ნაციონალების ფარული ბიზნესინტერესები

ნაციონალების ფარული ბიზნესინტერესები

ნათესავებზე გაფორმებული კომპანიებიდან გიგა ბოკერიამ 45 000 000, გიგი უგულავამ 13 000 000, გივი თარგამაძემ 85 000 000 ლარიანი მოგება მიიღო  

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდნენ, რომლებიც ხელისუფლებაში ,,ვარდების რევოლუციის’‘ შედეგად მოვიდნენ. ორგანიზაციაში მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კომპანიები გამოავლინა. საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ, რომ ფულის კეთების ყველაზე კარგი და იოლი გზა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნაა. თანამდებობის ამ მიზნით გამოყენება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული კია, მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში, როგორც ჩანს, აპრობირებული მეთოდია. ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა’‘, თავდაპირველად, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გივი თარგამაძის დეკლარაციები შეისწავლეს და მათი ბიზნესინტერესებიც გამოავლინეს, რასაც ,,ვერსია’‘ სრულად გთავაზობთ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტი გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ სხვა მაღალჩინოსანი ნაციონალების ბიზნესკავშირებსაც შეისწავლიან. მომავალში, ორგანიზაცია ახალი ხელისუფლების წევრების ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება და მათ შესაძლო ან სავარაუდო ბიზნესინტერესებსაც შეისწავლის. 
  
 
რას მოითხოვს კანონი თანამდებობის პირებისგან?
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების’‘ თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში’‘ თანამდებობის პირის ქონებრივი და ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირებაა სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან“. ამ მხრივ, თანამდებობის პირის კონსტიტუციურ- სამართლებრივი სტატუსი, ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსისაგან განსხვავდება: ,,კანონი თანამდებობის პირს საგანგებოდ ავალდებულებს, არ გამოიყენოს სამსახურეობრივი მდგომარეობა პირადი ინტერესების სასარგებლოდ და ამით ზიანი არ მიაყენოს საჯარო ინტერესებს. გაერო- ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულია „სახელმწიფო თანამდებობის პირთა ქცევის საერთაშორისო კოდექსი“, რომლის მეოთხე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის პირმა, თანამდებობრივი მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი პირადი ან ოჯახური ან/და ფინანსური სარგებლის მისაღებად. თუმცა ერთია კანონმდებლობისა და საერთაშორისო სავალდებულო წესების მოთხოვნები, მეორე კი ის სინამდვილე, რომელიც საქართველოს მაგალითზე არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი. ამ მოთხოვნათა დარღვევისას, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 2003-2012 წლებში, ქვეყნის მმართველობისა და პოლიტიკოსების ბიზნესში თანამონაწილეობის სტილი ნამდვილად მოითხოვს შესწავლას, შეფასებასა და ანალიზს, რათა საჯარო წესრიგიც დავიცვათ და საზოგადოების მოთხოვნებიც დაკმაყოფილდეს’‘. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ამ მიმართულებით, ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა’‘ მონიტორინგის განხორციელება გადაწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და კანონთან შესაბამისობის დადგენა. შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, საზოგადოება ეტაპობრივად გაეცნობა შედეგებს, რომელსაც ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოამზადებს. აღსანიშნავია, რომ ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ისტორიას მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა, 2006 წლის 31 მარტის დადგენილებით, მიიღო გადაწყვეტილება და იმჟამინდელ პარლამენტარს, ვალერი გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა: ,,სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მოგვცა ნიშანდობლივი განმარტებები, რომლითაც აღინიშნა, რომ პარლამენტის წევრის მიერ, სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელება, რაც, ძირითადად, ფარულ ხასიათს ატარებს, თავის შინაარსით, უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდრე ღია და დეკლარირებული კანონდარღვევა, კომპანიაში რომელიმე თანამდებობის დაკავების სახით. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებით კი საზოგადოებაში მნიშვნელოვან დისკუსიას მიეცა დასაბამი. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკით, ერთი მხრივ, დაცულია კანონის მოთხოვნები და მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარირება განსაკუთრებული ვარაუდის საფუძვლებს არ ტოვებს, მეორე მხრივ, იმავე საჯარო მოხელეებს, საკუთარი ბიზნესინტერესები გადანაწილებული აქვთ ოჯახის ან/და ახლობლების სახელზე. მოქმედი საჯარო მოხელეების თანამდებობრივი მდგომარეობა გამოიყენება კანონის ირიბი დარღვევით, პირადი და ოჯახური ფინანსური სარგებლის მისაღებად’‘.

გიგა ბოკერიას ბიზნესინტერესები
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება, მათ შორის, ბინა პეკინის გამზირზე, ხოლო მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა BMW 120. გიგა ბოკერიას არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები, ხოლო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, ხელფასის სახით მიღებული აქვს 85 790 ლარი, მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს კი ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან _ 132 000 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნული ჟურნალის აქციონერია. დეკლარაციის მიხედვით, სესხის სახით, გიგა ბოკერიას აღებული აქვს 27 000 ლარი, მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს _ 52 500 ლარი. მასვე ეკუთვნის კიდევ ორი სასესხო ვალდებულება, ერთგან _ 23 500 ლარის, ხოლო მეორეგან – 25 000 ლარის ოდენობით. თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში, საბანკო ანგარიშზეა 119 000 ევრო, ხოლო საქართველოს ბანკებში შემდეგი ფულადი დანაზოგი: 1 403 აშშ დოლარი _ თიბისი ბანკში და 6 681 ლარი _ ლიბერთი ბანკში. თავად გიგა ბოკერიას ანგარიშზე, თიბისი ბანკში 7 799 ლარი ირიცხება. მონიტორინგის განხორციელების პროცესში, ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა’‘ ყურადღება მიაპყრეს გიგა ბოკერიას ოჯახის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობას და გაარკვიეს, რომ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს, არსებული მასალების მიხედვით, 45 00 000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ფარული ბიზნეს- ინტერესები უნდა დავინახოთ მამის, მეუღლის, მეუღლის დისა და სიძის ბიზნესსაქმიანობაში. გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია, სამშენებლო ფირმა შპს „ლებოს’‘ 100%-იანი წილის მფლობელია, კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 2 363 606 ლარია. ლევან ბოკერია 20%-იან წილს ფლობს სამშენებლო ფირმა შპს „არქ სტუდიაში“, რომლის ერთობლივი შემოსავალი 26 523 662 ლარია. მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლის და, რუსუდან ჩერგოლეიშვილი სარემონტო ფირმა შპს „ოლივდიზაინის“ დამფუძნებელია, რომელიც კომპანიაში 50%- იან წილს ფლობს. კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 14 621 734 ლარია. რუსუდან ჩერგოლეიშვილი 50%-იან წილს ფლობს შპს „ახალი გალერეაში’‘, რომლის ერთობლივი შემოსავალი 161 474 ლარია. რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლე, კახაბერ ნინუა შპს „გალფ რეისინგის“ დამფუძნებელია, რომლის ერთობლივი შემოსავალია 324 487 ლარი, სადაც 100%-იან წილს ფლობს. ააიპ „სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილი მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდი ,,თანადგომის’‘ დამფუძნებელიც კახაბერ ნინუაა, რომლის ერთობლივი შემოსავალი 1 552 873 ლარი იყო. ამ კომპანიის ლიკვიდაცია 2012 წლის აპრილში განხორციელდა. 2011 წლის 8 დეკემბერს, კახაბერ ნინუამ 3 025 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი შეიძინა წყნეთში. 2011 წლის სექტემბერში კი 1 000 კვ.მ სასოფლოსამეურნეო ნაკვეთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. ორივე ნაკვეთის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.     
                 
გიგი უგულავას ბიზნესინტერესები                          
უფლებაშეჩერებულ თბილისის მერს, გიგი უგულავას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 19 350 ლარი ირიცხება, საქართველოს ბანკში’_ 1 300 ლარი. მეუღლის, ლელა კილაძის ანგარიშზე, ამავე ბანკში, 2 000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, ნაღდი ფულის სახით, ლელა კილაძე 4 000 ლარს, გიორგი უგულავა _ 5 000 ლარს ფლობს. გიგი უგულავას, თბილისის მერიიდან მიღებული აქვს 95 400 ლარი, ხოლო ლელა კილაძეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა, მიღებული აქვს 49 450 ლარი. დეკლარაციით მტკიცდება, რომ გიგი უგულავას 20 000 ლარის სასესხო ვალდებულება აქვს საქართველოს ბანკში და 50 000 ლარის ოვერდრაფტი. უგულავას გასავალია შვილების სწავლის საფასური _ 5 555 ლარისა და 1 914 ლარის ოდენობით. მონიტორინგის შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხვა კავშირებიც გამოავლინა. კერძოდ, გიგი უგულავასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ფირმების საერთო შემოსავალი 13 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო ოჯახის ბიზნესინტერესები იკვეთება კომპანიებში: ,,მანი’‘, ,,ჯეოლენდი’‘, „თ.ფ“, „ლთ ჯგუფი“. ამ კომპანიების უმეტესობას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები. მათი დამფუძნებლები და მეწილეები ფლობენ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გიგი უგულავას სიდედრი, ნინა კილაძე 50%-იან წილს ფლობს შპს „მანი“- ში. კომპანიის საქმიანობის სფეროა გაჯის წარმოება, ერთობლივი შემოსავალი კი 3 000 000 ლარზე მეტია. ფირმის სახელზეა 10 569 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 1 943 კვ.მ ფართობის შენობა- ნაგებობით გარდაბანში, სოფ კრწანისში. ნინა კილაძის საკუთრებაშია 37 კვ.მ ფართობის ბინა წყნეთის გზატკეცილზე, #16-18 სახლების ადგილზე, რომელიც 2011 წლის 26 დეკემბერს, შვილმა, ლელა კილაძემ აჩუქა. ნინა კილაძის საკუთრებაშია 451 კვ.მ ფართობის მიწა ხაშურში, მაიაკოვსკის ქუჩა #3-ში, რომელიც ნინა კილაძეს, 2010 წლის 14 იანვარს, ლეილა ბარბაქაძემ აჩუქა. გიგი უგულავას ქვისლმა, გიორგი ღონიაშვილმა, 2012 წლის 26 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 50 000 აშშ დოლარად შეიძინა 4 245 კვ.მ ფართობის მიწა სოფელ ტაბახმელაში. 2012 წლის 30 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 6 000 აშშ დოლარად, 571 კვ.მ ფართობის მიწა ისევ ტაბახმელაში შეიძინა. 2013 წლის 25 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 82 000 აშშ დოლარად გუდაურში, 102 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა. გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა, შპს ,,ჯეოლენდის’‘ 50%-იანი წილის მფლობელია, ერთობლივი შემოსავალი 6 500 000 ლარი. საქმიანობის სფეროა აზომვითი ნახაზების წარმოება. „ჯეოლენდმა“ 38 სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ტენდერების საერთო ღირებულება კი 685 864 ლარი იყო. ერთ პირთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოს მასთან დადებული აქვს 114 ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 131 843 ლარი იყო. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით, კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბეწეში მდებარე 8000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა. 2006 წლის 8 მაისს, 113 კვ.მ ფართობი, ხოლო 2006 წლის 8 დეკემბერს, 87 კვ.მ და 46 კვ.მ ფართი, ერთსა და იმავე მისამართზე, თბილისში, ტელეგრაფის #3-ში შეიძინა. გარდა ამისა, „ჯეოლენდი“ 21%-იანი წილის მფლობელია დაბა ბაკურიანის კვების ობიექტში, რომლის შემოსავალი 500 000 ლარზე მეტია. კომპანია „ჯეოლენდს“ 2012 წლის 19 ოქტომბერს, 213 000 ლარად, სახელმწიფოსგან შეძენილი აქვს 7 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 393 კვ.მ ფართობის შენობა- ნაგებობით, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში. ირაკლი უგულავამ, 2012 წლის 12 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 11 700 აშშ დოლარად 780 კვ.მ ფართობის მიწა სოფელ ტაბახმელაშიც შეიძინა. გიგი უგულავას ბიძა (მამიდის ქმარი), თამაზ გოგიაშვილი 100%-იან წილს ფლობს აქვს შპს „თ.ფ“-ში, რომლის ერთობლივი შემოსავალია 3 000 000 ლარი. კომპანიის საქმიანობაა ფოიერვერკების იმპორტი და რეალიზაცია. გამარჯვებულია 13 სახელმწიფო ტენდერში, საერთო ღირებულებით _ 1 120 529 ლარი. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უგულავას ბიძის კომპანიასთან სახელმწიფომ 28 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამური ღირებულებით _ 192 136 ლარი. შპს ,,თ.ფ’‘ 100%-იან წილს ფლობს აქვს შპს „ლთ ჯგუფში’‘, რომლის ერთობლივი შემოსავალი 631 329 ლარია, საქმიანობა ფოიერვერკებისა და გასანათებელი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია გამარჯვებულია 5 სახელმწიფო ტენდერში, საერთო ღირებულებით _ 193 390 ლარი. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სახელმწიფოს დადებული აქვს 11 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით _ 193 390 ლარი. გიგი უგულავას მეუღლის მამიდამ, რუსუდან კილაძემ, 2012 წლის 19 ოქტომბერს, 465 კვ.მ ფართი, 243 700 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში. გიგი უგულავას მეუღლის ნათესავის, თამაზ გოგიაშვილის ფირმები კი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მერიისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლებიც ფოიერვერკებით მომსახურეობასა და გასანათებელი საშუალებების შეძენას ეხებოდა. გივი თარგამაძის ბიზნესინტერესები ოფიციალური დეკლარაციის თანახმად,
               
გივი თარგამაძის საკუთრებაში
არსებული ქონებაა, 160 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, მოსაშვილის #12-ში, მეუღლის, ნინო მუშკუდიანის სახელზე BMW 5 გრან ტურისმო. პარლამენტის წევრს არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები და თანხა საბანკო ანგარიშზე, მხოლოდ მეუღლის, ნინო მუშკუდიანის სახელზე ირიცხება 5 000 აშშ დოლარი. დეკლარაციაში არ მოიპოვება მონაცემები გივი თარგამაძის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მას მხოლოდ მიღებული აქვს ანაზღაურება საქართველოს პარლამენტიდან წევრობის, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჯამში 61 539 ლარის ოდენობით. ორგანიზაციამ განახორციელა მონიტორინგი და გამოავლინა ის კომპანიები, რომლებიც გივი თარგამაძის სახელს უკავშირდება. კვლევის შედეგად დგინდება, რომ გივი თარგამაძის ოჯახს 85 000 000 ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული. შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპი“ დაფუძნებულია 2003 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, სანაპიროს #14-ში. კომპანიის 15%-იან წილს გივი თარგამაძის ძმა, ზაზა თარგამაძე ფლობს, რომელიც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფირმის საქმიანობის სფერო მშენებლობა და სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. 2005-2012 წლებში, კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 60 000 000 ლარს აჭარბებდა. შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპსა’‘ და შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას’‘ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში მიღებული შემოსავალი 12 840 051 ლარი იყო. კომპანია „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს“, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან’‘ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში მიღებული აქვს 2 324 780 ლარი. „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს’‘, 2010-2013 წლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ეროვნული ბანკისთვის შესრულებული აქვს 22 000 000 ლარის სამუშაოები. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2012 წელს, კახეთში, სტიქიის დროს დაზიანებული სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოებიც ამავე კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც 300 556 ლარი მიიღო. მონიტორინგის წარმოების დროს, ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო კომპანიებმა: შპს „მილკი ვეი“, შპს „ირაო არტი“ და შპს „კალანდა“, რომელთა ხელმძღვანელები და დამფუძნებლები გივი თარგამაძის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები არიან. კერძოდ, შპს „მილკი ვეის“ დამფუძნებელია კონსტანტინე მიქელაძე, რომელიც გივი თარგამაძის მეგობარი და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. ,,მილკი ვეი’‘ 2010 წლის 16 ივლისიდან ფუნქციონირებს, საქმიანობის სფერო ტკბილეულის, რძისა და შოკოლადის ნაწარმის უკრაინიდან საქართველოში იმპორტია. 2010-2013 წლებში, კომპანიის ჯამურმა ბრუნვამ 20 000 000 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება შპს „ირაო არტსა’‘ და შპს „კალანდას“, მათი დამფუძნებელი პარლამენტარის ძმა, ზაზა თარგამაძეა, რომელიც კომპანიაში 30%–იანი წილის მფლობელია. ,,ირაო არტი’‘ 2007 წლიდან, წარმატებით საქმიანობს არქიტექტურის, პროექტირების, რეკონსტრუქციისა და დიზაინის ბაზარზე. 2007-2012 წლებში, საწარმოს ჯამური ბრუნვა 1 350 551 ლარი იყო. შპს „კალანდა“ 2009 წლიდან საქმიანობს, რომლის ჯამური ბრუნვა 1 196 571 ლარი იყო. ,,ვერსია’‘ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს დაუკავშირდა ლომელთაგან მხოლოდ გიგა ბოკერიამ გააკეთა მცირე კომენტარი: ,,ასეთ სასაცილო ამბებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ’‘.