთ ჩანაწერებს ღიად თუ ფარულად თვითონვე აკეთებდნენ და უცხო ამას ვერ გადაიღებდა. ეს კადრები კი სჭირდებოდათ ვიღაცის დასაშანტაჟებლად, დასაწიოკებლად, ფულის გამოსაძალად თუ პოლიტიკური მიზნებისთვის. ამდენად, ერთი ჩანაწერი თუ არსებობს, გამორიცხული არაა, მისი ასლებიც არსებობდეს და გამრავლებული იყოს.

„მაშინვე, როცა შსს-ს მიერ ფარული ჩანაწერები განადგურდა, დაფიქსირდა აზრი, რომ მათი განადგურება არ ნიშნავს ამ ჩანაწერების ბუნებაში არარსებობას. კოპირების გაკეთება პრობლემა არაა დღეს და ათას კომპიუტერსა თუ ფლეშზე შეიძლება იყოს შენახული. ამიტომ ვერავინ იტყვის, ხვალ რა გაჩნდება ინტერნეტსივრცეში და ვინ რისთვის გამოიყენებს ამ ჩანაწერებს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შეიძლობა, ეს კონკრეტული კადრები შს სამინისტროს დახმარებით გავრცელებული არ იყოს, თუმცა მათ უნდა ჩაატარონ გამოძიება ამ საკითხზე. თორემ იმის უარყოფა, რომ შს სამინისტროს სუს-ის დეპარტამენტი ამ კადრებით ვაჭრობს, სრული უაზრობაა.

„გასაგებია, რომ ძირითადი დანაშაულია ის, რასაც ლაპარაკობს ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ის, რომ ხდება უკანონო კადრების ცირკულირება, ცალკე დანაშაულია და ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენ ვიცით კახა კახიშვილის, ეკა გიგაურის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებთ და ვიცით ის რეალობაც, რომ შს სამინისტრომ უარი თქვა გამოეძიებინა ამ ფარული ჩანაწერების დამზადებისა და შემდგომში გავრცელების თუ გადაცემის პროცესი. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამის გამოძიება მათ ინტერსს ეწინააღმდეგება, რადგან თვითონაც ჩართულნი არიან ამ უკანონო პრიცესში“, - აღნიშნა კახა კუკავამ და აქვე, არ გამორიცხა ნანა კაკაბაძის ვერსია, რომ ნაციონალებმა ერთმანეთს კომპრომატები დაუდეს. იგი ფიქრობს, რომ კადრების ომი უკვე მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც მოსალოდნელია. ასე რომ, მორიგი კადრები კიდევ შეიძლება დაიდოს.

„ეს საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, ამ კადრებზე ჩატარდეს გამოძიება. დღევანდელი უუნარო პროკურატურის პირობებში კი, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ“, - ასეთია კახა კუკავას პოზიცია.

„ვფიქრობ, ეს მასალა ინტერნეტში ახალაიების მხრიდან მოხვდა, რადგან უკვე ხელისუფლებაშიც ალაპარაკდნენ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც არსებობს დაპირისპირებული ჯგუფები, ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე.

For.ge-სთან საუბარში იგი განმარტავს, რომ მისი ეჭვით, აღნიშნული ფირი თვითონ შს სამინისტროსაც უნდა ჰქონოდა, რადგან თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ სამინისტროში შესვლისას დახვდა ასეთი მასალებით სავსე ჩემოდნები, უკანონო მოსმენებისა და ჩანაწერების კომპრომატები.

„არ შეიძლება, ეს ვიდეო რიგით ადამიანს დაედო ინტერნეტსივრცეში. ორად-ორი წყარო არსებობს ამისთვის - თვითონ ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა ხელმისაწვდომობა აღნიშნულ მასალასთან და მეორე, ამ მასალის გადამღები ანუ შემქნელი, თავად „ნაციონალიური მოძრაობა“. ვიღაც მესამეს არ შეიძლება ჰქონოდა ეს ფირი. იმის გამო, რომ ნაცბანდებს შორის არსებობს დაპირისპირება, არ გამოვრიცხავ, ერთს მეორის საწინააღმდეგოდ დაედო ეს კადრები“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ჩვენ დავინტერესდით, ახალაიას რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ასეთი მასალის გასაჯაროებისთვის, როცა იგი ამ კადრებში თავადაც ფიგურირებს, რაზეც ნანა კაკაბაძემ განმარტა, რომ კადრებში ახალაია მართლაც ჩანს, თუმცა იგი დანაშაულებრივი ტექსტებით არ გამოდის. ერთადერთი აშკარაა, რომ მერაბიშვილი კოდუასა და ახალაიას დავალებას აძლევს და სასწრაფოდ მოითხოვს ორ გვამს, რასაც პრემიით განსაზღვრავს.

ამასთან, უფლებადამცველი მოელის, რომ მსგავსი კადრები მომავალშიც განთავსდება ინტერნეტში, რადგან დღემდე არ მომხდარა იმ უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის გამოძიება, რისი უამრავი მასალაც გააჩნდა დღევანდელ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, ახალ ხელისუფლებას ის ჯგუფიც არ გამოუვლენია, რომელიც ამ საქმიანობით იყო დაკავებული. ეს მაშინ, როცა ინფორმაცია ამის შესახებ, თუ ვინ აკეთებდა ჩანაწერებს, არ შეიძლება, მათ არ ჰქონოდათ.

ნანა კაკაბაძის აზრით, რამდენიმე ადამიანის დაპატიმრებით შეიძლებოდა დანარჩენებზეც გასულიყვნენ. თუმცა ხელისუფლებას მათი დასჯის ინტერესი არ აქვს, რადგან, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობა ყველაზე მეტ კომპრომატებს სწორედ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აგროვებდა.

თავდაცვისა და შს ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან ახალაიების კავშირს გამორიცხავს.

„მე მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ ეს გამორიცხულია. ასე, ნებისმიერი ადამიანისკენ შეიძლება გაიშვირონ თითი“,– განაცხადა გოგა ონიანმა.

„ნაციონალების“ წევრი დავით დარჩიაშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შს სამინისტროში რომელი კადრები განადგურდა და რომელი არა, თუმცა ფიქრობს, რომ ადამიანები შანტაჟით ცდილობენ ქვეყნის მართვას.

„არ ვიცი, ვიდეო ვინ გაავრცელა და რა გადაინახეს ბალიშის ქვეშ და რას იყენებენ. ეს თეთრი ძაფით ნაკერი რუსული ხელწერაა, დაახლოებით ისეთი, როგორსაც ჟურნალისტებს ასწავლიდა ნუგზარ ფოფხაძე, თუ როგორ უნდა სცადო ოპონენტის გასვრა. შს სამინისტროში შენახული მასალები, ჩემი აზრით, სახელმწიფო საიდუმლოებაა, ნებისმიერ ოპერაციას შინაგანი სტრუქტურები კამერით იღებენ და შემდეგ ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში დარჩიაშვილი.

იმის გასარკვევად, მსგავსი კადრები არსებობს თუ არა შს სამინისტროში, იძიებენ თუ არა ამ მასალებს და კვლავაც მოსალოდნელია თუ არა ინტერნეტში მსგავსი ვიდეოების გავრცელება, ჩვენ შსს- პრესამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ მუხროვანის შესახებ სკანდალურ კადრებს პროკურატურა იძიებს, ხოლო ისინი სხვა ვიდეომასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდნენ.