საქართველო მოქალაქეობას სუროგაციის გზით დაბადებული უცხოელი ბავშვებიც მიიღებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვს მისი გენეტიკური მშობლების მოქალაქეობას სახელმწიფო საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს, ის საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორიც მთავრობაა.
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხები ახლებურად წესრიგდება.
კერძოდ, მთავრობის განმარტებით, „ნიადაგის პრინციპით“ ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის გათვალისწინებითაც, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენცია მოხდება.
ცვლილებებით, ისეთი შემთხვევაა გათვალისწინებული, როცა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვს, გენეტიკური მშობლების სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეობას არ მისცემს.
„საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი - თუ მისი ორივე მშობელის მოქალაქეობის ქვეყანა მას მოქალაქედ არ მიიჩნევს, ის დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს“, - აღნიშნულია კანონის მე-10 მუხლში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით, საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება ბავშვი, რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ის ნორმაც უქმდება, როცა ბავშის მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, აუცილებელია, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირობა.
ამასთანავე, პროექტით შემოღებულია იმ ბავშვის საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრის რეგულაცია, რომლის ერთ-ერთი მშობელი მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისაა. ამ შემთხვევაშიც, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა.
ამას გარდა, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ნოვაციებს ითვალისწინებს. თუ დღეს მოქმედი კანონი, ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქეებად მიღებისთვის სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ტესტირების გათავისუფლების თაობაზე გამონაკლისს არ ითვალისწინებს, კანონპროექტით, მსგავსი ნაკლის მქონე პირები, ტესტირების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან.
ასევე, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტით, იმ დანაშაულთა ჩამონათვალი ფართოვდება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, პირი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს. კერძოდ, ეს დანაშაულებია - ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებული მძიმე დანაშაული.
ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით დაინტერესებული პირი თავისუფლდება ქვეყნის ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესამოწმებელი ტესტირების გავლისაგან. შესაბამისად, მომავალში, მხოლოდ ქართული ენის ცოდნის დონე შემოწმდება.
პროექტით გაუქმებულია, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამო (არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობა.
რაც შეეხება მოქალაქეობის დადგენის საკითხს, ცვლილებებით მოქალაქეობის დასადგენად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, განსხვავებული პირობები განისაზღვრა. კერძოდ, 1993 წელს კანონის სამოქმედოდ მიღების დღისთვის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის ცალ-ცალკე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაბადებული პირები, აღნიშნული პირობებით მოქალაქეობას ვერ დაიდგენენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოქალაქეობა სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შემთხვევაში მიიღონ.
მთავრობის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონი 1993 წელს არის მიღებული და კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება შეიცვალა და ზოგიერთი მუხლი საერთოდ გამოუსადეგარია.
პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიიდან დაიწყება, რომელიც 4 თებერვალს გაიხსნება.