მიწების აზომვის საკითხზე ხაიშელები მესტიის გამგებელსა და მაჟორიტარს შეხვდებიან

მიწების აზომვის საკითხზე ხაიშელები მესტიის გამგებელსა და მაჟორიტარს შეხვდებიან

მესტიის სოფელ ხაიშში მიწების აზომვის საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობა მოლაპარაკებებს მესტიის გამგებელთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გამართავს. შეხვედრა 1-ელ თებერვალს იგეგმება. როგორც for.ge-სთან საუბრისას მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განმარტა, პროცესები ქუჩიდან შენობაში გადაინაცვლებს და შეხვედრა მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებს დაეთმობა.

ხაიშში მიწის აზომვით სამუშაოებს სახელმწიფოსთან შეთანხმებით ხუდონჰესის პროექტზე მომუშავე კომპანია „ტრანსელექტრიკა საქართველო“ აპირებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა იკრიბება და სოფელში მიწის აზომვით სამუშაოებს ამ გზით აპროტესტებს. ხაიშელებმა 29 იანვარს ორი საათით ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობაც შეაფერხეს. მათი პროტესტი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს უკავშირდება. „ხუდონჰესი არ უნდა შენდეს!“- აცხადებენ ხაიშელები და პროექტს სვანურ ფიცს უპირისპირებენ. „ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება!“- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი ადგილობრივებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებენ და ხუდონჰესის პროექტს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად მიიჩნევენ.

„ვერა და ვერ გაათვითცნობიერა ამ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ უკან დამხევები არ ვართ და ეს ამბავი დამთავრებულია. ყველანაირი სახელმწიფო მანქანა აამოქმედეს - ფსიქოლოგიურით დაწყებული, ძალოვანებით დასრულებული, მაგრამ, აქ არაფერი გაჭრის. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, აქ ვრჩებით. დამთავრებულია საუბარი, არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს for.ge-სთან ხაიშის მცხოვრები გოჩა თორდია და განმარტავს, რომ თანასოფლელებთან ერთად საავტომობილო გზის გადაკეტვა ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად სცადა.

„ყურადღების მოქცევა გვინდოდა. მოსულიყვნენ და დაეწყოთ მოლაპარაკება. მოსულიყვნენ და ეთქვათ, კარგი, ვილაპარაკოთ. მოვიდნენ და განაცხადეს თანხმობა საუბარზე და გავხსენით გზა. მოვლენ, დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ“, - ამბობს გოჩა თორდია.

ხუდონჰესის მშენებლობას რეგიონის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

„ხუდონჰესის მშენებლობა რეგიონის განვითარების და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის შემდგომი მდგრადი განითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო პროცესში არც თუ ცოტა ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ადგილობრივი სამშენებლო მასალები. რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ხუდონჰესზე ადამიანები ობიექტის დასრულების შემდეგაც დასაქმდებიან“, - აცხადებს დავით ნარმანია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი განმარტავს, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში საავტომობილო გზის ერთი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე მოექცევა, რის გამოც გზის გადატანა გახდება საჭირო, რაც ინვესტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს.