შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადღებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა. დარჩენილი 590 დისკი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. ასევე, დაუყოვნებლივ განადგურებას დაექვემდებარა დაზიანებული მასალები. შესაბამისად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მუშაობის პროცესში კომისიამ ვერ მოიპოვა ვერც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, იმისა რომელიც დაადასტურებდა, რომ აღმოჩენილი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის მოპოვება კანონიერად ხდებოდა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სისტემურ დანაშაულს წერტილი დაესვა.
შს მინისტრის თქმით, სამინისტროში არსებული მაკომპრომეტირებელი ფაილების, აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, უმეტესი ნაწილი განადგურდა, მათ შორის - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
„დანარჩენი მასალაები გადაეცა პროკურატურას შემდეგი მოკვლევისათვის. თუ ვინმე მოქალაქეს პირადად გააჩნია მოპარული ან რაიმე სახით ჩაუვარდა ხელში, ურჩევნია სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს. სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ რაიმე ფაილი თუ გავრცელდა", - განაცხადა ალესქანდრე ჭიკაიძემ.
დღესვე ჭიკაიძემ კომისიის ერთობლივი მუშაობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალში აღარ განმეორდება უკანონო მიყურადება-მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ვინც ამგვარ დანაშაულს ჩაიდენს, კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით კი, რომელსაც შს მინისტრმა პირადად გადასცა დისკები. მისი თქმით, ვინაიდან უკანონო არქივის შექმნაში აშკარად არის დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას.
„პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების ამ რამდენიმე ფაქტით გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ წერტილი დავუსვით იმ უმსგავსობის შენახვას ხელისუფლების ხელში, რაც ჩადენილია წინა ხელისუფლების დროს“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„კომისიამ დღეს რამდენიმე რეკომენდაციაც შეიმუშავა. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასალის დიდი ნაწილი გამოძიების დაწყების მიზნით მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნოს, დანარჩენი მასალა კი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავს, განადგურდეს.
კომისიამ ასევე მიიღო რამდენიმე რეკომენდაციაც. კერძოდ, კომისიის რეკომენდაციაა შემუშავდეს სხვადასხვა დაცვის მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცული ნებისმიერი უკანონო მოსმენის, პირადი ცხოვრების სხვა ტიპის ხელყოფისაგან“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო კუთხით სანქციების გამკაცრებაზე. კომისიის ფარგლებში შემუსავდა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი. საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რათა არც ერთ მოხელეს, თუნდაც კერძო პირს, არ გაუჩნდეს მომავალში სურვილი, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, კერძო საუბრის ჩანაწერი თუ სხვა ტიპის მასალა მოიპოვოს უკანონოდ, შეინახოს, გაავრცელოს და გაასაღოს ან უზრუნველყოს გავრცელება.
„თუ ადრე სანქციები იყო თავისუფლების შეზღუდვა ან აღკვეთა, 1, 2, 3, 4 წლით, ჩვენი სანქციები იწყება მინიმუმ ორი წლიდან და ზოგ შემთხვევაში მიდის დამამძიმებელ გარემოებამდე - შვიდ წლამდეც კი, რათა ამ ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და არ მივიღოთ პირადი ცხოვრების დარღვევის საშინელი ფაქტები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, ზვიად ოქროპირიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დისკების უდიდესი ნაწლი, რომელიც ღირებულია გამოძიებისთვის, პროკურატურას გადეცა.
„45 დისკი დაექვემდებარა განადგურებას, აქედან 2 დისკი იყო ინტიმური ხასიათის, რომელიც დამატებით იქნა აღმოჩენილი. ასევე განადგურებას დაქვემდებარა დაზიანებული დისკები, რომელიც არ იხსნებოდა, შეუძლებელი იყო მისი დამუშავება და ღირებული ინფორმაციის მოპოვება. განადგურდა არაიდენტიფიცირებად პირებთან დაკავშირებული კადრები. დარჩენილი 590 დისკი გადაეგზავნა პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით“, - აღნიშნა ზვიად ოქროპირიძემ.
მისივე თქმით, კადრების განადგურებასთან დაკავშირებით კომისიაში ერთსულოვნება იყო. კომისიის წევრი კახი კახიშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს დანაშაულის სასწრაფოდ გამოძიება.
„სახეზეა ორგანიზებული დანაშაული, რომელშიც, წლების განვლობაში ჩართული იყვნენ უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. აქ საუბარი არაა ერთ ან ორ წელზე. წლების განმვალობაში ხდებოდა ადამიანების უკანონო თვალთვალი და მიყურადება, შემდგომი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ მთავარი პროკურატურა ძალიან მოკლე დროში ამცნობს საზოგადოებას გამოძიების შედგებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.