საქართველოში წელს ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა, დადებითი დინამიკაა მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, პურპორდუქტებზე ფასი სტაბილური იქნება, ოღონდ მცირე პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციის მიმართულებით, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღონ.
მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. საიმპორტო გადასახადი 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საიმპორტო გადასახადის შემოღების შედეგად ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო. მისივე თქმით, პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
„ვფიქრობ, პურის ფასთან მიმართებაში დღეს გამოწვევა ფაქტობრივად არ არის. როდესაც განვიხილავთ ამ ბოლო წლის მონაცემებს, რომელიც იმპორტის გადასახადის შემოღების შედეგად მოხდა, იქ ყოველთვის ვამბობთ, რომ საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო ამ გადასახადით ბიუჯეტმა, რომელიც ე.წ. ყულაბასავით არის, რომ დასჭირდეს გამოყენებული იქნება. დღეს-დღეისობით არავითარი გამოწვევა პურის ფასთან მიმართებაში არ არის“, - განაცხადა ლევან სილაგავამ „კომერსანტის დილაში“.
დღეს საქართველოში ხორბალი 50 000 ჰექტარამდე მიწის ფართობზე ითესება. მოსავალმა დაახლოებით 200 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბალი მოთხოვნის 17-20%-ს აკმაყოფილებს. მიზანი კი ამ მონაცემის 40%-მდე გაზრდაა. თუმცა, ეს ჰექტარზე მოსავლიანობის გაზრდით უნდა მოხდეს.
„რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ, ანუ რა არის ჩვენი სამიზნე. სამიზნე არ არის, რომ მთლიანად მოიცვას ანუ 100%-იანი დაკმაყოფილება იყოს. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს არ არის რელევანტური. იმიტომ, რომ რეალურად, მაშინ ყველამ ხორბალი უნდა დათესოს. თავისთავად ცხადია სხვა კულტურები რომელიც უფრო მომგებიანია, ზოგი სხვა სეგმენტშია.
ჩვენი სამიზნე არის, რომ ქვეყანამ თავისი ხორბლის მოსავლით მოხმარების დაკმაყოფილების დაახლოებით 40%-ზე ავიდეს. ჩვენ ვართ, სადღაც 17-20%-ზე ასული. ძირითადი ამოცანა არის ჰექტარზე მოსავლიანობის გაზრდა. დღეს არის დაახლოებით 2,3–2,5 ტონა ერთ ჰექტარზე. საშუალო ევროპულზე რომ ავიდეთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, შესრულებული იქნება ეს ამოცანა“, - განაცხადა სილაგავამ.
ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად ინარჩუნებს ფასს – პურია, მაგრამ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, გაჩნდა ახალი გამოწვევები, რომელიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
„25-30-ათასიანი ჯარიმები მოუვიდათ ქარხნებს დისტრიბუციაში და ეს ძალიან საფიქრალი თემაა. პურს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული პირობები. პური დაბალფასიანი, პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და მოთხოვნისთანავე უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს. თან ჩვენთან სავაჭრო ქსელები არ არის მომზადებული იმისთვის, რომ ჰქონდეს მისაღები ბაქანი ცალკე, არ არის სამწუხაროდ ღამის მიღების საათები და ვაჯარიმოთ ჩვენ პურის მწარმოებელი იმისთვის, რომ პურს აწვდის მაღაზიას, ეს ძალიან საკამათო თემაა“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა შესაბამისმა უწყებამ, ხელი უნდა შეუწყოს პურის მწარმოებლებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ჯარიმები პურის თვითღირებულებაზე არ აისახოს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პურზე ფასი არ აიწიოს. ვეცდებით ასე გავაგრძელოთ, თუმცა უნდა გაიგოს გამგებმა ორგანიზაციებმა, რომლებიც გვემსახურებიან, რომ პურპროდუქტებს უნდა ხელშეწყობა. ამ პროდუქტებს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული წესები და ეს წესები ისევ უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ, რომელმაც დაადსტურა, რომ არც ადგილზე და არც საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და ფქვილი პრობლემა არ შეინიშნება. შესაბამისად, ახალ მოსავლამდე პურპროდუქტების ნედლეულზე ფასი სტაბილური იქნება.