ეროვნულმა ბანკმა პირობა დადო, რომ ლარს უფრო დაბლა არ დასცემს

ეროვნულმა ბანკმა პირობა დადო, რომ ლარს უფრო დაბლა არ დასცემს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარებას ვარაუდობს. როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია. თუმცა რა პერიოდი იგულისხმება „საშუალო ვადაში“, ეს არც ქადაგიძეს დაუკონკრეტებია და საზოგადოდ არც ვინმე ამახვილებს ამაზე ყურადღებას. საუკეთესო შემთხვევაში, ლარი შეიძლება გამყარდეს მარტის დასაწყისიდან, როდესაც ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და ეკონომიკაც ცოტათი გამოცოცხლედება.

ქადაგიძის თქმით, ლარის კურსი მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მასზე, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, გავლენას ახდენს მოლოდინები.

„კურსის მოკლევადიანი პროგნოზი უმადური საქმეა. ეს შეუძლებელიც კი არის. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია, ან ძალიან ახლოს არის ამოწურვასთან, ამიტომ, ვინაიდან მიმდინარე ანგარიშის ფუნდამენტური დისბალანსის პრობლემა არ გვაქვს. საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარებაზე იქნება ზეწოლა“ , - განაცხადა ქადაგიძემ.

მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ლარი იმერყევებს როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით, თუმცა ეს მცირე ამპლიტუდის ტენდენცია იქნება. როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის დასრულებულია.

„ასევე ამოწურულია საგარეო ფაქტორები. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფასებს და ინფლაციას, ჩვენ 12 თებერვალს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც საპროცენტო განაკვეთებზე ვიმსჯელებთ. ჩვენ ახლა ვართ ყველა მონაცემის გაანალიზების ფაზაში. თუ დავინახავთ, ინფლაციური პროგნოზი გადააჭარბებს ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებელს, დავიწყებთ გამკაცრების პოლიტიკას და ინფლაცია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის მერყეობის პროცესის ხელოვნურობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ღიმილისმომგვრელია. „განცხადებები, რომ ლარის კურსის მერყეობა ხელოვნურია და ფისკალური შემოსავლების მობილიზებას ემსახურება, საფუძველს მოკლებული და ღიმილისმომგვრელია“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

რეგიონში ლარი არ არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც დიდ ვარდნას განიცდის. ამ მომენტისთვის უარეს დღეშია თურქული ლირა და რუსული რუბლი. ორივე ქვეყანაში აშშ დოლარსა და ევროზე არანორმალური მოთხოვნაა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ნაციონალური ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად, 2-3 დღის წინ გამართულ საგანგებო სხდომაზე, მკვეთრად გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთები.

ბანკმა საკრედიტო განაკვეთი ოვერნაითი 7,75%-დან 12%-მდე, კვირის „რეპოს“ განაკვეთი 4,5%-დან 10%-მდე, ხოლო „ოვერნაითის“ სადეპოზიტო განაკვეთი 3,5%-დან 8%-მდე გაზარდა.

ეკონომისტები ცენტრალური ბანკისგან ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. REUTERS-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები განაკვეთების 2,25%-იან ზრდას ელოდნენ. ცენტრალური ბანკის მოქმედება განპირობებულია თურქეთში კორუფციული სკანდალისა და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რაოდენობრივი შერბილების პროგრამის შემცირებით გამოწვეული ლირის გაუფასურებით.