შარშანდელი ბიუჯეტი როგორც მოსალოდნელი იყო, დაახლოებით იმ დონეზე გაირღვა. საშემოსავლო ნაწილში 610-მილიონიანი დეფიციტია. ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ შარშან პრობლემები ნამდვლად იყო, ამიტომაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, ეს გაითვალისწინეს 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც და წელს 42 მილიონით ნაკლები შემოსავლებია დაგეგმილი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტში გარღვევა ეკონომიკის ზრდის შედარებით დაბალ ტემპს უკავშირება. ქვეყანაში დაგეგმილი იყო მშპ-ს 6%-იანი, მატება, საბოლოოდ კი მივიღეთ 3,5%-იანი ზრდა. სხვაობა 2,5%-ია, რომელსაც ბიუჯეტში ამხელა გარღვევა წესით და რიგით არ უნდა გამოეწვია.
„ყველამ ვიცით, რომ ბიუჯეტს დააკლდა 600 მილიონზე მეტი, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა არ გაიზარდა 6%-ით, არამედ 3.5%-ით. შესაბამისად, დამატებითი ღირებულების გადასახადი პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის აქტიურობაზე და ზრდაზე. პარლამენტში განხილვაზე როცა შემოვა 2013 წლის ბიუჯეტის ანგარიში, მაშინ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში უკვე შეიტანა დოკუმენტი, თუმცა მისი განხილვა ჯერ ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მთავრობამ უცებ გაანალიზა შარშანდელი ჩავარდნა და წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმარებისას უფრო ხელმოჭერილი აღმოჩნდა.
მაგალიად, 2014 წელის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, 2013 წლის გეგმასთან შედარებით, 42 მილიონ 700 ათასი ლარით ნაკლებია და 7 მილიარდ 379 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.
როგორც 2014 წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული, ძირითადი წილი შემოსავლებში გადასახადებს უკავია, რომელიც 6 მილიარდ 950 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 მილიონი ლარით აღემატება. სამაგიეროდ, 72 მილიონ 700 ათასი ლარით შემცირებულია გრანტების ნაწილი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის 600-მილიონიანი გარღვევა ადრევე ნავარაუდევი იყო და ნოემბერ-დეკემბერში ყველა შეგუებულიც.
„მოვლენები ზუსტად პროგნოზის მიხედვით განვითარდა. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ არ „შესრულდა“ დაგეგმილი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. საკასო შემოსავლის დანაკლისი, რაც წლის ბოლოს დარჩა - 600 მილიონი ლარია. ეს იყო ნავარაუდევი სპეციალისტების უმეტესობის მიერ.
ბიუჯეტის საკასო შესრულებას კი დააკლდა თანხა, მაგრამ წლის ბოლოს ბიუჯეტს 130 მილიონი ჰქონდა. შესაბამისად, რა დაფინანსებაც იყო დაცულ მუხლებში, შესრულდა, ძირითადად, არ შესრულდა კაპიტალური ხარჯების ნაწილი“, - ამბობს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
ერთადერთი დამამშვიდებელი, რაც წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო, ეს ბოლოს და ბოლოს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი იყო. 2013 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,4%-ს მიღწია, ხოლო 2013 წლის IV კვარტალში საშუალოდ 6,9 პროცენტი შეადგინა. მთლიანად 2013 წელს მშპ-ის წლიურმა რეალურმა ზრდამ „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით 3,1 პროცენტი შეადგინა. მონაცემები მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო დაზუსტდება.