შარშანდლისგან განსხვავებით, თებერვლის პირველი დეკადა საქართველოში ცივი იქნება. აღნიშნული მოვლენა წლის ამ პერიოდისთვის იშვიათია, მაგრამ არ განეკუთვნება ანომალიურ კატეგორიას. მიმდინარე წლის 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო და კავკასიონიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, რაც აცივებას, ნალექს და ზოგან ძლიერ თოვლს გამოიწვევს.
31 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით შესაძლებელია 10 გრადუსით დაეცეს. ამინდის ანალოგიური პირობები თებერვლის თვეში 1970-1990-იან წლებში 5-ჯერ, 2000-იან წლებში 3-ჯერ, ხოლო ახლო წარსულში 2012 წელს დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზების ცენტრის წარმომადგენელი სვეტლანა ნიორაძე For.ge-სთან-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, რაც უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნება. შესაბამისად, ბარშიც და მთაშიც მოთოვს. 1-ელ თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10, -5-მდე, დღისით კი -6, -1 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, მთაში -13, -8, დღისით კი -8, -3 იქნება, ხოლო მაღალ მთაში ღამით -18 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება.
თბილისში 1-ელ თებერვალს მოსალოდნელია თოვლი და ნისლი, (დღისით -4, ღამით -5), 2 თებერვალს ყინვები უფრო გაძლიერდება და თბილისში მინუს 10, ხოლო დღისით მინუს 5 იქნება. ასეთი ვითარება 7-8 თებერვლამდე შენარჩუნდება. ამის შემდეგ შესუსტდება ყინვები და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგადად, 3 თებერვლიდან ძირითადად უნალექო ამინდი იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ასეთ ყინვებს სინოპტიკოსები არ ვარაუდობენ. უფრო მეტიც, მათი თქმით, ზოგადად, თებერვალი, როგორც გაზაფხულის დადგომის მაუწყებელი, შედარებით თბილი იქნება თვის მეორე ნახევრიდან და ცალკეულ დღეებში ტემპერატურა მოიმატებს კიდეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რუსუდან ხუბულავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც კი ამინდის გაუარესების პროგნოზის შესახებ შეიტყვეს, მათი უწყების წარმომადგენლები რეგიონებში მონიტორინგის მიზნით გავიდნენ. მოხდა იმ ბაზების შემოწმება, სადაც განთავსებულია შესაბამისი ტექნიკა და ქვიშა-მარილი, ასევე, ადამიანების მობილიზების დონე შემოწმდა. რუსუდან ხუბულავა განმარტავს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა გზებზე უსაფრთხო მოძრაობისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნას.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზები, ანუ ძირითადად ცენტრალური მაგისტრალები და რაიონულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. ამ გზებზე მდგომარეობის უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა“, - აცხადებს რუსუდან ხუბულავა.